ქალაქში, სადაც 360 მლნ ლარიანი პარლამენტის გამჭირვალე შენობა დგას, ახალგაზრდა თაობა - კინოთეატრის ფუნქციონირებაზე ოცნებობს, მათი მშობლები - უმუშევრობაზე წუხან, ხოლო პენსიის ამარა დარჩენილი მათი ბებია-ბაბუები, მედიკამენტებზე დაწესებულ მაღალ ფასებს აპროტესტებენ და პენსიის გაზრდას ელოდებიან. საუბარია საპარლამენტო ქალაქ ქუთაისზეა, რომელსაც თავად ქუთათურები „მკვდარ ქალაქს“ უწოდებენ და არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირებენ.
For.ge ქუთაისში მცხოვრები ადამიანების პრობლემებითა და ქალაქში არსებული ვითარებით დაინტერესდა და სამი დღე იმის გარკვევას დაუთმო, თუ რა შეიცვალა წინა ხელისუფლების მიერ დაანონსებული - დეცენტრალიზაციით.
უპირველეს ყოვლისა, რაც რესპოდენტთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, ხალხში დასადგურებული შიშის გარდატეხაა, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი იდენტიფიცირებას თავს მაინც არიდებს და ვინაობის დასახელებისას მხოლოდ სახელს გვიმხლეს. რა თქმა უნდა, ეს ყველა რესპოდენტზე არ ითქმის. ქალაქში არსებული რეალობის დადგენის მიზნით, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიკითხა, რომელთა შორის ყველა თაობის ადამიანი იყო, კვლევის შედეგები კი, შემაძრწუნებელია და მოსახლეობაში არსებულ სიდუხჭირის სურათს ნათლად ხატავს.
ქალაქში რუტინული ცხოვრება დილის 6 საათზე იწყება. ამ დროს, მუშაობას თვითდასაქმებული ადამიანები იწყებენ - ტაქსის მძღოლები, ტვირთმზიდავები, გარე მოვაჭრეები და ა.შ. დაახლოებით 9-დან 10 საათამდე მუშაობას სალონები, ბანკები, ლომბარდები, ფულის გადასახურდავებელი პუნქტები, კერძო კომპანიები, მაღაზიები და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები იწყებენ, რომელთა მუშაობის მიუხედავად, ფაქტია, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ცხოვრება გაჭირვებაში უწევს.
ქალაქში მოსახლეობის ნაწილი წვიმასა და თოვლში, მძიმე პირობებში მუშაობს. ამ მხრივ განსაკუთრებით, იმ ადამიანების ყოფაა გაუსაძლისი, რომლებიც ვაჭრობის სფეროში არიან დასაქმებულნი. შემზარავია იმ სურათის ნახვა, როდესაც, გარემოვაჭრეები თოვლისა და წვიმის შედეგად გაყინულნი და დასველებულნი ლუკმა-პურისთვის საჭირო რამდენიმე ლარისთვის ქუჩაში დგანან. ბუნების შემოტევას მტკიცედ უძლებენ და გარევაჭრობის დროებით დაშვებისთვის მადლობას იხდიან, რადგან მათ ის დრო ძალიან კარგად ახსოვთ, როდესაც, წინა ხელისუფლების პირობებში აწიოკებდნენ, რაც ზოგჯერ ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფით სრულდებოდა.
მართალია, გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მაგრამ მეორე მხრივ, ბაზრებში არსებული მონოპოლიების ლაბირინთების გარკვევას, ხალხი ისევ ქუჩაში ყოფნას ამჯობინებს.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ საყოველთაო პრობლემებს, მოსახლეობა განსაკუთრებით უმუშევრობაზე წუხს და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავს.
ბატონი ნოდარი, რომელიც 60 წლის გახლავთ, ცენტრალურ ბაღში, არსებულ სკამზე მარტო იჯდა და, როგორც ჩანს, პრობლემებზე იყო ჩაფიქრებული, რადგან ჩვენს კითხვაზე - რა გიჭირთ ყველაზე მეტად - პასუხი სხარტი და ლაკონური აღმოჩნდა - უმუშევრობა. ბატონო ნოდარს, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა და თან, სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, მეტი კითხვა დავუსვით და დავინტერესდით, რითი არსებობენ ქუთაისში ოჯახები. ამ შემთხვევაშიც, პასუხი მოკლე აღმოჩნდა - „წასული ხალხით“. ბატონი ნოდარი „წასულ ხალხში“ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს გულისხმობდა.
ქუთაისიდან წასული ხალხი კი, ძალიან ბევრია. თითქმის ყოველი მესამე ოჯახიდან, თუ არა მეორე ოჯახიდან, ერთი ადამიანი საზღვარგარეთ არის წასული, რომელიც საკუთარი შრომით, საქართველოში მყოფ ოჯახის დანარჩენ წევრებს ინახავს. თუმცა, ამ „შენახვის“ უკან ძალიან დიდი სევდა და მონატრება სუფევს. ნათელა კვანტალიანი, რომლის შვილიშვილიც ამერიკაში ცხოვრობს, იმაზე წუხს, რომ ქვეყანას ხალხი სიღატაკის გამო ტოვებს. „ნახევარი საქართველო რომ წასულია, ეს ტერორზე მეტი არ არის?!“ - ამ რეპლიკის შემდეგ ქალბატონმა ნათელამ ტირილი დაიწყო და საუბარი მეორე შვილშვილზე გააგრძელა, რომელიც სამი დღის წინ, თურმე, თურქეთში პურის საცხობში დასაქმების მიზნით წასულა, ბებია კი ტიროდა და დასძენდა - „რამდენიმე დღეა ველოდები და არ დაურეკავს. დღეებს ტირილში ვატარებ“.
ქართველები დასაქმების მიზნით, საზღვარგარეთს რომ აფარებენ თავს, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ქვეყნის ტრაგედია ის არის, რომ საზოგადოების ნაწილს საკუთარ სამშობლოში ფეხის მოკიდება უჭირს, რის გამოც თვალი საზღვარგარეთ წასვლაზე უჭირავთ. ერთ-ერთი მათგანია სოფო ბობოხიძე, რომელიც დამოუკიდებელი ფოტოგრაფია. სოფო გვიმხელს, რომ საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლაზე ძალიან დიდი ხანია ფიქრობს და ამბობს, რომ „წავა არა იმიტომ, რომ რაიმეს გაურბის, არამედ იმიტომ, რომ ქუთაისში საკუთარი თავის კიდევ უფრო განვითარებასა და რეალიზების პერსპექტივას ვერ ხედავს“. სოფო განსაკუთრებით იმაზე წუხს, რომ ქალაქში არ არის შემეცნებითი ხასიათის ობიექტები - ლიტერატურული და პრეს-კაფეები, ასევე – კინოთეატრი, სადაც „ცხოვრებით დაღლილი ადამიანი ფილმს უყურებს და ყოფიერებას წამიერად მოწყდება“. სოფო კინოთეატრზე საუბრისას გვიყვება, რომ ქალაქში კინოთეატრი „სულიკო“ იყო, სადაც რამდენიმე წლის წინ, საბილიარდო გაიხსნა, ხოლო მოგვიანებით, ვინაიდან, ამ ბიზნესმა არ გაამართლა შენობაში ტოტალიზატორი განათავსეს და ამჟამად ტრაგი-კომიკური ვითარებაა შექმნილი.
კინოთეატრის შენობის ფასადს ერთ კუთხეში წარწერა „სულიკო“ ამშვენებს, ხოლო მეორე კუთხეში – „ტოტალიზატორი“, თუმცა ამჟამად ორივე უფუნქციოა. „სულიკოს“ გარდა, ქუთაისში მეორე კინოთეატრი, „ქუთაისი“ უნდა გახსნილიყო, მაგრამ ალბათ, ამ შენობის გახსნას კიდევ დიდი ხანი დაჭირდება, რადგან შენობა გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან – მოყვარეს. For.ge-მ შენობა დაათვალიერა. შენობის ფასადი უკვე მოწესრიგებულია, ხოლო შენობის შიგნით მხოლოდ შავი კარკასია. სოფო გვეუბნება, რომ თურმე ამ შენობის ფასადი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე გაუხსნია. შენობა კი, ისევ მშენებლობის პროცესშია. „სჯობს, მეოთხეჯერ გახსნან, მაგრამ ნამდვილად გახსნან“, - ამბობს სოფო.
ქალაქში შემეცნებითი ობიექტების ნაკლებობაზე, სოფოს გარდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები - თინათინ ჩოგოლაძე და მარიანა კოლტიც საუბრობენ. რესპოდენტთა გამოკითხვისას, ცენტრალური ბაღის წინ, თინათინი და მარიამი შევნიშნე, გოგონებს გამოვესაუბრე და დავინტერესდი - თუ რითი ერთობა ახალგაზრდობა ქუთაისში და რა პრობლემებს აწყდებიან. თინათინს ამ კითხვის მოსმენა დიდად ეამა, როგორც აღმოჩნდა, გოგონები იმ ფაქტით იყვნენ აღშფოთებულნი, რომ ისინი ქართული თეატრის კვირეულის მოსაწვევების გარეშე დარჩნენ. კვირეულს ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი მასპინძლობს და სპექტაკლებზე დასწრებაც მოსაწვევით ხდება, ამ მოსაწვევებს კი, ქუთაისის კულტურის სამსახური არიგებს. „ხელოვნების მხრივ, ქალაქში ბევრი რამ გვაკლია – კინოათეატრი, თეატრი და ა.შ. სიგიჟემდე გვინდა, რომ მესხიშვილის დრამატულ თეატრში შევიდეთ და მოსაწვევები ვიშოვოთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ არ არისო“.
მოსაწვევის გარეშე დარჩენილი თინათინი მეტად ენაწყლიანი აღმოჩნდა და გულახდილად იმ პრობლემებზეც დაიწყო საუბარი, რომელიც ახალგაზრდებს ქუთაისში ექმნებათ. თინათინი ამბობს, რომ სწავლის დონის უკმაყოფილი არ არის, მაგრამ სწავლას ერთ სემესტრში დაამთავრებს და არ იცის სად დასაქმდეს. „უნივერსიტეტს ვამთავრებ და იმის ფიქრში ვარ, თუ სად დავსაქმდე. ქალაქში პერსპექტივა არ გვაქვს. როდემდე უნდა ვიყო დამოკიდებული მამაჩემზე , რომელიც საცდელმექანიკურ ქარხანაში მუშაობს და რომელსაც, შრომის გარდა არაფერი უნახავს. სახლში დავჯდე? - არ მინდა. მსურს, რომ კონკურენტუნარიანი ვიყო“, - დასძენს თინათინი და საიდუმლოსაც გვიმხელს. მისი ოცნება პარლამენტში დასაქმება ყოფილა და ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს გადმოტანას იმედის თვალით შეჰყურებდა კიდეც, მაგრამ ხედავს, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობით არაფერი იცვლება: „გადმოიტანეს და არაფერი შეცვლილა და რომ გადაიტანენ, რა შეიცვლება? პარლამენტის აქეთ-იქეთ ტარებას, რა აზრის აქვს? სჯობს, ფაბრიკა-ქარხნები შეიქმნას და ეკონომიკის განვითარებისთვის არსებული რესურსი გამოიყენონ. ქუთაისში ჩინელებსა და ეგვიპტელებს ფაბრიკები აქვთ გახსნილი, სხვა ეროვნებების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ სჯობს, რომ ფაბრიკები ქართველებმა გახსნან და ქართული ნაწარმი ექსპორტზე გავიდეს?“
უნდა ითქვას, რომ თინათინის მსგავსად, კითხვაზე - „რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით?“ – ყველა რესპოდენტის პასუხი იდენტური იყო - არაფერი! პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით სოფო ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთასში გადატანით მხოლოდ იმ ადამიანებმა იხეირეს, რომელთაც ბინები აქვთ გაქირავებული. „არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ როგორც ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს მეტი საქმე გამომიჩნდა და პარლამენტში არსებულ ვითარებას ვაშუქებ. საუბარი დეცენტრალიზაციასა და ქალაქის განვითარებაზე იყო, თუმცა თქვენც ხედავთ, რომ 18:00 საათის შემდეგ, ელემენტარულად, უცხოურ ვალუტასაც კი ვერ გადაახურდავებ, რადგან საღამოს ყველაფერი დახურულია“.
სოფოს და თინათინის მსგავსად, სტუდენტი სალომე გოგიძე და 50 წლის გია ზედაშიძე აცხადებენ, რომ მათთვის პარლამენტის გადმოტანას არავითარი სარგებელი არ მოუტანია. სალომე ამბობს, რომ „ქუთაისი, კვლავ მკვდარ ქალაქად რჩება“, ხოლო, ბატონი გია მომავალს იმედის თვალით უყურებს და ამის მიზეზსაც ასახელებს - „ბედნიერი ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. იმიტომ, რომ სიმართლემ იზეიმა, ქუჩაში სიარულის აღარ მეშინია, რომ დაგვიჭერენ. ქუთაისს აწუხებს წყლის მომარაგების პრობლემა, ასევე გზებისა და, რაც მთავარია – ღირსების. იმ ღირსების, რაც მას ჰქონდა და წინა ხელისუფლებამ წააართვა“.
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ პრობლემებზე ლერმონტოვის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრები ამირან გიორგაძე საუბრობს, რომლის სახლიც რიონის პირას არის განთავსებული. „ჩვენს ქუჩაზე, რიონის პირზე, ავარიული აივნებია და ხალხს შესაძლებლობა არ აქვს, რომ გააკეთოს. ვინც გააკეთა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტანდარტებს არ შესაბამება. რაც შეეხება უშუალოდ რიონის პირს, ძალიან დაბინძურებულია. ამ მხარეს, არ აქვს კანალიზაცია და ამის გაკეთება აუცილებელია. წყლის მილებზე საუბარიც კი, ზედმეტია. მილები დახეთქვაზეა. რიონის მხარეს, სიბინძურის გამო, ზაფხულში ისეთი სუნი დგება, რომ ფანჯარას ვერ გააღებ. პრობლემას წყალზე გრაფიკის არსებობაც წარმოადგენს. ასევე ქალაქის ზოგიერთ უბანში, პრობლემას გზაც წარმოადგენს. 21-ე საუკუნეში, რომ წყალზე გრაფიკი გექნება და გზა მიუვალი იქნება, ეს სირცხვილია, რადგან ხალხი ექვსკურსიაზე უკვე კოსმოსში მიდის“, - აცხადებს გიორგაძე.
ზემოთაღნიშნული პრობლემების გარდა, ამირან გიორგაძე ფასადების მოწესრიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საშუალოდ მაცხოვრებელ ოჯახებსაც კი, სახლის სახურავები სავალალო მდგომარეობაში აქვთ. „წინა ხელისუფლებას ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა ქვეყნის გასახლეჩად სურდა და ქუთაისის ინტერესი მათ არ ჰქონიათ. არ სჯობდა, რომ 360 მლნ ლარიდან, რომელიც პარლამენტის შენობა დაჯდა, 200 მლნ ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დახარჯულიყო? თუ მათ იმერეთის წარმატება აინტერესებდათ, აქ პარლამენტი კი არ უნდა გადმოსულიყო, არამედ საკონსულოები და საელჩოები, რაც რეგიონს მამოძრავებელ ძალასა და ეკონომკურ წინსვლას მისცემდა“, - დასძენს გორგაძე.
ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლების მსგავსად, დასუფთავებასთან დაკავშირებით, პრეტენზიებს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებნიც გამოთქვამენ, სადაც ქვეყნის უმაღლესი ორგანოს შენობაა განთავსებული. ამ ქუჩაზე ტრაგი-კომიკური ვითარებაა შექმნილი. პარლამენტის წინ, ცენტრალურ ქუჩაზე გზის საფარი მოწყობილია და სამი კორპუსის შენობაც ხისა და ე.წ. პლასტმასის კონსტრუქციაშია მოქცეული, ხოლო მათ გვერდით განთავსებული დანარჩენი კორპუსების ფასადები - 90-იან წლებს გაგახსენებთ. რაც შეეხება გზას, პარლამენტიდან 50 მეტრში, გზის საფარი მეტად დაზიანებულია და არსებობს დაჭაობებული ადგილები, რომლებიც მეტად დაბინძურებულია. დასუფთავების პრობლემა განსაკუთრებით თავს ზაფხულობით იჩენს, როდესაც ფანჯრების გაღება ხდება საჭირო. თუმცა, პრინციპში, ფანჯრებს იმ ბინებში ვეღარც კი აღებენ, რომლებიც ხისა და ე.წ. პლასტმასის კონსტრუქციაშია მოქცეული. კერძოდ, ფანჯარასა და ამ კონსტრუქციას შორის მანძილი დაახლოებით 20 სმ-ია. შესაბამისად, მოსახლეობა არათუ ფანჯრებს ვერ აღებს, არამედ მათ უკვე წლებია ეზოშიც კი ვეღარ გადაუხედავთ.
16–სართულიან კორპუსში არსებული პრობლემების გასარკვევად, for.ge კვანტალიანების ოჯახს ესტუმრა, რომელიც სამი წევრისაგან შედგება. ავთანდილ და ნათელა კვანტალიანები პენსიონერები არიან, ხოლო მათი 49 წლის შვილი – უმუშევარი. ოჯახი თავს, 250 ლარითა ირჩენს, რომელსაც სახელმწიფო მათ პენსიის სახით აძლევს. ბატონმა ავთანდილმა ჩვენთან საუბარი კორპუსზე განთავსებული კონსტრუქციით დაიწყო. „კლეტკებში მოგვაქციეს და როგორ ფიქრობთ, არ გვაწუხებს? კონსტრუქციას რომ აკეთებდნენ, ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. რამე რომ ეკითხათ, ნებას დავრთავდით?! განცხადება დავწერეთ, მთავარი არქიტექტორი მოვიდა და მითხრა - ბაბუა, განცხადება რომ შეიტანო, ვინ უყურებს ამასო? - ფანჯრები ცოტათი იღება, მაგრამ ქვემოთ ვერ გადაიხედავ და ჰაერი არ შემოდის“, - ამბობს ბატონი ავთანდილი, რომელმაც საუბარი სოციალურ პრობლემებზე გადაიტანა და განაცხადა, რომ მათი ოჯახის შემოსავლი 250 ლარია.
მას შემდეგ რაც, კვანტალიანების სახლში გაზის გამათბობელი ჩართული შევნიშნე, დავინტერესდი - თვეში თუ რამდენს იხდიან მოხმარებული ელექტროენერგიისა და აირისთვის. ბატონი ავთანდილის პასუხი კი შემზარავი და მეორეს მხრივ, იუმორით გაჯერებული აღმოჩნდა - „სამი დღეა ავად ვარ და გამათბობელის ჩართვა ვამჯობინეთ, მაგრამ ამასაც ცოტა ხნით, დილით და საღამოს ვრთავთ. რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, ძვირს არ ვიხდით, რადგან შუქები არსად გვინთია, მხოლოდ ღამით, საძინებელ ოთახში გასვლისას ვრთავთ“.
კვანტალიანების ოჯახს განსაკუთრებით მედიკამენტებზე არსებული ფასები აწუხებთ და ამბობენ, რომ პენსიის ნახევარზე მეტი მედიკამენტებზე არ უნდა წავიდეს და ერთი აბი წამალი სამი ლარი არ უნდა ღირდეს. „20 აბში 18 ლარს რომ გადაიხდი, რა ცხოვრებაა ეს?! ჩემი შვილი 49 წლისაა, მუშაობას ვერ იწყებს და ყველგან ეუბნებიან, რომ გადაცილებული ხარ ზღვარსო. თავს პენსიით ვირჩენთ, ძალიან თუ გაგვიჭირდა, მაშინ – შემონახულ ნივთებს ვყიდით. უბედურ დროს რომ ახსნებენ, მაშინ ვყოფილვართ კომუნიზმში, უბედურ დროში ახლა ვართ. ბიძინა ივანიშვილი თუ გვიშველის რამეს, თორემ დასამარებულები ვართ, ამისთანა სიცოცხლეს, სიცოცხლე ჰქვია?“, - გვეკითხება ბატონი ავთანდილი. პასუხი ვერ გავეცი და კითხვა პარლამენტის ქუთაისში გადმოტანაზე დავუსვი, შემდეგ კი, იმით დავინტერესდი, რა აზრისაა საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებაზე.
„პარლამენტის გადმოტანით, ჩვენი ოჯახისთვის არაფერი შეიცვალა, მაგრამ ქუთაისში რომ გადმოვიდა იმედი გვქონდა, რომ ჩვენს ქალაქს ყურადღებას მიაქცევენ–თქო, მაგრამ ვინ აცალა?! ახლა, ისევ გადატანაზე საუბრობენ. გადატანის მომხრენი კი არ ვართ. სჯობს, ხალხს მოგვხედონ. როცა კენჭს იყრიდნენ უნდა სცოდნოდათ, რომ ქუთაისში უნდა ყოფილიყვნენ, ახლა კი ამბობენ, რომ წინ და უკან სიარულით დავიღალეოთო და რატომ იყრიდნენ კენჭს?“, - დასძინა ბატონმა ავთანდილმა.
ქუთაისის მცხოვრებნი ერთობლივად იმაზე თანხმდებიან, რომ იმერეთში პარლამენტის გადმოტანით მათთვის არაფერი შეცვლილა, მაგრამ პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე ხმები იყოფა. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნინელი, რომელიც 59 წლის არის, ამბობს, რომ მისი ოჯახისთვის, პარლამენტის გადატანით არაფერი შეცვლილა და სურს, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში დარჩეს, მაგრამ იმას აცნობიერებს, რომ პარლამენტი ქუთაისში ზედმეტ ხარჯებს იწვევს.
„სახელმწიფოსთვის ზედმეტი ხარჯია, აბა მეტი რა გაკეთდა? 360 მლნ ლარით სჯობდა ქალაქში არსებული პრობლემები მოეგვარებინათ. ქუთაისში პარლამენტის ყოფნა მიხარია, მაგრამ „ნაციონალების“ ჯინაზე მინდა, რომ საკანონმდებლო ორგანო თბილისში გადავიდეს. განა, თავად „ნაციონალებს“ მოსწონთ, ქუთაისში პარლამენტის ყოფნა? - უბრალოდ, იხტიბარს სააკაშვილის გამო არ იტეხენ“, - ამბობს ქალბატონი ნინელი, რომელსაც ბატონი გია და სხვა რესპოდენტებიც ეთანხმებიან, რომლებიც პარლამენტის თბილისში გადატანას, ხარჯების შემცირებასა და მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს თანხვედრ მუშაობას მიესალმებიან.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის დროს გამოკვეთილი პრობლემების პარალელურად, ის ეჭვი დადასტურდა, რომ პარლამენტის გადატანის საკითხთან დაკავშირებით აზრი ქუთაისში მცხოვრები ადამიანებისთვის არ უკითხავთ. აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ქუთაისის თვითმართველობას კარგად უმუშავია და ხელმოწერებიც ჩვეულებრისამებრ „ჰარი-ჰარალოზე“ შეუგროვებია. იმ ფონზე, როდესაც, სახელმწიფოს ათიათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავს, 360 მლნ ლარს იმისთვის არ უნდა ხარჯავდე, რომ „თბილისი არ გიყვარს და თბილისი ოპოზიციაურია“. წლების განმავლობაში დაგროვილი შეცდომების გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვის სროლა ცოტა ხნის წინ, თავად ქუთაისელებისგან მიიღეს, მაგრამ ვინაიდან, ქვეყანაში „ოცნებების“ ახდენის მოტივით, ხალხმა პირველ ოქტომბერს ახალი ხელისუფლება მოიყვანა, პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა თითოეული მოქალაქის ოცნებების ასრულებაზე უნდა იფიქროს და არა საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერაზე.