უფლებადამცველები კოტე კუბლაშვილის დაპატიმრებას ითხოვენ

უფლებადამცველები კოტე კუბლაშვილის დაპატიმრებას ითხოვენ

უფლებადამცველთა ორგანიზაციის განცხადებით, დღეს ყველანაირი პირობა არსებობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის დასაპატიმრებლად. ამის შესახებ განცხადება უფლებადამცველებმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ზაზა ხატიაშვილმა გააკეთეს.

მათ კუბლაშვილისა და მოსამართლეების დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უამრავ უკანონო გადაწყვეტილებას, მოსმენებს, ე.წ. ჟუჩოკების დაყენებას ითვალისწინებდა,  დაწყებულია გამოძიება და დაკითხულია მოწმეები. ამდენად, ისინი მოუწოდებენ ახალ ხელისუფლებას, რომ უკვე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს კოტე კუბლაშვილის დასაპატიმრებლად.

„მოსამართლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, მოსამართლეები ახდენდნენ პროკურატურის შუამდგომლობების გადაწერას, სახელმწიფომ ეს ფაქტები უნდა გამოიძიოს და უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება. არ შეიძლება, იმ მოსამართლისგან, რომელიც განძრახ აპატიმრებდა მოქალაქეებს, მივიღოთ სამართლიანი მოსამართლე“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ნიკოლოზ მჟავანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კოტე კუბლაშვილის დაპატიმრება დღეისთვის პრობლემა არ არის. მისი დანაშაულის განსაზღვრაც რთული არაა. თუმცა დღესდღეობით უფლებადამცველთა გაურკვევლობას იწვევენ პროკურატურის ყოფილი მუშაკები, რადგან ისინი ხელს აფარებენ ამ ადამიანს.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნება თუ იქნება, კუბლაშვილის დაპატიმრება პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, დღეს ვერავითარი რეფორმა შსს-ში, პროკურატურაში შედეგს ვერ გამოიღებს და ვერც პოლიტპატიმრები, უკანონოდ გასამართლებული ადამიანები, რეალურად შედეგს ვერ მიაღწევენ, ვერც ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, თუკი ის მოსამართლეები განიხილავენ მათ საქმეებს, რომლებმაც ეს უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს. ამიტომ, მთავარია კუბლაშვილის გასამართლება.

„ჩვენ ორი თვის წინ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდება სასამართლო სისტემაში_უკანონო მოსმენები, უკანონო გადაწყვეტილებები, კონკრეტული მტკიცებულებებიც წარვადგინეთ, რაზეც გამოძიება დაწყებულია. მოწმეები დაკითხულნი არიან. უბრალოდ, კუბლაშვილის დასაპატიმრებლად საჭიროა, გამოძიებამ გამოკვეთოს მისი დანაშაული, შემდგომში უკვე პროკურატურაში შევა შუამდგომლობა მის დაპატიმრებაზე. ამისთვის საჭირო არ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხმათა უმრავლესობით წყდება ეს საკითხი“, - აცხადებს ნიკა მჟავანაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ კუბლაშვილი არის ჯალათი და ის მოსამართლეებიც იმ ციხის ჯალათებზე არანაკლები დამნაშვეები არიან, რომლებიც აუპატიურებდნენ ადამიანებს. სწორედ მათი გადაწყვეტილების შედეგად ხდებოდა ადამიანების განადგურება ფიზიკურად, სულიერად. ამიტომ უკვე დადგა დრო, კუბლაშვილმა პასუხი აგოს ყველაფერზე.

აქვე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმიანება ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესს და განმარტავს, რომ, თუკი კოჰაბიტაციის განხორციელება დამნაშავის დაჭერას არ გულისხმობს, მაშინ ეს პროცესი სისულელე იქნება. ამდენად, მისთვის გაუგებარია ახალი ხელისუფლების პოზიცია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ მაღალჩინოსნები უნდა გასამართლდნენ და დაბალი რანგის მოხელეებმა არ უნდა აგონ პასუხი და მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადონ.

„ქართულ ოცნებას“ ხალხმა ხმა იმიტომ კი არ მისცა, რომ რეალურად მხოლოდ ბაჩო ახალაია და კიდევ რამდენიმე ჩინოვნიკი დასჯილიყო. გაუგებარია, რეჟიმს თუ ვასამართლებთ, მაშინ რეჟიმი შექმნეს ადამიანებმა და ისინიც უნდა გასამართლდნენ. თუ არ უნდა ამ ხელისუფლებას, იმ პროკურორებსა და მოსამართლეებს შეელიოს, მაშინ თვითონვე შეელევიან იმ სკამებს ცოტა ხანში. ასე ძალიან თუ უნდათ ისევ ძველ კადრებთან მუშაობა, ხალხის მოთმინებასაც საზღვარი აქვს. სამი თვის განმავლობაში ადამიანები გაჩერებულნი იყვნენ, რაღაც კონკრეტულს ელოდნენ და, თუ ვერ გამართლდება მათი მოლოდინი, როგორც მოვიყვანეთ ეს ხელისუფლება, ისე წავიყვანთ,“ - გვითხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

აქვე იგი იხსენებს, რომ თითოეული სასამართლოს თავმჯდომარე იბარებდა ცალკეულ მოსამართლეებს და მათ ეუბნებოდნენ, რომ ზემოდან იყო ზეწოლა, ამიტომ ის გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ, რაც მათ სურდათ. უფრო მეტიც, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, კოტე კუბლაშვილი მივიდა საქალაქო სასამართლოში და მოსამართლეებს უთხრა, რეალურად მიიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ გვინდაო. სწორედ კუბლაშვილმა მოსთხოვა ნინო გვენეტაძეს, უკანონო გადაწყვეტილებები მიეღო და ზუსტად ამის გამო წამოვიდნენ ეს ადამიანები სასამართლოდან. ამის ცოცხალი მტკიცებულებები არსებობს და გამოძიებას დიდი მუშაობა ნამდვილად არ სჭირდება, რომ კუბლაშვილი დაპატიმრებულ იქნას.

უფლებადამცველის თქმით, სასჯელთა შეკრებითობა რომ დარჩენილიყო, 20 წელზე მეტი ხნით მოუწევდა კუბლაშვილს დაპატიმრება. თუმცა მის მიერ ჩადენილი  უამრავი დანაშაულების გამო მას, მინიმუმ, ათ წელზე მეტი უნდა მიუსაჯონ და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით უნდა დაკვალიფიცირდეს მისი ნამოქმედარი.  

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა For.ge-სთან საუბარში კოტე კუბლაშვილის მიერ 2005 წლიდან ჩადენილ სამართალდარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტებით დაიწყო.

კონკრეტულად, კოტე კუბლაშვილი პროკურატურის ზეწოლით ზემოქმედებას ახდენდა მოსამართლეებზე როგორც უზენაეს, ისე ქვემდგომ ინსტანციებში. განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში სისხლის, ადმინისტრაციულის, სამოქალაქო პალატის მოსამართლეებს იბარებდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ქვედა ინსტანციებში კი სასამართლოებზე ზეწოლას ახორციელებდა პროკურატურა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის მეშვეობით. უფრო ზუსტად, ვალერი ცერცვაძე ვარდების რევოლუციის შემდეგ ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე, მისი ხელქვეითი მუშაკი და მისი დავალებების კარგი შემსრულებელი იყო. ამიტომაც იუსტიციის საბჭოს მდივნად დანიშნეს, რათა ნულოვანი ტოლერანტობა განეხორციელებინათ.

მერაბ ტურავა აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში სხვაგვარი დარღვევებიც ფიქსირდება. კერძოდ, უზენაეს სასამართლოს შტატში ჰყავს 44 მოსამართლე და ამ 44 მოსამართლიდან რეალურად 17 მოსამართლე მუშაობს, დანარჩენი მოსამართლეებისთვის გამოყოფილ სახელფასო თანხას კი კუბლაშვილი და მისი სამი მოადგილე ჩინჩალაძე (ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე), მეიშვილი და როინიშვილი ყოველთვიური პრემიების სახით ინაწილებდნენ.

„მთლიანობაში, წლების მანძილზე ათი ათას ლარზე მეტი გამოსდიოდათ ხელფასი და პრემია. ბუნებრივია, 44 მოსამართლე უზენაეს სასამართლოს არ სჭირდებოდა და არც არის ამდენი საჭირო. იმის ნაცვლად, რომ კუბლაშვილს ეს შტატები შეემცირებინა, ამ თანხას ინაწილებდნენ. რაც შეეხება დანარჩენ მოსამართლეებს, მათ მხოლოდ წელიწადში მე-13 ხელფასის სახით აძლევდა პრემიას ამავე თანხებიდან“, - განმარტავს ყოფილი მოსამართლე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ, თუ სახელმწიფოს არ სურს დამნაშავე მოსამართლეთა გასამართლება, მაშინ საზოგადოება თავად დაიწყებს ამ პროცესს. მათ შორის, გასასამართლებელია ე.წ. ფეოდალი - კოტე კუბლაშვილი, რომელიც ფეოდალურ სასამართლოს განაგებდა და  სწორედ მისი მითითებით ჩადიოდნენ დანაშაულს მოსამართლეები. უფრო მეტიც, ყოფილ ხელისუფლებას ყველანაირი პირობა ჰქონდა შექმნილი, რომ კუბლაშვილი ფეოდალად ჩამოყალიბებულიყო.

გარდა ამისა, ზაზა ხატიაშვილი თბილისის პროკურატურაში ძველი კადრების შენარჩუნებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, სინამდვილეში, ადეიშვილის ხელში გაიზარდნენ და ისინი სიმართლეს ვერასდროს მოემსახურებიან.