განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ცემა-ტყეპის მიზნით მძლეოსნების გამოყენება, შესაძლოა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს.
გარდა ამისა, „უფლებადამცველთა გაერთიანება“ და მძლეოსანთა საინიციატივო ჯგუფი ლადო ვარძელაშვილისა და მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსი ახვლედიანის საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ. მათი თქმით, ლადო ვარძელაშვილისა და მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსი ახვლედიანის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით სამხილები არსებობს.
კერძოდ, ლადო ვარძელაშვილის მიერ მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად ალექსი ახვლედიანის დანიშვნის შემდეგ უკანონო ქმედებები განხორციელდა მძლეოსნობის დარგის მიმართ, რაც მძლეოსნობის ფედერაციის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენებაში, სპორტული შეჯიბრებებისა და რეკორდების გაყალბებაში, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში და წინასაარჩევნო დარბევებში სპორტსმენების გამოყენებაში, ასევე, 2011 წლის 15 დეკემბერს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში გამოიხატა.
For.ge-სთან საუბარში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ლადო ვარძელაშვილმა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად ალექსი ახვლედიანი წარადგინა, რომელიც ყოფილი პოლიციელია და, რეალურად, არანაირი შეხება არ ჰქონია სპორტის ამ სახეობასთან - მძლეოსნობასთან.
უფრო მეტიც, ნიკა მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ახვლედიანი ზუსტად იმიტომ იქნა დანიშნული ამ პოსტზე, რომ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რომელსაც ნაცმოძრაობა ატარებდა სხვა ფედერაციებშიც, ანუ ხდებოდა ფულის ე.წ. „ატკატები“ - ვითომ სამშენებლო ფირმებთან დებდნენ ხელშეკრულებას რეაბილიტაციისთვის, სინამდვილეში, ეს თანხა მათ ჯიბეებში ხვდებოდა.
კონკრეტულად, შარშან მძლეოსნობის მანეჟის გაკეთებას აპირებდნენ, რაც რეალურად არ მომხდარა და სპორტსმენები, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებზე უნდა გამოსულიყვნენ, დაკავებულნი იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დარბევით.
„ალბათ, გახსოვთ, ლადო ვარძელაშვილი და ალექსი ახვლედიანი სამტრედიაში კახი კალაძის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ როგორი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ ჩაიყვანეს მძლეოსნები და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. იგივე მოხდა კახეთშიც. აგრეთვე, ყალბდებოდა სპორტული შეჯიბრებები და საქართველოს რეკორდები, ასწორებდნენ შეჯიბრების შედეგებს, რათა მათთვის სასურველი კანდიდატურა მოხვედრილიყო ოლიმპიადაზე, ან სხვა სპორტულ შეჯიბრებებზე“, - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
მისი თქმით, ამ სფეროში მოღვაწე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების სპორტის დამსახურებული ოსტატები, საქართველოს ნაკრების მწვრთვნელები, პრიზიორები და ვეტერანები - უკლებლივ ყველანი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამიტომ მათი სურვილია, პროკურატურამ ლადო ვარძელაშვილის მინისტრობის დროს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, დარბევები, სპორტული შეჯიბრებების შედეგთა გაყალბება და სხვა დანაშაულებები გამოიკვლიოს. მით უფრო, რომ კოჰაბიტაციის პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავემ პასუხი არ აგოს.
„აუცილებელი არ არის, ადამიანმა პროკურატურას მიმართოს თხოვნით, რომ გამოიძიონ ყოფილ მაღალჩინოსანთა დანაშაულები. წესით, თვითონაც უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ პიროვნებით. ჩვენთვის გასაკვირია, რატომ ბრკოლდება ეს პროცესი. მაშინ, როცა ეს პიროვნება, ახვლედიანი დღესაც თანამდებობაზეა, ისევ ნაცმოძრაობის აქტივისტია და უტიფრად ატარებს იმ პოლიტიკას, რაც ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოა“, - აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე.
მძლეოსნობის დამსახურებული მწვრთვნელი ბესარიონ გოცირიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი სურვილი იყო, 15 დეკემბერს მძლეოსნობის ფედერაციის საარჩევნო მარათონში ჩართულიყო, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
„მივედი ფედერაციაში, მითხრეს, არჩევნები არ ტარდებაო. არადა, „კურიერის“ გადაცემას ვუყურე და ითქვა, რომ 15 დეკემბრისთვის ყველა ფედერაციაში ტარდებოდა არჩევნები. განცხადება რომც დამეწერა, უკვე ვეღარ ვასწრებდი, რადგან რამდენიმე კომიტეტის წარმომადგენელს ხელი უნდა მოეწერა, რომ თანახმა იყვნენ, კენჭი მეყარა. ალექსი ახვლედიანმა გაზეთში კომენტარი დაწერა, თითქოს საანგარიშო ყრილობას ატარებდა და არა არჩევნებს. ამის გამო, ფაქტობრივად, მან მარტო იყარა კენჭი და კონკურენტი არავინ ჰყავდა. ამის შემდეგ გამოაცხადა, 37-მა დელეგატმა ამირჩიაო. თავისთავად, 37 დელეგატი აირჩევდა, რადგან მარტო მონაწილეობდა არჩევნებში“, - აცხადებს ბესარიონ გოცირიძე.
მისი თქმით, ლადო ვარძელაშვილის და ყოფილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კადრი იყო ალექსი ახვლედიანი და მას მძლეოსნობასთან, ან ზოგადად სპორტთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა.
დამსახურებული მწვრთვნელი აცხადებს, რომ მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დღეს მას არჩევნებზე დასწრების საშუალებაც არ მისცეს. ეს მაშინ, როცა არჩევნების ჩატარებისას ნებისმიერ მოქალაქეს აქვს დაკვირვების უფლება.
რაც შეეხება მძლეოსნების გამოყენებას ოპოზიციის დარბევის საქმეში, ბესარიონ გოცირიძე ადასტურებს, რომ კახეთსა და სამტრედიაში ასეთი დამარბეველი სპორტსმენები მართლაც გამოჩნდნენ.
„მძლეოსნებს შორის რამდენიმე ასეთი დამარბეველი ჰყავდათ. ერთი მათგანი დღეს უკვე აღარ ვარჯიშობს, დაუნებებია თავი. ამ დროს კი დამსახურებულ მწვრთვნელებს დევნიდნენ, ზოგიერთს ხელფასი დაუკლეს, მძლეოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამარ შანიძე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს“.