„ქვეყანაში ორნახევარჯერ შემცირდა ყველა სახის მძიმე დანაშაული“, - ასეთნაირად პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებს, რომ დანაშაულის შემთხვევები გაზრდილია.
ვოლსკის თქმით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ამაღლებულია. ეს ეხება ყველა დანაშაულს, მათ შორის, ოჯახურ დანაშაულს, კიბერდანაშაულს, წვრილმან ქურდობას, რომელიც საერთოდ არ აღირიცხებოდა და ახლა მკაცრი აღრიცხვის ქვეშ მოექცა. თუმცა გია ვოლსკი იქვე დასძენს, რომ ცალკეული მძიმე შემთხვევები ამ სტატისტიკას ვერ შეცვლის.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის აზრით, როდესაც მედიით გაუთავებლად ხდება დანაშაულების გაშუქება, ცხადია, ეს იმგვარ განცდას ქმნის, რომ შესაძლოა, დანაშაული იყოს გაზრდილი, თუმცა მძიმე დანაშაულების სტატისტიკა შემცირებულია. კერძოდ, კახიანის თქმით, მძიმე დანაშაულები, როგორიცაა ყაჩაღობა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012-19 წლებში სამჯერ უფრო ნაკლებად მოხდა, ვიდრე 2003- 2012 წლებში. იგივე ითქმის მკვლელობებთან და მკვლელობის მცდელობასთან მიმართებით. კახიანი ამბობს, რომ ეს სტატისტიკაც 2,5-ჯერ, 3- ჯერაა შემცირებული.
ამის მიუხედავად, ოპოზიცია გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს. სტრატეგია „აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ კრიმინალი ორჯერ გაზრდილია.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ სტატისტიკა არ ვნახეთ, ისე კრიმინალის მასშტაბთან დაკავშირებით საუბარი ძნელია, რადგან შევარდნაძიდან მოყოლებული, შს სამინისტრო ყოველთვის მალავდა მძიმე დანაშაულებს.
„შეიძლება ქურდობა, ბინის ძარცვა დამალონ და არ აღრიცხონ, მაგრამ მძიმე დანაშაულები და ადამიანის ღირსების შემლახავი ქმედებები ყველა აღრიცხულია, უბრალოდ, არ ქვეყნდება არასდროს. ახლა ვოლსკი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე იოლია გამოაქვეყნონ მასალები. თუ ვოლსკი ამბობს, რომ დანაშაული 2,5- ჯერ შემცირდა, მაშინ გამოაქვეყნონ სტატისტიკა. ციხეებში ნამუშევარი ადამიანი ვარ, კარგად ვიცი, როგორ მუშაობენ ძალოვანი სტრუქტურები, ერთი ფაქტიც კი არ იმალება, ყველაფერი აღირიცხება. ამიტომ გამოაქვეყნონ ის სტატისტიკა, რითაც ხელმძღვანელობს შსს, მაშინ არც ვოლსკის ლაპარაკი დაგვჭირდება, არც ოპოზიციის კრიტიკა, ყველაფერი ცხადი იქნება. მაქვს განცდა და ეს ლოგიკას ეფუძნება, რომ, რადგან სიღარიბე გაძლიერდა და ვერ ხდება სიღარიბის მოთოკვა, სიღარიბე ყოველთვის ბადებს კრიმინალს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, ხალხი ღარიბდებოდეს და კრიმინალი მცირდებოდეს, ეს ზღაპარია.
ანალიტიკოსის თქმით, ასეთი რამ არც ამერიკაში არ ხდება, არც შვედეთში. სადაც სიღარიბეა, იქ წვრილმანი თუ მსხვილმანი კრიმინალი იზრდება. ადამიანები იძულებულნი არიან, ვიღაც მოკლან, გაძარცვონ, დააყაჩაღონ, ფული წაართვან. ამიტომ პაატა ზაქარეიშვილს არ სჯერა მმართველი გუნდის წევრების ნათქვამის და ფიქრობს, რომ სიღარიბის ფონზე დანაშაული მატულობს.
სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე ინტერესდება, რამდენი რეზონანსული დანაშაული გახსნა ხელისუფლებამ? მისი აზრით, ასეთი საქმეები გახსნილი არ არის. ამდენად, ის არ იზიარებს გია ვოლსკის აზრს, თითქოს დანაშაული 2,5- ჯერ შემცირებულია.
„ვოლსკი ხომ არ გამოუტანს თავის პარტიას განაჩენს? ის დღეს ლაპარაკობს 9 წლის წინანდელ დანაშაულებზე, მაგრამ ბოლო 8 წლის განმავლობაში რა ხდებოდა? სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს და ვერ ვიტყვით, ორჯერ გაიზარდა დანაშაულის ჩადენის ფაქტები, თუ სამჯერ. თუმცა გაზრდილი რომ არის, ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ნარკოტიკების მოხმარება წინ არის წამოწეული, სადარბაზოებში ყრია ნარკოტიკების მოხმარების საგნები, როგორც ადრე ეყარა, რა მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები, ესეც ცხადია, დაუსაქმებლები არიან ადამიანები, შია ხალხს. განა არ მესმის, რატომ ხდება ეს დანაშაულები? უბრალოდ, ხელისუფლება არ ხედავს ამ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.
მისი თქმით, ტელევიზიით აჩვენეს კიდეც, რომ ვაშლი და კომში მოპარეს გლეხს, რომელიც ამისთვის მთელი წელი მუშაობდა. ეს მაშინ, როცა დუხჭირი შრომა სჭირდება გლეხს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა შეცვლილია ბუნება, უფრო გართულებულია მოსავლის მოყვანა. ასეთ დროს ყუთებით იპარავენ ხილს და ეს იმის გამო ხდება, რომ ვიღაცას შია. ამის დასტურია, რაც ნაგვის ურნებთან ხდება.
„ამაზეც თვალებზე ხელს აგვაფარებენ? ხალხი ნაგვის მანქანებს ასწრებს იმ ურნებთან მისვლას, ურნებთან რიგები დგას, რომ საჭმელი აიღონ. თვალებში ჩახედონ ამ ხალხს, როგორ დატანჯულები დადიან, მაგრამ ეგენი ვერ დაინახავენ, ტრანსპორტით ეგენი არ სარგებლობენ და ქუჩაში არ დადიან. კაბინეტებში კი გაჭირვებულ ხალხს არ იღებენ და, რა თქმა უნდა, იტყვიან, არ არის გაჭირვებულიო, ვერც ხედავენ ვერაფერს, ეგ არის მათი უბედურება. როცა არ გინდა, დაინახო, არც დაინახავ, თორემ ჩვეულებრივი ადამიანები დიდი ხანია ვხედავთ, რომ მეფე შიშველია“, - მიიჩნევს აკია ბარბაქაძე.