საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სომხეთის საგარეო კურსი საქართველოსთვის კარგი მაგალითია. ამის შესახებ პრემიერმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ალბათ, პრიორიტეტები არ შეიცვლება, მაგრამ ქვეყნები იცვლებიან, ხალხი და საზოგადოება ვითარდება, ისინი ცვლიან პრიორიტეტებს.
„ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტი არის ევროპა. რასაც არ გადავუხვევთ. პარალელურად ჩნდება კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი, აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან და პარალელურად გვქონდეს კარგი ურთიერთობა ნატოსთან?! ჩემი აზრით, ამის კარგი მაგალითი სომხეთია, ის ჩვენ კარგ მაგალითს გვაძლევს. სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ამერიკასთან და ნატოსთანაც, აქედან გამომდინარე, ყველაფერია შესაძლებელი“, - განაცხადა ივანიშვილმა. ამდენად, პრემიერი იმედოვნებს, რომ ამ ყველაფრის შეთავსება შესაძლებელი იქნება.
პრემიერის აღნიშნულმა განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი ოპონენტები ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი რუსულ ორბიტაზე სწრაფვაში დაადანაშაულონ.
ვანო მერაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და პატივს სცემს მის არჩევანს, სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ნატოსთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის განმარტებით, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა საქართველოს მოსახლეობის ნებაა, რომელიც საქართველომ 2008 წლის პლებისციტზე გამოხატა.
საქართველოს საგარეო კურსი რომ არ იცვლება და ქვეყანა კვლავ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, ამას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ადასტურებს. მისი განმარტებით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ საქართველო ყველა სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ცდილობდეს. მისი თქმით, ერთადერთი, რაც პრემიერმა თქვა, არის ის, რომ ჩვენც უნდა ვეცადოთ, გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუსეთთან.
რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ სომხეთის საგარეო კურსი საქართველოსთვის კარგი მაგალითია. ამის შესახებ For. ge ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ, სანამ ამ ფრაზას იტყოდა ბიძინა ივანიშვილი, მანამდე მან აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევანი დასავლურია - ნატო, ევროკავშირი და ა.შ. ამდენად, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია არ შეიცვლება.
„უბრალოდ, პრემიერმა ახსენა, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენ ასევე კარგ ურთიერთობებს დავამყარებთ ჩვენს მეზობლებთან. სომხეთმა ეს შეძლო და ამ კონტექსტში ახსენა სწორედ რუსეთთან ურთიერთობა. რეალურად, დღესდღეობით ან ახლო მომავალში ძალიან მეეჭვება, რომ ამის რეალიზება შესაძლებელი იყოს, მაგრამ ეს არის მაინც პოლიტიკური განაცხადი, გამოხატული სურვილი და მისწრაფება, რომ საქართველოს სურს ნორმალური ურთიერთობა თავის მეზობელ ქვეყნებთან“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჩვეულებრივი დიპლომატიური განცხადებაა და არანაირად არ უკავშირდება საგარეო ორიენტაციის ცვლას. თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის. მით უფრო, რომ საზოგადოება იცვლება და ვითარდება.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს არ არის მარტო ქართულ-რუსული ან საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები, არამედ ეს არის მთელი გლობალური პოლიტიკა, რომელშიც ყველანი მეტ-ნაკლებად ვართ ჩართულნი. ამდენად, პოლიტოლოგი პრემიერის ნათქვამზე „კუდის მობმის ან ვინმეს გაღიზიანების“ ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს. მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება, მიაღწიოს იმავე პოზიციას, რასაც მიაღწია სომხეთმა, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობაში.
„ჯერჯერობით ეს შეუძლებელია, თუმცა დასავლეთთანაც და რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა მისასალმებელია და, თუ ამას მიაღწევს ვინმე, კარგი იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ პრემიერის თქმით, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეიცვლება, თუმცა იმასაც დასძენს, რომ პრემიერმა იქვე განმარტა, საბოლოო ჯამში, ხალხი იცვლებაო. ეს კი ელენე ხოშტარიას აზრით, თავისთავად მოიცავს იმ შესაძლებლობას, რომ მომავალში პრიორიტეტები შეიცვალოს, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის ცუდი მიმანიშნებელი განცხადებაა.
„ივანიშვილმა თქვა, რომ ნატოში ინტეგრაცია განუხრელად უნდა მოხდეს, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - როგორ შევათავსებთ ნატოში ინტეგრაციას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასთან?! ამ კითხვის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად მოიყვანა სომხეთი, რომლისაც თეთრი შურით უნდა გვშურდესო. თუ არ გაკეთდება სხვაგვარი განმარტება, რომელიც ახსნის, რომ პრემიერმა მისი მორიგი სურვილების თუ შეხედულებების არასწორი არტიკულირება მოახდინა, ეს ნიშნავს, რომ სომხეთის მოდელი გულისხმობს რუსეთის უსაფრთხოების გარანტად განსაზღვრას. კერძოდ, ერთიანი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შესვლას, რაც დსთ-ს სამხედრო კომპონენტია და ეს ნიშნავს რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამხედრო კონტროლს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
მისი აზრით, სომხეთის მოდელის მეორე კომპონენტი რუსეთის ჯარების განთავსებაა სომხეთის ტერიტორიაზე. ხოლო მესამე კომპონენტია ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ნატოსთან კარგი ურთიერთობა აქვს მსოფლიოს ძალიან ბევრ სახელმწიფოს, რომლებიც სულაც არ მიილტვიან ამ ქვეყანაში ინტეგრაციისკენ. საქართველოს სტრატეგიული კურსი კი ეფუძნება არა რომელიმე პარტიის სურვილებს, არამედ მთელი საზოგადოების ნებას, რაც სწორედ ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. სომხეთის მოდელი კი ამის საპირისპიროა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიჩვეულნი ვართ პრემიერის მხრიდან თავისი განცხადების მოგვიანებით გამოსწორებას, მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს მორიგი ასეთი შემთხვევა და პრემიერმა განმარტოს, რომ იმ მომენტში არ ახსოვდა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა რუსეთისკენაა მიმართული“, - განმარტავს ელენე ხოშტარია და მიიჩნევს, რომ ეს გზავნილი არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვისაა, არამედ აღნიშნული გზავნილი ძალიან კარგად ესმით რუსებს.
ამდენად, როდესაც ჩვენ რუსეთთან საშიში და ფაქიზი მოლაპარაკების დარეგულირების პროცესში ვიმყოფებით და კარასინი-აბაშიძის შეხვედრას ველით, უნდა გავითვალისწინოთ, ამ განცხადებით რა ბერკეტებს ვაძლევთ რუსეთს.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია სომხეთის სწრაფვის თაობაზე ნატოსკენ. იმის მიუხედავად, რომ სომხეთი მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა პროგრამაში, თავად ის ფაქტი, რომ რუსეთის გავლენა შეუხებელია სომხეთისთვის, ეჭვს არ იწვევს. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, პრაქტიკულად, სომხეთი რუსეთის მიერ შემოთავაზებული სამხედრო დოქტრინის ტყვეობაშია. ამდენად, ექსპერტის აზრით, რამდენად უფრო მიღწევადია სომხეთისთვის ნატოს წევრობა, რუსეთთან ასეთი თბილი ურთიერთობის პირობებში, დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ნატოზე, არამედ რუსეთზეც.
„ნატოსკენ სწრაფვა უფრო დამაჯერებელია მაშინ, როცა ნატოს გარდა არცერთ ქვეყანაზე არ იქნება დამოკიდებული ჩვენი წევრობა ნატოში. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ თავად საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, რაც ასე მკაფიოდ არის გაცხადებული. სომხეთის ნატოში გაწევრიანება კი ძნელად წარმომიდგენია რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის მხარდაჭერის გარეშე. არც იმას გამოვრიცხავ, ისე განვითარდეს პროცესები, თავად რუსეთი აღმოჩნდეს უფრო სწრაფად ნატოს წევრი, ვიდრე სომხეთი ან საქართველო“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, მოახერხებს თუ არა საქართველო ერთდროულად ნატოსკენაც ისწრაფოდეს და რუსეთთანაც შეძლოს დაახლოება, ეს მთლიანად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, რადგან რუსეთისადმი ერთგულების ისეთი ხარისხი, რომელიც გააჩნია დღეს სომხეთის სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ, ცხადია, ასეთი დამოკიდებულება რუსებს არ აქვთ და ვერც ექნებათ.