საინვეტიციო გვირაბის ბოლო სინათლე უკვე გამოჩნდა. გამოიკვეთა ის ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც წლეულს მრავალმილიონიან კაპიტალდაბადებებს განახორციელებენ. პირველ რიგში, ესენი არიან ბიზნესმენები, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან...
პრემიერ-მინისტრის ნაგულისხმევი სამი საინვესტიციო ფონდიდან ორი უკვე ამოქმედდა. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდისა და საპარტნიორო ფონდის ქვეშ არსებული საინვესტიციო ფონდის სტრუქტურა უკვე დამტკიცებულია.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, უკვე მოზიდულია შესაბამისი სახსრებიც. რაც შეეხება მესამე, საინვესტიციო ფონდს, მინისტრის მოადგილის თქმით, კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება. დამატებით ინფორმაციას ფონდების მუშაობასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არ ახმაურებს.
ახალმა მთავრობამ საინვეტიციო ბუმის პირობა დადო. მათი პროგნოზით 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა. ასეთი თამასა საქართველომ მხოლოდ ერთხელ - 2007 წელს დაძლია. ბოლო წლებში კი ერთმილიარდიანი გეგმის შესრულებაც კი სანატრელი იყო.
მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს 1 მლრდ დოლარის ოდენობის აზერბაიჯანულ ინვესტიციაზე, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროზე 4,5 მილიონი ტონა წარმადობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს. ეს პროექტი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტრო ასევე ელოდება კაპიტალს ისრაელიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ეკონიმიკის ახალი მინისტრის აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება 30-ზე მეტ ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას წინა მთავრობა ბლოკავდა:
„იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რომელიც გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევის მიმართულებით, წინა ხელისუფლებამ 32 ქვეყანასთან შეაჩერა ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეს ქვეყნები დღეს ელოდებიან მოლაპარაკების განახლებას“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდის მიხედვით, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოს მხოლოდ 25 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. დავის შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება, ინვესტორს უფლებას აძლევს, ვაშინგტონში მდებარე, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრს მიმართოს.
ამასობაში უკვე ცნობილი გახდა თუ ვინ შეიძლება ჩადოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი ინვესტიცია საქართველოში ახალი მთავრობის პირობებში. 250 მილიონი დოლარის კაპიტალის დაბანდება მეტალურგიაში იგეგმება.
ბიზნესმენმა ნიკო ლეკიშვილმა რადიო „კომერსნატთან“ დაადასტურა, რომ შეხვედრა ინვესტორებსა და ეკონომიკის მინისტრს შორის უკვე შედგა. ბიზნესმენებმა ქარხნის ასაშენებლად ფოთის პორტთან ახლოს ტერიტორია უკვე შეარჩიეს. ამჟამად ლეკიშვილის განმარტებით, ტექნიკური დეტალები ზუსტდება. მისივე ცნობით, ინვესტიციის ნაწილს თავად გერმანულ-თურქული კომპანია გაიღებს, ხოლო ნაწილს ევრობანკი დააფინანსებს.
საინვესტიციო კომპანია „ემიგრანტის“ დამფუძნებელი ზაზა სიორიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ინვესტორებმა ქართული ბაზრით დაინტერესება დაიწყეს. სიორიძის ცნობით, ქვეყანაში უკვე იმყოფებოდნენ ებრაელი ბიზნესმენები და ქართული ბაზრით დაინტერესებულები არიან ევროპელი ინვესტორებიც. თუმცა, სიორიძე კონკრეტული კომპანიებს ჯერჯერობით არ ასახელებს.