აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედების იდეა ჯერ საბოლოოდ არ დასამარებულა. ამჯერადაც მისი წინ წამოწევა საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის ამუშავებას, რიგი პრობლემები მოგვარების შემთხვავში დასაშვებად მიიჩნევს.
„ვფიქრობ შესაძლებელია... როგორც იცით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობელმა არ არსებობს. სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ და დავარეგულიროთ ურთიერთობა რუსეთთან. ყველაზე სერიოზული და ღრმა პრობლემა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა... რაც ასე სწრაფად ვერ მოგავრდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ტიგრან სარქისიანთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერეცნიაზე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, საერთო პრობლემებთან არის დაკავშირებული და მისი განხილვა ამ კონტექსტში მოხდება.
საკუთრივ სომხეთი მეტად დაინტერესებულია აფხაზეთის რკინიგზის გახსნით. ამის შესახებ სააქციო საზოგადოება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ რებეცმა არაერთხელ განაცხადა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა საქართველოს ოფიციალური პირების განხილვის საგანი გახდა და არსებობს რუსეთის პოზიციაც. აუცილებელია დაახლოების პოლიტიკა და საკითხის გადაჭრასაც შევძლებთ“, - აღნიშნა რებეცმა და დასძინა, რომ ტექნიკური პარამეტრების თვალსაზრისით, ამ სარკინიგზო მიმოსვლის გასახსნელად, პრაქტიკულად, არავითარი დაბრკოლება არ არსებობს - ერთი ხიდის გარდა, დანარჩენი ინფრასტრუქტურა კი ნორმალურ მდგომარეობაშია.
აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ამ თვენახვერის წინ წყალი რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაუწურა. არადა, თავად მინისტრი ნოემბრის დასაწყისში აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო, „აფხაზეთის დეიზოლაციის სტრატეგიის“ ფარგლებში რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღედგინა. მაგრამ ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვალა. სოხუმში მიიჩნიეს, რომ რკინიგზა პოლიტიკურ ლიანდაგებზე გადიოდა და „აფხაზეთის დეიზოლაციის“ შესახებ გამონათქვამებში სინამდვილეში იკვეთებოდა თბილისის მისწრაფება, ე.წ. რესპუბლიკაში ქართველი ლტოლვილები დაებრუნებინა.
„ეს თემა თითქმის მაშინვე დაიხურა, რადგან აფხაზეთის მხარემ მის მიმართ ინტერესი არ გამოიჩინა. საკითხი დაიხურა თითქმის ამ იდეის გახმოვანებისთანავე“, - ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა რკინიგზის მომავალი ზაქარეიშვილმა.
როგორც ჩანს, პრემიერი ივანიშვილი თავისი გუნდის წევრს მაინც და მაინც არ ეთანხება. იგი სულაც არ აპირებს რკინიგზის თემა სამუდამოდ დავიწყებას მისცეს. მით უფრო, რომ რეგიონში ბევრია დაინტერესებული ენგურს გაღმა არსებული სარკინიგზო მაგისტრალის გახსნით.
აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი სომხეთში ტვირთზიდვის 90 პროცენტს უზრუნველყოფდა, ამიტომ სომხები ქართულ იდეას ბოლომდე მხარს უჭერენ. სამაგიეროდ, აზერბაიჯანს ამ „სომხური ფანჯრის“ დახურვა თავისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის დამატებითი იზოლაციის საშუალებას აძლევდა. თუმცა, ყველაზე დიდმა კავკასიურმა მოთამაშემ, რუსეთმაც დიდი ზარალი ნახა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გაუქმებით, რადგან რეგიონში თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთთან კავშირის მნიშვნელოვანი არხი დაკარგა. დღეს ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან რუსეთს პირდაპირი მიმოსვლა მხოლოდ აზერბაიჯანთან აქვს. ეს კი, ცხადია, ხელს არ უწყობს რეგიონში მისი ინტერესების განვითარებას.
თუმცა, სოხუმს ყველაფერში სულაც არ აქვს ისეთი პოზიცია, როგორიც მოსკოვს. აფხაზები შიშობენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ლტოლვილების არაკონტროლირებად დაბრუნებას გამოიწვევს, რაც ეთნოდემოგრაფიულ ბალანსს შეცვლის, სამომავლოდ კი აფხაზური ელიტის დომინანტურ მდგომარეობას დაარღვევს. ბევრ აფხაზ პოლიტიკოსსა და საზოგადოების წარმომადგენელს ეშინია, რომ ამ შემთხვევაში სიტუაცია 1992 წლის აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს რკინიგზის ზუგდიდი-გალის სატრანზიტო მონაკვეთის აღდგენის საკითხის ისევ წამოწევა. ეს იდეა თავისი შინაარსით და მნიშვნელობით ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის მოგვარებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად და მისი გადაწყვეტის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება რეგიონალური უსაფრთხოების თემებით და სხვა მრავალი (თუ გნებავთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან მოსალოდნელი გართულებებით), ზოგ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებას, ყველამ თავი დაანებოს და პირველ რიგში, საქართველოს ინტერესები გაითვალისწინოს. არის მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლება, აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის სატრანზიტო მოძრაობის აღდგენის საკითხს (თუკი იგი დღის წესრიგში დადგა), აუცილებლად შეათანხმებს მეზობელ სახელმწიფოებთან“, -აცხადებს ექსპერტი ლევან კიკნაძე.