„ჩვენი დაცხრილვის შემდეგ ჩემი ტაბელური იარაღი ვანო მერაბიშვილს ეჭირა ხელში“

„ჩვენი დაცხრილვის შემდეგ ჩემი ტაბელური იარაღი ვანო მერაბიშვილს ეჭირა ხელში“

სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ამნისტიის შედეგად 13 იანვარს ციხე რეინჯერთა ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა, ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის გასამართლებულმა, ლევან ამირიძემაც დატოვა. როგორც ირკვევა, წინა ხელისუფლების მიერ მუხროვანის ამბოხის ინსცენირების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო ის გარემოება, რომ სამხედროებში პროტესტი მწიფდებოდა და მათი ნაწილი თანამდებობის დატოვების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებას აპირებდა. ესენი იყვნენ ოფიცრები ლევან ამირიძე და მამუკა გორგიაშვილი. სააკაშვილმა კი მათ დაასწრო და იმის გამო, რომ სამხედროებში ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება საჯარო არ გამხდარიყო, მათ ამბოხების ორგანიზებაში დასდო ბრალი, მძიმე სასჯელები დაუნიშნა, გენერალი კრიალაშვილი კი დაკავებისას მოკლა.

ლევან ამირიძე: „პირველი პროტესტი, რაც გაგვიჩნდა, ეს იყო ომის შემდეგ, როდესაც სამხედროების მიმართ უნდობლობა გაჩნდა, დაიწყეს ჩვენი სატელეფონო საუბრების მოსმენა. სამხედრო ვარ და ვხვდები, როდესაც ჩემი ტელეფონი ისმინება. როდესაც 500 კაცის მეთაური ხარ და ამ პირად შემადგენლობას ომში განდობენ, საინტერესოა, მერე რატომ აღარ გენდობიან?

შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტობრივად გადაიბარა თავდაცვის სამინისტრო და მიმდინარეობდა კონტროლი და ზეწოლა სამხედრო მოსამსახურეებზე, ოფიცრებზე, მეთაურთა რგოლზე, რიგით შემადგენლობაზე. ხდებოდა სამხედროების დაბარება კუდ-სა და სოდ-ში და მათი „დავერბოვკება“, რათა იმ ქვედანაყოფში, სადაც მსახურობდნენ, გაერკვიათ, რა პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა ოფიცერთა შემადგენლობას. სამხედრო მოსამსახურეების აგენტებად ქცევა უნდოდათ. ამას დაემატა ისიც, რომ 26 მაისი ახლოვდებოდა, იწყებოდა სააღლუმო მზადება, ჩვენ კი იმ პერიოდში ნამადვილად არ გვეზეიმებოდა.

მოგვიანებით, ჩვენ ვნახეთ ერთი 26 მაისი, როდესაც მიშა სააკაშვილმა შეიარაღებული ძალები თავის სატაშფანდურო შპს საზოგადოებად აქცია, ვნახეთ გვამებზე გადავლილი მაღალჩინოსნები, როდესაც მაღაზიის სახურავზე უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანები შემოაწყვეს.

გახსოვთ, ალბათ, იმ პერიოდშიც (2009 წელს) მიტინგები მიმდინარეობდა, პარლამენტი პარალიზებული იყო და დიდი ალბათობა იყო, რომ წინასააღლუმოდ ხელისუფლებას ეს აქცია დაერბია. შესაბამისად, 2009 წლის მაისშიც იგივე მოხდებოდა, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩვენი პროტესტი, ჩვენ უარი განვაცხადეთ აღლუმში მონაწილეობაზე, რადგან არ გვეაღლუმებოდა.

თქვენ იცოდით, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედროებს იბარებდნენ და თქვენი პოლიტიკური პოზიციის შესახებ ინფორმაციას სთხოვდნენ?

- კი, რა თქმა უნდა, ეს ბიჭები ჩემთან ერთად გაზრდილები და ჩემი თანამებრძოლები არიან, ამასთანავე ომში გამოწრთობილი ბიჭები არიან და არ იკადრეს ასეთი რაღაც. ისინი მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მათგან ამ ინფორმაციას ითხოვდნენ. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე იყო, მაგრამ ის ამ უწყებაში ვერაფერს წყვეტდა, რადგან თავდაცვის სამინისტრო შსს-ს დანამატად იქცა. ყველა ჩვენი გადაადგილება, ყველა მოქმედება, თავდაცვის სამინისტროს ყველა რეფორმა და ნებისმიერი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანხმდებოდა და იქიდან იმართებოდა.

მოგეხსენებათ, სამხედროებში ღირსებისა და პატრიოტიზმის გრძნობა ამაღლებულია, რადგან ეს ადამიანები ყველაზე ძვირფასს, თავის სიცოცხლეს სწირავენ თავისი სამშობლოსთვის. ამიტომ, როდესაც ასე გექცევიან და ღირსებას გილახავენ, სამხედროებში ეს ყოველთვის იწვევს იმის განცდას, რომ ვიღაც არ გენდობა, ხოლო როდესაც ვიღაც არ გენდობა, სხვისი არ ვიცი, მაგრამ სამხედროებში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებად გამოიწვია ჩვენი პროტესტი და ვაპირებდით, ამის შესახებ განცხადება გაგვეკეთებინა.

უკვე გქონდათ გადაწყვეტილი, როდის გააკეთებდით გადადგომის შესახებ განცხადებას?

- კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ გვქონია. სიმართლე გითხრათ, ეს სპონტანურად მოხდა. იცოდნენ რა ჩემი განწყობა და ხასიათი, 4 მაისს, საღამოს საათებში პროვოცირების მიზნით ჩემი მოადგილე, ბატალიონის შტაბის უფროსი, ზაზა მუშკუდიანი დაიჭირეს.

რა ბრალდებით დაიჭირეს ეს ადამიანი?

- არანაირი ბრალდება, უბრალოდ მივიდნენ მასთან, გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ზაზა წაიყვანეს. ჯერ ვერ ვარკვევდით, სად ჰყავდათ წაყვანილი, არავინ არაფერი იცოდა. ზაზა მუშკუდიანი პატარა ბიჭი არ იყო, რომ სადღაც დაკარგულიყო და მივხვდით, რომ ან კუდ-ში, ან კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ეყოლებოდათ. იმ ღამესვე მეორე ჩვენი თანამებრძოლი და თანამოსამსახურე, ვალერი ზირაქიშვილიც დააკავეს. ისიც ასე გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ვალერი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ჰყავდათ დაბარებული და უთხრეს - მეთაურთან დაახლოებული პირი ხარ და იქნებ მასზე ინფორმაციები მოგვაწოდოო. შესაბამისად, როდესაც ვალერიც დააკავეს, უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა.

ჩემი ნაწილი ორთაჭალაში იყო დისლოცირებული. იქიდან წავედი მუხროვანში, სადაც სატანკო ბატალიონი იყო დისლოცირებული. შევხვდი სატანკო ბატალიონის მეთაურს, მამუკა გორგიაშვილს და ვუთხარი, რომ ასეთი ვითარება იყო, ბიჭები დაიჭირეს, რაღაც ზეწოლას აქვს ადგილი და შევთავაზე განცხადება გაგვეკეთებინა, რათა ასეთი ფაქტები ოდესღაც მაინც დასრულებულიყო. სწორედ ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდით. მე კი, როგორც სამხედრო მეთაური, თანამდებობის დატოვების შესახებაც უნდა გამეკეთებინა განცხადება.

როგორ ფიქრობთ, საიდან გახდა ცნობილი ხელისუფლებისთვის თქვენი განწყობა და ისიც, რომ განცხადების გაკეთებას აპირებდით?

- როგორც ჩანს, სამხედრო ნაწილში ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა და მათზე მუშაობდა. ჩემზე თვალთვალი ხორციელდებოდა, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ორი მანქანა დამყვებოდა. ალბათ, ხელისუფლებაში იფიქრეს, მე რომ განცხადება გამეკეთებინა, შესაძლებელი იყო სხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებიც ამყოლოდნენ და ეს ყველაფერი საერთო უკმაყოფილებაში გადაზრდილიყო და ამიტომ გააკეთეს იმის ინსცენირება, ვითომ ჩვენ ამბოხი მოვაწყვეთ და შეიარაღებული მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვაპირებდით.

როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ?

- ბატალიონი ალყაში მოაქციეს და ცდილობდნენ ჩვენს პროვოცირებას, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მომხდარიყო. დიდი შანსი იყო, რომ ვიღაცას პროვოკაციის მიზნით გასროლა მოეხდინა და შემდეგ უკვე აღარავინ დაიწყებდა იმის გარკვევას, პირველმა ვინ გაისროლა. ამდენად, ისინი სამხედროების პროვოცირებას ცდილობდნენ, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რათა დაედგათ სპექტაკლი, ვითომ ამბოხი მოხდა.

სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ მას სატანკო ბატალიონის უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ სამხედრო გადატრიალებას აწყობდა

- სააკაშვილისგან არაერთი ამგვარი ტყუილი მოგვისმენია და ესეც მისი ერთ-ერთი მორიგი ტყუილი იყო. სააკაშვილი არ არის ის კაცი, რომ ჩვენთან დაერეკა და გაგვსაუბრებოდა.

როდესაც პრეზიდენტი მუხროვანში მივიდა, თქვენ უკვე იქ აღარ იყავით?

- მე უკვე დატოვებული მქონდა მუხროვანის ბატალიონი. მიშა სააკაშვილს იმის ვაჟკაცობა ნამდვილად არ აქვს, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იქ მოსულიყო. ამის შემდეგ ორი კვირის შემდეგ ძებნაში ვიყავით და ბოლოს ამას ის საზარელი სპეც-ოპერაცია მოჰყვა.

მართალია, რომ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე პირადად მონაწილეობდნენ თქვენი აყვანის ოპერაციაში, რა დროსაც გენერალი გია კრიალაშვილი მოკლეს, ხოლო თარგამაძე უკვე გარდაცვლილ კრიალაშვილს წიხლებს ურტყამდა?

- პირადად მე არ დამინახავს, რომ თარგამაძეს ეს გაეკეთებინოს. ამიტომ რაც არ მინახავს, იმას ვერ ვიტყვი, მათგან განსხვავებით. ისე სპეც-ოპერაციის დროს იქ იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მაშინ, როდესაც ისინი თავს დაგვესხნენ და დაგვცხრილეს, მე ჩემი ტაბელური იარაღი მქონდა თან, ხოლო როდესაც მანქანიდა გადმოგვყარეს, ჩემი ტაბელური იარაღი ვანო მერაბიშვილს ეჭირა ხელში.

თქვენზე ზეწოლას ციხის საავადმყოფოშიც ახორციელებდნენ?

- არა, რა ზეწოლა უნდა განეხორციელებინათ, რვა ტყვია მქონდა მოხვედრილი. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ჩემგან რაიმეს მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა და თავი დამანებეს.