ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იმ ინიციატივებით გამოდის, რომლებსაც წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მის მთავრობას ოპოზიცია სთავაზობდა. მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე, საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას, ქვეყნის პირველ პირს „ქრისტიან-დემოკრატები“ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და ძალოვანი უწყებების ვეტერანებისთვის კომპენსაციის გადაანგარიშების გაუქმებული მუხლის აღდგენას სთავაზობდნენ, რომელიც მან რეაგირების გარეშე დატოვა და საკითხს სრული იგნორი გაუკეთა. ამჟამად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სამი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება უნდა აიკრძალოს და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ერთჯერადი კომპენსაციის გარდა, პენსია უნდა დაენიშნოს.
აღნიშნულ ინიციატივებს უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე წარადგენს და მსჯელობაც გაზაფხულზე დაიწყება. თუმცა, წინადადებების მიმართ, მმართველი გუნდი უკვე სკეპტიკურად არის განწყობილი.
როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ For.ge-ს განუცხადა, მათ მიერ მომზადებული ცვლილებებით, ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობა გამოყენებული აღარ იქნება.
„ეკონომიკური დანაშაულისთვის ციხისა და სასჯელის ფორმა გამოყენებული აღარ იქნება. თუმცა, სასჯელი მაშინ იქნება გამოყენებული, როცა საქმე ძალიან დიდი ოდენობის ეკონომიკურ დანაშაულს შეეხება. ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილება კარგი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის თუ ქვეყნის შიგნით მყოფი ბიზნესმენებისთვის“, - აცხადებს დეპუტატი.
საკითხზე საუბრისას, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ დეკრიმინალიზაცია ეკონომიკისთვის სტიმულის მიმცემი იქნება და მთავრობა ეკონომიკურ სიახლეებზე თუ არ იფიქრებს, ახალი ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისს შექმნის.
„დროის გამოწვევებზე - ადეკვატურნი უნდა ვიყოთ. ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით. მაშინ, ამნისტია გამოვაცხადეთ და 32 გადასახადის ნაცვლად, ხუთი გადასახადი დავაწესეთ. ამით კი, ბიუჯეტი ათჯერ გაიზარდა და „ოცნებას“ 9 მლრდ. ლარიანი ბიუჯეტი დავახვედრეთ. ეკონომიკას მუდმივი სტიმულიზაცია რომ ჰქონოდა, ინიციატივებით გამოვდიოდით და ბოლო წლებში, 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაც დაფიქსირდა“, - განუცხადა For.ge-ს მაჭავარიანმა.
ოპოზიციონერების განცხადებების პათოსს არ იზიარებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობს და მთვარობას იმ წინადადებას სთავაზობს, რაც საქართველოში საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს.
კანონმდებლის თქმით, ფინანსური სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, მთავრობამ ნაბიჯები უკვე გადადგა.
„საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ჯარიმები ნაწილობრივ შემცირდა. ფინანსთა სამინისტრო კი, ლიბერალურ მიდგომებზე მუშაობას განაგრძობს, რომელიც დავალიანებების მქონე ბიზნესებს გადარჩენის შანსს მისცემს. მრავალი წელი სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ნულოვანი ტოლერანტობა მოქმედებდა, მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე და ათასობით ოჯახი გაუბედურდა, როცა ადამიანები ელემენტარულ დანაშაულზეც ციხეში ხვდებოდნენ. როგორც ჩანს, სააკაშვილი ხვდება, რომ მისი მიდგომები არასწორი და წინააღმდეგობრივი იყო. ის, რასაც დღეს ამბობს – რომ მთლიანად გათავისუფლდეს ყველა ეკონომიკური სუბიექტი ვალდებულებებისგან და ჯარიმებისგან, შეუძლებელია, რადგან ეს საბიუჯეტო კრიზისის გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება“, - განუცხადა For.ge-ს კანონმდებელმა.
თავის მხრივ, ონოფრიშვილის მოსაზრებას არ იზიარებს ჯაფარიძე და ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია ეკონომიკურ კრიზის არ გამოწვევს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანებებიდან და ჯარიმებიდან დიდი თანხები არ შედის.
„საუბარი არ არის მილიარდებზე და, შესაბამისად, დიდ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაკარგავს. როცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა, ასეთი ამნისტია განახორციელა და ეკონომიკურ განვითარებას სტიმული მისცა. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ეცემა და სახეზეა რეცესია. ჩვენი წინადადება კი, ეკონომიკურ წინსვლას ბიძგს მისცემს“, - აცხადებს ჯაფარიძე, რომელსაც For.ge-ს კითხვაზე - „ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რატომ არ გამოაცხადა ეკონომიკური დეკრიმინალიზაცია“ – პასუხის გაცემა გაუჭირდა და თავი იმით იმართლა, რომ მაშინ, ხელისუფლებაში თავად არ იყო.
ძველ ხელისუფლებაში მყოფი მაჭავარიანი, For.ge-ს კითხვას ლეგიტიმურს უწოდებს, და ბუნდოვან პასუხს სცემს: „ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეიძლება რაღაცის გაკეთება მაშინაც შეიძლებოდა, მაგრამ როცა, ეკონომიკის შესუსტების ნიშნებია, რაღაცის გაკეთება კარგი იქნება“.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის საკითხს, პრეზიდენტის წინადადებით, ასეთი მასალების გავრცელება უნდა აიკრძალოს და ის სისხლის სამართლებრივად უნდა დაისჯოს, ხოლო თუ ასეთი მასალა, სახელმწიფო ორგანოებს ხელში ჩაუვარდათ, ის განადგურებული უნდა იქნას.
როგორ for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მას საკანონდებლო ინიციატივა არ სჭირდება, რადგან ეს უფლება კონსტიტუციით არის დაცული.
„გარდა ამისა, საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას არის მიერთებული, სადაც სავალდებულოდ წერია, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. თუ ამ კუთხით კანონში რაიმე ჩასამატებელია, წინააღმდეგობა არ გვექნება, მაგრამ ეს უფლება 1995 წლის შემდეგ არის დაცული, ანუ, მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია მივიღეთ. თუ ვინმეს ახლა გაახსენდა, რომ თურმე პირად ცხოვრებას დაცვა სჭირდება, ეს სააკაშვილის პრობლემაა“, - აცხადებს კანონმდებელი.
პრეზიდენტის წინადადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „სასაცილოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე ქვეყანაში სხვის პირად ცხოვრებას არღვევდა, ეს მიხეილ სააკაშვილის გუნდი იყო.
„ის კადრები მახსოვს, როდესაც ადამიანებს საძინებლებში უვარდებოდნენ და ლამის საცვლებში გვაჩვენებდნენ, რაც ამაზრზენი იყო. ადამიანის უფლებები დაცულია როგორც კონსტიტუციით, ასევე – სისხლის სამართლითაც, მაგრამ ამ უფლებას სააკაშვილი არღვევდა და მისი ინიციატივა საზოგადოების მოტყუებაა - თუ როგორი ჰუმანისტი გახდა სააკაშვილი. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცეებულ კადრებს, სააკაშვილს იმაზე რატომ არ აქვს მწვავე რეაქცია, რაც მეგის ქარდავამ და მისმა გუნდმა ჩაიდინა, როცა, ადამაინებს პირადი ცხოვრების დეტალებით აშანტაჟებდნენ, ფარულ კადრებს უღებდნენ და ბინძურ მეთოდებს იყენებდნენ! ქარდავა ხომ მისი გუნდის წევრი იყო და რატომ მას არ აკრიტიკებს?! ამ კადრების იდენტიფიცირება არ უნდა ხდებოდეს. ამ კადრების ნახვა არ მსიამოვნებს, მაგრამ ამ კადრებს, პროკურატურა სამხილის სახით დებს და აჩვენებს, რომ თურმე პირადი ცხოვრების გახმაურების მიზნით, ხალხს აშანტაჟებდნენ. ვინც ამას აკეთებდა, ის ადამიანის უფლებებს არ არღვევდა?! ეს არის ცალმხრივი მიდგომა და პროკურატურისკენ თითის გაშვერა. სააკაშვილს ვეკითხები - რატომ არღვევდა კონკრეტული ადამიანის უფლებებს მეგის ქარდავა? ეს თუ მართლაც ასე იყო, მას პასუხი არ უნდა მოეთხოვოს? ამას კი, სასამართლო განსჯის. პრეზიდენტის რიტორიკას კი, ვერ დავეთანხმები“, - განუცხადა for.geს კანონმდებელმა.
რაც შეეხება სააკაშვილის კიდევ ერთ ინიციატივას, ქვეყნის პირველი პირი სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციებით შემოდის და დაღუპული სამხედროს ოჯახისთვის პენსიის მიცემას ითხოვს. ასევე, სააკაშვილის წინადადებით, თუ სამხედრო მოსამსახურე პენსიაზე გავიდა, მაგრამ მას სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა სურს, მას სამხედრო პენსია უნდა შეუნარჩუნდეს და ეს ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს.
როგორც For.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი არაადეკვატურია.
„წლების განმავლობაში სააკაშვილი გარკვეულ დაპირებებს იძლეოდა, რომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს კომპესაციებს მისცემდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, საზოგადოებას „გმირთა მოედანზე“ დარბეული ვეტერანები ახსოვს. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ქვეყანაში თითქოსდა კრიზისია და ფული არ არის, მაგრამ ახლა ამბობს, რომ თურმე ბიუჯეტს მისი წინადადებების განხორციელებისთვის ფული ჰქონია, რაც არადეკვატურია“, - დასძენს კანონმდებელი.
სესიაშვილის განმარტებით, ეს საკითხი, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიამ თავად დააყენა და მთავრობაში კომისია არის შექმნილი, რომელიც ამ საკითხს, კომპლექსურად იხილავს და არა ცალკეულად.
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას 5 თებერვალს გახსნის, რომელეც ზემოთ აღნიშნულ წინადადებებს უმცირესობა წარადგენს, თუმცა, რა პერსპექტივა ექნება მათ მიერ მომზადებულ ინიციატივებს, ეს ძნელი სათქმელია, რადგან ფაქტია, რომ ოპოზიციონერებს ცვლილებების წარდგენისას, იმის დასაბუთება მოუწევთ, მათი მმართველობის დროს, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია რატომ არ ცხადდებოდა და ადამიანებს ერთი პურის ქურდობისთვის თავისუფლების აღკვეთას რატომ უსჯიდნენ.