საქართველო-ირანის კავშირები საგანგაშო არ არის

საქართველო-ირანის კავშირები საგანგაშო არ არის

5 დეკემბერს, შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე, მოისმინა ამერიკის მეწარმეობის ინსტიტუტის მკვლევარის მაიკლ რუბინის გამოსვლა სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის შესახებ. რუბინმა დეტალურად აღწერა ირანის ახლო კავშირები სომხეთთან და შეადარა ის თეირანის რთულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ხოლო გამოსვლა დაასრულა მოულოდნელი გაფრთხილებით საქართველოს პოტენციურ თანამშრომლობაზე ირანთან.

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში [პრემიერმინისტრ] ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ გამარჯვება კურსის რადიკალური შეცვლის საფრთხეს უქმნის საქართველოს რესპუბლიკას, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს მტკიცედ პროდასავლური იყო“, აღნიშნა რუბინმა და დასძინა, რომ ივანიშვილის დაპირება მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შესაძლოა წარმოადგენდეს პრელუდიას რუსეთ-ირანი-საქართველოს ღერძის ჩამოყალიბებისთვის. „საქართველოს ურთიერთობების რეორიენტაციას ირანთან შესაძლოა თან ახლდეს მისი გადახრა მოსკოვისკენ.“ ჯერჯერობით, ამ ბრალდების საზარლობის მიუხედავად, რუბინს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ კურსის მსგავსი ცვლა მართლაც გარდაუვალია.

სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ვარაუდი, თითქოს საქართველოს ახლად არჩეული მთავრობა ქვეყანას ირანის ანტიდასავლური საქმიანობისთვის თავშესაფრად აქცევს, დაუსაბუთებელია, ის უყურადღებოდ ტოვებს წინა მთავრობის თანამშრომლობის მცდელობებს თეირანთან. თუმცა, ლეგიტიმურია წუხილი იმის თაობაზე, რომ ირანული ინვესტიციები საქართველოში და მისი შეთანხმებები ამ კავკასიურ რესპუბლიკასთან, ხელს შეუწყობს იმას, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ თავი დააღწიოს იმ ზიანს, რომელიც მას საერთშორისო სანქციების რეჟიმით ადგება.

ივანიშვილის ახალბედა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება სააკაშვილის ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალური მოძრაობაზე“ (ენმ) თითქმის არანაირად არ არის თბილისი-თეირანის რაიმე შესაძლო ალიანსის მაუწყებელი. თუკი საქართველო-ირანის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესდა კიდეც, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო ის, რომელიც ხელძღვანელობდა და მიისწრაფვოდა ამ გაუმჯობესებისკენ ვიდრე ხელისუფლებაში იყო. 2010 წელს, საქართველომ და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ირანის ახალი საკონსულოს გახსნაზე ბათუმში და საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რასაც საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე ირანელი ტურისტების შემოდინება მოჰყვა. ეს ხელშეკრულება სულ რაღაც რამდენიმე თვეში გაფორმდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიესალმა ირანის და თურქეთის შეთანხმებას ბირთვული საწვავის გაცვლაზე, ინციატივას, რომელსაც ჯერ სასტიკად აკრიტიკებდნენ, თუმცა ეს კრიტიკა მალევე შეწყდა. სააკაშვილმა მას „დიპლომატიური გმირობა უწოდა, რომელიც ისტორიაში დარჩება.“

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ირანს და საქართველოს შორის 2006-2011 წლებში ვაჭრობის მოცულობა სამჯერ გაიზარდა. იმავე პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან 25-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, დღემდე ირანის წილი ძალიან მოკრძალებულია საქართველოს ვაჭრობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, დაახლოებით $81 მილიონი ერთგან და $1 მილიონზე ოდნავ მეტი მეორეგან 2011 წელს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ახალ მთავრობას, რომელმაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელად დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არანაირი ნიშანი იმისა, რომ ის ირანის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გაგრძელებას გეგმავს, არ მოუცია. ყოველ შემთხვევაში, გამომდინარე ახალი მთავრობის პრიორიტეტებიდან, რაც საშინაო პრობლემების მოგვარებას უკავშირდება, რაიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ირანი სავარაუდოდ ვერ დაიკავებს შესამჩნევ ადგილს ივანიშვილის დღის წესრიგში. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლოა თბილისის წარსული ურთიერთობებიც ირანთან

უფრო რეგიონალური დინამიკიდან გამომდინარეობდა, ვიდრე ალიანსის შექმნის შეთანხმებული მცდელობებიდან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კორნელი კაკაჩია ამტკიცებს, რომ „საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა ირანის მიმართ ირაციონალური არ არის“. საქართველო-ირანის ურთიერთობების ანალიზში, კაკაჩია ასკვნის, რომ „საქართველოს გონივრული თამაში რეგიონალურ რეალისტურ პოლიტიკაში არ არის არც მისი მთავარი საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლა და არც მის პირველად მიზნებს – [ევროკავშირსა] და ნატოში ინტეგრაციას – არ ეწინააღმდეგება“.

ამის ნაცვლად, ვიდრე საქართველოს კავშირები ირანთან ხელს უწყობს თბილისის საგარეოპოლიტკური პროგრამის დივერსიფიკაციას, ურთიერთობები დიდწილად ბაზრებს და ინვესტიციებს ეხება. მაგალითად, როდესაც რუსეთმა 2006 წელს მოულოდნელად შეწყვიტა ქართულ ბაზარზე ბუნებრივი აირის მიწოდება, ირანი განაგრძობდა თბილისის მომარაგებას მოსკოვის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხრიდან ირანთან ურთიერთობების განვითარება შეიძლება ლოგიკურიც იყოს, და საეჭვოა ის რაიმე უფრო მნიშვნელოვან კავშირებში გადაიზარდოს, საქართველო-ირანის ურთიერთობა მაინც შეიძლება აისახოს შეერთებული შტატების მხრიდან ირანის სადავო ბირთვული პროგრამის შეკავებასთან დაკავშირებულ ძალისხმევაზე. დეკემბრის შუა რიცხვებში სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების ფიანანსთა მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ტერორიზმის დაფინანსებისა და ფინანსური დანაშაულებების საკითხში, ლუკ ბრონინმა, აღნიშნა, რომ საჭიროა სიფრთხილე ირანის გამო, რომელიც მესამე სამყაროს სახელმწიფოების გზით საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

„რადგან ირანი სულ უფრო მზარდი ფინანსური წნეხის ქვეშ ექცევა, ის შეეცდება გამონახოს ახალი ურთიერთობების აწყობის შესაძლებლობები, რათა თავი აარიდოს სანქციებს“, თქვა მან მაშინ. „მნიშვნელოვანია ფინანსური და სხვა ინსტიტუტებისთვის, მათ შორის აქ, საქართველოშიც, ირანთან თანამშრომლობის სერიოზული რისკების გააცნობიერება“.

ნოტრ დამის უნივერისტეტის პოლიტოლოგი და ფინანსური სანქციების სპეციალისტი ჯორჯ ლოპესი აღნიშნავს, რომ ბრონინის წუხილმა შეიძლება გარკვეულწილად იმოქმედოს ირანის ინვესტიციებზე საქართველოში, რომლის გამოყენებასაც ის შესაძლოა იმედოვნებს იმისთვის, რომ გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს.

„სანქციების წნეხის შემსუბუქება იმაში მდგომარეობს, რომ ირანელები შეგნებულად თუ შეუგნებლად და ქართველებთან თანამშრომლობით, შეეცდებიან ცოცხალი ფულის გადმოქაჩვას, [ან] ლეგიტიმური ინვესტიციების გამოყენებას იმ მასალების არალეგიტუმური ნაკადის დაფარვისთვის, რომლებიც სანქციებით არის აკრძალული, და იმაში, რომ ღია სავიზო ურთიერთობა შეიძლება გამოიყენონ მოგზაურობისათვის გარკვეულმა პირებმა და ამ გზით მოიხსნან ის შეზღუდვები, რაც მათზე სანქციებით ვრცელდება“, განმარტავს ლოპესი. „შესაბამისად, იმ დროს, როდესაც დიდი სასტუმროს მშენებლობაში ტურისტებისთვის თავისთავად უკანონო არაფერია, არსებობს შესაძლებლობა, რომ თეირანელი ტურისტები ამას ნაღდი ფულით სავსე ჩანთების ჩამოსატანად გამოიყენებენ, რომელთა გადაადგილებაც ნებისმიერი სხვა გზით შეუძლებელია იმ ირანული პროდუქტების მყიდველების მხრიდან, რომლებიც სანქციების სიაშია“.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ბირთვული კონტრაბანდის რეგიონალური კვანძის რეპუტაცია შეიძინა, ირანული ინვესტიციების უკან ფარული მოტივების არსებობასთან დაკავშირებული ეჭვები, საკმაოდ რეალურია. ყოფილი მთავრობის მხრიდან ირანული ინვესტიციების და ტურისტებისადმი ასეთი კეთილგანწყობის პირობებში კი, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებულმა ლეგიტიმურმა ენთუზიაზმმა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა, რამაც ირანს სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა მისცა.

საქართველო-ირანის ურთიერთობა მართლაც მოითხოვს დეტალურ შესწავლას. 2006 წლიდან საქართველოში ირანის ჩართულობის მასშტაბისა და ტემპის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არსებობს მიზნებთან და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები და შეკითხვები. მაგრამ საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ გამოთქმული პოლიტიკური ეჭვები ყურადღების გადატანის ფუჭი მცდელობაა იმ დროს, როდესაც თანამშრომლობა თბილისს და დასავლეთის დედაქალაქებს შორის უნდა განმტკიცდეს და გაფართოვდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

foreignpress.ge