ციხის გახმაურებული სკანდალის ერთ-ერთი მონაწილე ლადო ბედუკაძე საქართველოში ჩამოვიდა. მისი ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ ბედუკაძეს აქვს კადრები, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და რომელსაც თბილისში დაბრუნებისას თავად გაახმაურებს.
"მე ვადასტურებ ასეთი კადრების არსებობას, რომელიც არ გახმაურებულა და ამ კადრების გახმაურების საშუალება თვითონ მიეცემა", - აღნიშნა აფციაურმა და დასძინა, რომ ბედუკაძე კიდევ უამრავ ინფორმაციას ფლობს, რომელიც შეიძლება, თავისი სკანდალურობით უკვე გავრცელებულ კადრებს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს. ლალი აფციაური ადასტურებს, რომ ლადო ბედუკაძე საქართველოში 17 იანვარს ჩამოდის, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეისს არ ასახელებს და აცხადებს, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებენ, ვინაიდან ბრძანებაა გაცემული სასამართლოს მხრიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.
"ეს აუცილებელი პროცედურებია გასავლელი, რაც ბედუკაძისთვის ცნობილია. თუმცა ამავდროულად, იგი ამ ყველაფრისთვის მზად არის და ასევე მზადაა, ითანამშრომლოს სამართალდამცავებთან. დაპატიმრების შემდეგ ბედუკაძე ჩვენებას მისცემს და დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს". ციხის გახმაურებული კადრების გადამღებს, ციხის ყოფილ თანამშრომელს ლადო ბედუკაძეს ინტერპოლი აღარ ეძებს. ბედუკაძე საქართველოში ბრუნდება. თვეების განმავლობაში აგორებული სკანდალი აქტუალობას არ კარგავს თუ არ აკარგვინებენ, თუმცა ბედუკაძეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად მოუწევს უამრავ უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა. მანამდე კი, შესაძლებელია, რამდენიმე ვერსია განვიხილოთ.
ვერსია პირველი - ბედუკაძე საქართველოში ახალ ხელისუფლებას ჩამოჰყავს!
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში "შავი პიარჯგუფების" არსებობას პრემიერ-მინისტრიც არ უარყოფს, გამორიცხული არაა, ბედუკაძე ამ ჯგუფების მიერ გამოყენებული იყოს, როგორც სხვადასხვა "არასასურველი" პირის დისკრედიტატორი. თუ ამ ვერსიას მივყვებით, შესაძლოა, ბედუკაძის საქართველოში ჩამოყვანის ერთ-ერთი მიზანი იყოს, პირველ რიგში, უმართავი პოლიტპატიმრების ბლოკირება. როგორ? მარტივად. ბედუკაძეს, რომელსაც მასმედიას ისედაც უხსნიდნენ, მისცემენ ტრიბუნას, საიდანაც ის გაიხსენებს, როგორ გააუპატიურეს ციხეში ესა თუ ის პოლიტპატიმარი. ერთ-ერთ ინტერვიუში ბედუკაძემ ამის თაობაზე მინიშნებაც გააკეთა. ახლა მოხდება თითქოსდა გაუპატიურებული პოლიტპატიმრების საჯაროდ დასახელება. ხაზს ვუსვამთ, დასახელებულების დიდი ნაწილი, რეალურად, გაუპატიურებული არ იქნება, მაგრამ ამას ვერავინ, ვეღარასოდეს დაამტკიცებს. სამაგიეროდ, ხელისუფლებას გაუადვილდება იმ 190 კაცის მართვა, რომლებიც დღეს არც კოჰაბიტაციისა და არც მიტევების კონცეფციებს არ იზიარებენ.
ვერსია მეორე - ბედუკაძეს არასასურველი პოლიტიკოსების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ!
შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ციხის ყოფილი თანამშრომელი ტელეკამერების წინ მოყვება, როგორ მოისმინა მეგის ქარდავას სატელეფონო საუბარი ბაჩო ახალაიასთან, სადაც მეგის ქარდავა ახალაიას ეუბნებოდა, რომ "ქართული კოალიციის" - პარლამენტარი "მათი კაცია" და "მათ ინტერესებს ატარებს". ცხადია, ამ ვერსიის ფარგლებში ხსენებული პარლამენტარისა თუ პოლიტიკოსის სრული დისკრედიტაცია მოხდება, რადგან საქართველოში სიმართლის გარკვევა არავის აინტერესებს, საზოგადოებას უფრო სიბინძურისა და ტყუილის სჯერა. მით უმეტეს, თუ ტყუილს ის კაცი იტყვის, ვინც თეთრაძის მკვლელობაზე სიმართლე თქვა და გამოძიებას დაეხმარა.
ვერსია მესამე - ბედუკაძის საქართველოში ჩამოყვანას მისი, როგორც "უმართავი ბომბის", გაუვნებელყოფის მიზანი აქვს.
ბოლო დროს, ბედუკაძე არჩილ კბილაშვილს, მაია მწარიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილსაც კი აკრიტიკებდა. მისი კრიტიკა რომ ბოლოს ცილისწამებებსა და ტყუილში გადადის, ირმა ინაშვილზე განხორციელებული ტერორის მაგალითმაც აჩვენა. სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები ამ ტიპის ტერორს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ვერ დაუშვებენ, ამიტომ,
გამორიცხული არ არის, ბედუკაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლონ კიდეც, მაგრამ მოგვიანებით, ის უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს. მსოფლიო პრაქტიკა იცნობს ასეთ მაგალითებს, როდესაც კაცი საშიში ხდება სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოებისთვის, ის ავტოკატასტროფით ან სხვა ყოფითი უბედური შემთხვევით ასრულებს სიცოცხლეს. შესაძლოა, ბედუკაძე იმსხვერპლოს იმ ათობით გაუპატიურებული პატიმრის ნათესავთა შურისძიებამ, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ სამართალმა ვერ იზეიმა და სამართლის აღდგენას თავად აღასრულებენ.
ცნობილია, რომ ათობით პატიმარი სწორედ, უშუალოდ, ბედუკაძის მიერაა ნაწამები და გაუპატიურებული, მაგრამ პატიმართა დიდი ნაწილი ამაზე ხმას არ იღებს. მეტიც, უმრავლესობა ბედუკაძეს აქებს და აცხადებს, რომ ციხის ეს თანამშრომელი მათ კეთილად ექცეოდა, უვლიდა და ჩაის ასმევდა. ამისი მიზეზი მარტივია: პატიმართა უმრავლესობა ერიდება ბედუკაძესთან ურთიერთობის დაძაბვას, რადგან ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა, "დუბინკით" გაუპატიურებულად გამოცხადდეს. ბედუკაძეს, რომელიც "შავი პიარის" ორგანიზატორებმა ექსპერტად ჩამოაყალიბეს, ტელეარხებს გაუხსნიან და ყველაზე იტყვის იმას, რასაც დაავალებენ.
ვერსია მეოთხე - ბედუკაძის დაცვით დაინტერესებულია როლანდ ახალაია!
არსებობს კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაია თავად ზრუნავდა, ადვოკატი აეყვანა ლადო ბედუკაძისთვის. ეს ინტერესი გასაგებია, რადგან ყოფილი პროკურორი და დღეს უკვე პარლამენტარი როლანდ ახალაია დაინტერესებულია, ბაჩო ახალაიას ის ბრალდებები მოეხსნას, რომელიც ამ უკანასკნელთან მიმართებაში ლადო ბედუკაძემ ჯერ კიდევ ბრიუსელიდან გაახმოვანა.
ამ ვერსიის თანახმად, ბედუკაძეს ათქმევინებენ, რომ ყველაფერი, რაც ბაჩო ახალაიაზე თქვა, იყო სიცრუე. რომ ბედუკაძემ ეს ირმა ინაშვილის დავალებით გააკეთა. ამ ვერსიის ფარგლებში ერთ-ერთი მძიმე ბრალდებისაგან გათავისუფლდება ბაჩო ახალაია, ხოლო ირმა ინაშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ძლიერი და ფართომასშტაბიანი პიარ-შეტევის ეპიცენტრში.
დაბოლოს, რატომ აბრუნებენ ბედუკაძეს საქართველოში? აბრუნებენ, როგორც სადისკრედიტაციო იარაღს თუ როგორც დამნაშავეს, რომელიც უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს ათობით პატიმრის წამების გამო?
"ვერსიის" ინფორმაციით, პროკურატურამ დაკითხა ის პატიმრები, რომელთა წამებაც ასახულია ციხის კადრებში. პატიმრები ჩვენებებში ადასტურებენ, რომ ბედუკაძე მათ რეალურად აწამებდა. ასევე, არსებობს პატიმარ რატი რეხვიაშვილის ჩვენება, რომელიც ბედუკაძეს პირდაპირ ადანაშაულებს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში. ცნობილია, რომ რეხვიაშვილი ბედუკაძემ ე.წ. ქათმების კამერაში შეაგდო. რატი რეხვიაშვილის დედა, რომელმაც პროკურატურას ჯერ კიდევ 2012 წლის 28 ნოემბერს მიმართა, აცხადებს, რომ მისი შვილის წერილით არავინ დაინტერესებულა. "ვერსია" აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და რატი რეხვიაშვილის დედასთან, ქალბატონ მარინა რეხვიაშვილთან სკანდალურ ინტერვიუს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.