გიორგი ბარათელი ციხიდან 2036 წელს გამოვა (VIDEO)

გიორგი ბარათელი ციხიდან 2036 წელს გამოვა (VIDEO)

36 წლის გიორგი ბარათელი, რომელსაც აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 26 წლი და 6 თვე აქვს მისჯილი, ციხიდან 2036 წელს გამოვა, თუ მას საქალაქო სასამართლო, უკანონო ნივთს შენახვისა და გამოყენების ბრალდებით სამი წლით თავისუფლების აღკვეთას დაუმატებს.

უკანონო ნივთის შენახვისა და გამოყენებისთვის ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის მასალებს for.ge გაეცნო, რაზე დაყრდნობითაც შემოგთავაზებთ, როგორც „ლურსმანშერჭობილი“ ზ.ჭ-ს ჩვენებას, ისე მოწმეთა დაკითხვის ოქმების შინაარსს.

საქმის მასალები, რომელშიც ორთაჭალის საპყრობილის დერეფანში ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრებიც არის წარმოდგენილი, ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ბრალის წაყენების შემდეგ გლდანის N8 საპატიმროდან გამოიტანა.

ისე მოხდა, რომ ამ ფირითა და მასალის შინაარსით საპატიმროსთან მყოფი მედიასაშუალებებიდან მხოლოდ for.ge და ტელეკომპანია „მაესტრო“ დაინტერესდა. დისკი, რომელზეც ვიდეოკადრები იყო, „მაესტრომ“ წაიღო და ექვსაათიან საინფორმაციოში გაუშვა, ხოლო საქმის მასალების ქსეროასლი for.ge-მ წამოიღო.

ვიდეოფირზე ჩანს ბარათელი ზუგრის არეში ორჯერ ხელით როგორ ეხება სხვა პატიმარს, მაგრამ ხელში უჭირავს თუ არა რაიმე საგანი და შემდეგ ამ საგანს აგდებს თუ არა სადმე, ეს ასახული არ არის. ვიდეოკადრები, რომელიც „მაესტროს“ ეთერით გავიდა, მასალის ბოლოს, მიბმული ფაილის სახით შეგიძლიათ ნახოთ.

გლდანის N8 საპყრობილიდან გამოსულმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განგვიცხადა, რომ ბარათელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო 18 იანვარს იმსჯელებს.

საინტერესო ისაა, რომ გიორგი ბარათელის 18 თანასაკნელიდან გამოძიებას ყველა არ დაუკითხავს. პლუს ამას, თავად ბარათელის ჩვენება საქმის მასალებში არ არის, რადგან მან გამოძიებას ჩვენება ადვოკატის გარეშე არ მისცა, ხოლო ადვოკატთან ერთად ჩვენების მიცემის საშუალება მხოლოდ 17 იანვარს მიეცა.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, ბარათელის ჩვენებას დაინტერესებულ მედიასაშუალებებს იმ დღესვე გადასცემს, როგორც კი მისი ასლის გადაღებას შეძლებს და ეს სავარაუდოდ ერთი კვირის ფარგლებში მოხდება. ადვოკატის განმარტებით, ბარათელი 17 იანვარს მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ პროვოკაცია, რომლის გამოც მას შეიძლება სასჯელი დაუმატონ, მის დასაშინებლად და გასაჩუმებლად ხდება.

საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის 27 ნოემბერს, ორთაჭალის N1 საპყრობილის მეექვსე საკანს, რომელიც დილით უკვე შემოწმებული იყო, საღამოს შემოწმებისთვის მიაკითხეს და პატიმრები დერეფანში გაიყვანეს. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი საკანში შევიდა, ნაწილი დერეფანში, პატიმრებთან ერთად იყო. ამ დროს გიორგი ბარათელი მივარდა ზ.ჭ-ს და ზურგში „შტირი“ - კბილის ჯაგრისზე წამოცმული წაწვეტებული ლითონის ნაჭერი ორჯერ ჩაარტყა, ეს საგანი იქვე, ორ ნაბიჯში, ყველას თვალწინ დააგდო და გაიქცა.

ბარათელის თანასაკნელები ინცინდენტამდელ „კონფლიქტს“ ასე აღწერენ:

გიორგი ბარათელს იმავე დილით საწოლიდან წიგნი ჩამოუვარდა, რომელიც ქვედა სართულზე მწოლიარე ზ.ჭ-ს დაეცა. ამ უკანასკნელს გაეღვიძა და ბარათელს უსაყვედურა. ამის შემდეგ ბარათელმა ზ.ჭ-ს მოუბოდიშა - წიგნი განზრახ არ ჩამომიგდია, ბოდიშს გიხდი, შემდგომში ფრთხილად მოვიქცევიო.

აი, ამით ამოიწურა „კონფლიქტი“. სხვა შემთხვევის - შელაპარაკების, ან ჩხუბის შესახებ საქმის მასალებში არაფერი წერია. უკლებლივ ყველა მოწმე წერს, რომ საკანში მყოფებს ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. კონფლიქტზე, არც ბრალდების ის მოწმეები ამბობენ რაიმეს, რომლებიც იწრმუნებიან, რომ ბარათელმა ზ.ჭ-ს „შტირით“ დაზიანება მიაყენა.

აღსანიშნავი ისაა, რომ გიორგი ბარათელთან ერთად საკანში 18 ადამიანი იყო. მათგან მხოლოდ ერთადერთი ა.ზ. ამბობს, რომ დაინახა ბარათელმა ზ.ჭ-ს ორჯერ როგორ მოუქნია ხელი და შემდეგ ორ ნაბიჯში, იატაკზე, ადმინისტრაციის თანამშრომლების თვალწინ როგორ დააგდო „კბილის ჯაგრისის ტარზე მორგებული ხელნაკეთი ე.წ. „შტირი“, რომელსაც თავზე წამოცმული ჰქონდა ლურსმნისმაგვარი წვეტიანი ლითონის ღერო“ და გაიქცა.

ბარათელის თანასაკნელ ა.ზ-ს თავდაპირველად ეგონა, რომ ბარათელმა ზ.ჭ-ს ზურგში მუშტი ჩაარტყა, მაგრამ მერე დაუნახავს, რომ ეს მუშტი კი არა „შტირი“ ყოფილა, რომლითაც ბარათელისთვის ერთი ნაჩხვლეტი ჭრილობა მიუყენებია, საიდანაც თურმე სისხლი ჟონავდა.

აი, რას წერს „ლურსმანშერჭობილი“, იგივე „შტირშერჭობილი“ პატიმარი, რომელიც იმავე დღეს - 2012 წლის 27 ნოემბერს, ღამის ათ საათზე დაკითხეს:

„...საღამოს, რაოდენობრივი შემოწმების მიზნით მორიგე განწესის წევრებმა საკანში მყოფი მსჯავრდებულებიგაგვიყვანეს ამავე კორპუსის დერეფანში, სადაც ჩატარებულ იქნა მსჯავრდებულთა საღამოს შემოწმება. შემოწმების მიმდინარეობის დროს ვიდექი მე-10 საკნის მიმდებარედ პირით კედლისკენ. ამ დროს უკნიდან ვიგრძენი ადამიანის შეჯახება, თუმცა, ყურად არ მიმიღია და გავემართე მე-6 საკნის მიმართულებით.

საკანში შესვლის შემდეგ, საკვების მისაწოდებელი სარკმლიდან მომიკითხა კორპუსზე მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც მთხოვეს საკნიდან გასვლა ექიმთან ვიზიტის მიზნით. ამავდროულად მკითხეს ვიგრძენი თუ არა რაიმე ტკივილი, რაც გავიკვირვე, რადგან არაფერი მაწუხებდა. მიუხედავად ამისა, თანამშრომელთა დაჟინებული თხოვნის საფუძველზე გავესინჯე მორიგე ექიმს, რომელმაც გარეგნული დათვალიერებით ზურგის მიდამოში დააფიქსირა დაზიანება. თუმცა, მისი განმარტებით, აღნიშნული დაზიანება არაფერს წარმოადგენდა და წამისვა იოდი. სხვა სახის სამედიცინო დახმარებას არ ვსაჭიროებდი.

კითხვაზე გიპასუხებთ: ჩემთვის უცნობია თუ რა ვითარებაში მომადგა დაზიანება ზურგის მიდამოში. მოცემული დაზიანების მიღება არ მიგრძვნია. იგი წარმოადგენს მცირე ზომის ნაჩხვლეტს და ხელის შეხებით არ არის მტკივნეული.

კითხვაზე გიპასუხებთ: შესაძლოა მოცემული დაზიანება მიმეღო შემთხვევით, გაუცნობიერებლად, რადგან დაზიანების მიღება საერთოდ არ მიგრძვნია...“

შეგახსენებთ რომ გიორგი ბარათელი სასჯელს იხდის 2007 წლის 20 მაისიდან, აკადემიკოს გურამ შარაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით და მას 26 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი. აკადემიკოსის მკვლელობის დღიდან დღემდე მისი ოჯახი აცხადებს, რომ ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს. ბარათელმა 2012 წლის 18 ოქტომბერს მე, ნინო მიქიაშვილს და უფლებადამცველებს დიმიტრი ლორთქიფანიძესა და სოსო მანჯავიძეს ორთაჭალის N1 საპყრობილეში განგვიცხადა, რომ იგი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, მხარში დაჭრეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთადერთი მიზნით - მისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა, მაშინ, როცა გურამ შარაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

22 ოქტომბრიდან ბარათელის დაცვის საქმეში ადვოკატი მამუკა ნოზაძე ჩაერთო. ამავე დღეს ორთაჭალის საპყრობილიდან ადვოკატმა ბარათელის განცხადება გამოიტანა, მთავარი პროკურორის სახელზე,  რომელიც პროკურატურაში მეორე დღეს შევიდა - ბარათელი მთავარ პროკურორს საქმის ხელახალ გამოძიებას და დაკითხვას სთხოვდა.

2012 წლის 29 ნოემბერს ორთაჭალის N1 საპყრობილეში ბარათელთან შესახვედრად მისულ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს საპყრობილის დირექტორის მოაგდილემ განუმარტა, რომ ბარათელმა თანასაკნელს ლურსმანი შეურჭო, რის გამო გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს. საქმე აღიძრა უკანონო ნივთის შენახვისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე.

30 ნოემბერს ბარათელმა მისი უფლებების დამცველ ადვოკატს ჟურნალისტებისთის, უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია წერილი გამოატანა, რომელშიც  ე.წ. ლურსმნის შერჭობის ამბავი კატეგორიულად უარყო და საზოგადოებას სთხოვა სიმართლის დადგენაში დახმარება, ხოლო პროკურატურას მისი დაკითხვის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

2012 წლის 17 დეკემბერს ბარათელი პროკურორმა შალვა ცერცვაძემ გამოკითხა. გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიების დაწყების თაობაზე ცნობილი ჯერჯერობით არაფერია.