„ხელისუფლება 2 ნოემბრიდან ე.წ. ლოკდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას გეგმავს“, – ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიცია „გვაფრთხილებს,“ რომ „ქართული ოცნება“ ქალაქების ჩაკეტვას და საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ გამოცხადებას გეგმავს. ხელისუფლება კი ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციურ სპექტრს დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ფაქტია, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მხარეთა შორის დაძაბულობა და დაპირისპირება ახალ ფორმას იძენს.
ისმის ურთიერთბრალდებები და რეალურად სიმართლის დადგენა, რომელი მხარე არის მართალი, ამომრჩევლისთვის რთულია. „ქართული ოცნება“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ „აშინებს“ და აცხადებს, რომ ოპოზიცია „რევოლუციურ სცენარს ამზადებს“. ბრალდებები ისმის ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, - „ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, შემდეგ კი იმისათვის, რომ საპროტესტო გამოსვლები თავიდან აიცილოს, ქვეყნის ჩაკეტვას გეგმავს“.
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, იზრდება კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევები, რასაც ასევე გარკვეული შეფასებები და კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლება კი ამას იმით ხსნის, რომ ქვეყნის მასტაბით მოსახლეობაზე ტესტირება გაფართოვდა, ხოლო პაციენტებისთვის კორონავირუსი, თანმხლები დაავადებებით სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ ამოქმედებას გამორიცხავენ. „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე For.ge-სთან აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება აზრს მოკლებულია და თავის დროზე, საგანგებო მდგომარეობა არც უნდა გაუქმებულიყო.
„რაიმე მკაცრი შეზღუდვები თუ უნდა დაწესებულიყო, ეს არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო. არჩევნების შემდეგ რა აზრი აქვს?! - თუ ვირუსის გავრცელება იქნება, უფრო მეტად არჩევნების დროს მოხდება. თავის დროზე დავაყენე საკითხი, რომ არ იყო სწორი საგანგებო მდგომარეობის გაუქმება. ვფიქრობდი, რომ არჩევნებამდე უნდა გამოცხადებულიყო, ასევე უნდა ყოფილიყო შემოღებული კომენდანტის საათი, მაგრამ ისე, რომ ამ შეზღუდვებით ხელი არ შეშლოდა ბიზნესსა და ეკონომიკას. ამის გაკეთება რთული არ არის. გარკვეული შეზღუდვები უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტვა აღარ უშველის. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდბებს, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ დაძაბონ სიტუაცია და ხალხს არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ“, - განაცხადა რევაზ არველაძე For.ge-სთან.
ექიმი და მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლადო კახაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ გამოცხადება დღის წესრიგში არ დგას და ეს უბრალოდ ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებია, რომელსაც წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ იყენებს.
„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დელეგირება მოვახდინეთ მთავრობაზე იმ უფლებებისა, რომლებსაც კოვიდ-19-დან გამომდინარე ოპერატიული მართვა სჭირდება. (წლის ბოლოს ამოქმედდება). გადაწყვეტილებები შეეხება წერტილოვან დარტყმებს, კონცენტრირებულ ღონისძიებებს თუ სხვა. ეკონომიკის გაჩერება არ იქნება. „ლოკდაუნი“ იმ მნიშვნელობით, რაც ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს, არ იგეგმება.
ჩვენ ეს „ლოკდაუნი“ გამოვიარეთ, გამოვცადეთ და მოვემზადეთ. ვნახეთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია და ვთვლით, რომ „ჩაკეტვა“ არ უნდა მოხდეს. ოპონენტებს აქვთ უფლება, მათ აძლევს შუბლის ძარღვი იმის საშულება, რომ ეს ილაპარაკონ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის მორალური თუ ამორალური ხერხი. თხოვნა მაქვს, რომ ამ „ლოკდაუნის“ თემის გავრცობას ნუ შეეცდებიან, ჩვენ არ ვაპირებთ ჩაკეტვას“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
რეალურად, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, არსებობს თუ არა ქვეყნის ჩაკეტვის აუცილებლობა და ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება შევაფასოთ ხელისუფლების ეს ნაბიჯი, For.ge ექსპერტებს გაესაუბრა.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ექნება ადგილი და ოპოზიცია ჩათვლის, რომ შედეგები გაყალბდა, მოსალოდნელია ხელისუფლებამ ქვეყნის „ჩაკეტვის“ გადაწყვეტილება მიიღოს და ეს ეპიდვითარების გამწვავებით ახსნას.
„იმედი მაქვს 2 ნოემბრიდან შეიცვლება ხელისუფლება და წააგებენ არჩევნებს, მაგრამ თუ ამათმა მართვა ისე გააგრძელეს, როგორც მართავენ, ალბათ, ჩაკეტავენ ქვეყანას. ამჟამად ვერ მართავენ, არ იციან როგორ მართონ. აქ გვჭირდება შესაბამისი პასუხისმგებელი და პროფესიონალი ადამიანები. შესაბამისად, სხვა გამოსავალი არ ექნებათ და მოუწევთ ჩაკეტვა. შემდეგ მოიყვანენ მაგალითად გერმანიას და სხვა ქვეყნებს, რომ იმათმა ჩაკეტეს.
ეს საკითხი შესაძლოა იყოს გამოყენებული არა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არამედ გამოსვლების შესაკავებლად, თუკი მოხდება ძალიან უხეში დარღვევა არჩევნების დროს. ყველაფერია მოსალოდნელი“, - განგვიცხადა ვატო სურგულაძემ.
პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტიძე For.ge-სთან აღნიშნავს, რომ თუკი არჩევნების ლეგიტიმურობა ოპოზიციამ ეჭვის ქვეშ დააყენა, მოსალოდნელია საპროტესტო აქციების დაწყება, რასაც ხელისუფლება „ლოკდაუნის“ გამოცხადებით შეაჩერებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უარყოფს თითქოს არ აპირებს „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, რაც არ შედის მათ გეგმაში, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ რეალურად ამ ხერხს მიმართოს, რადგან მოსალოდნელია საპროტესტო აქციების დაწყება.
თუ ოპოზიციამ ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ არჩევნები გაყალბდა, ასევე თუ საბოლოო შედეგები არ დაემთხვა ეგზიტპოლის მიერ გამოცხადებულ შედეგებს ან საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა არ აღიარეს ეს არჩევნები, როგორც დემოკრატიული, შესაძლოა, ქვეყანა ჩაკეტონ და ამით ხელისუფლება გარკვეულწილად შეეცდება აღკვეთოს გამოსვლები“, - გვითხრა
ჩიტიძემ.