არაფერი უთქვამს და კოალიციასაც ამაზე არ უმსჯელია. ხმები ამის შესახებ დადის და თუ ალასანია მოინდომებს, ამის უფლება აქვს, თუმცა კოალიციაში ეს მსჯელობის საგანი არ გამხდარა".
დღეს ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სომხურ რადიო „აზა ტუტიუნთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თუ ირაკლი ალასანიას საქართველოს პრეზიდენტობა სურს, მას ამის უფლება არ აქვს. თუმცა, როგორც ირკვევა, ივანიშვილს მსგავსი ფრაზა არ უთქვამს და მცდარი ინფორმაცია იმ მედია-საშუალებებმა გაავრცელეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით არიან ცნობილნი.
საუბარია ექსკლუზიურ ინტერვიუზე, რომელიც საქართველოს პრემიერმა სომხურ მედია-საშუალებას მისცა და სადაც ჟურნალისტი მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უსვამს კითხვას. კითხვა ასე ჟღერს - „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონი ალასანია აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში, თუ არ ვცდები. თქვენ ვის კანდიდატურას ხედავთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში?“
ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს: „რამდენად სურს ბატონ ალასანიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ამის შესახებ, სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ ხმები დადის და მეც ყურის მოკვრით ვიცი. თვითონ ირაკლი ალასანიას ჩემთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს და კოალიციასაც ამაზე არ უმსჯელია. ხმები ამის შესახებ დადის და თუ ალასანია მოინდომებს, ამის უფლება აქვს, თუმცა კოალიციაში ეს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამასთანავე, საპრეზიდენტო არჩევნები არც ისეთი მწვავე იქნება, როგორიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო და არც ამხელა მნიშვნელობა ექნება. მე ვფიქრობ, რომ 2-3 თვის შემდეგ კოალიციაში ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, დავასახელებთ კანდიდატს და სავარაუდოა, რომ კოალიციას ერთანი კანდიდატი ეყოლება, თუმცა კოალიციის წევრ თითოეულ პარტიას, კოალიციიდან წასვლისას უფლება აქვს, თავისი საკუთარი კანდიდატი დაასახელოს. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამ თემაზე ჯერ არ გვიმსჯელია და შესაბამისად, ამაზე მეტის თქმა, ამ ეტაპზე არ შემიძლია“.