თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ყოფილი მანდატურების სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ, რომლებიც ამავე სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის მამია ფხაკაძის ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მანდატურებს იმთავითვე მოლოდინი ჰქონდათ, რომ კუბლაშვილის სასამართლოში მათ გამარჯვება არ ეწერათ, რადგან კოტე კუბლაშვილს მოსამართლეების შეკრების დროს პირდაპირ უთქვამს, ვნახოთ, რას მოიგებენ მანდატურებიო.
ყოფილი მანდატურები აცხადებენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელმძღვანელობის სხვადასხვა რგოლში მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით მათ განცხადებით მიმართეს სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო სასამართლოს შვიდი მანდატური პროტესტის ნიშნად გაიფიცა, ხოლო 2012 წლის 1 ნოემბერს კოლექტიური განცხადების საფუძველზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე პროტესტის ნიშნად დატოვეს სამსახური.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თავმჯდომარის მიმართ პირადი განცხადებით მიმართვას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო გათავისუფლების ბრძანებაში კი სწორედ ეს საფუძველია მითითებული.
ამის მიუხედავად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და მოსარჩელეთა ერთობლივი განცხადება ჩაითვალა მათი მხრიდან სამსახურიდან წასვლის თაობაზე ნების გამოხატულებად. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა მანდატურთა თხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ყოფილი მანდატური გიორგი უშვერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კუბლაშვილის მუქარამ - მანდატურები ვერაფერს წაიღებენო - შედეგი გამოიღო და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეს მაშინ, როცა მანდატურების სასამართლო პროცესს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, იურიდიულ საკითხებში ელჩის მრჩეველი ჯარედ კიმბოლი ესწრებოდა, რომელსაც მანდატურებისა და კუბლაშვილის სასამართლოში ე.წ. „ჟუჩოკების“ დამონტაჟების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
„გვეგონა, ამერიკის საელჩოს მრჩევლის ფაქტორს მაინც გაითვალისწინებდნენ, თუმცა მოსამართლე იყო კობა გოცირიძე, ე.წ. „ქილერი-ნოტარიუსი“, რომელმაც
“ქართული ოცნების“, ასევე, კალაძის საქმე ცალმხრივად განიხილა. იურიდიულად ჩვენ მართლები ვიყავით და ჩვენსავე ნაწერზე გვეუბნებიან, თქვენ რომ ამას წერდით, სინამდვილეში, ეს ასე არ არისო. მე არ ვიცი, რა ვიგულისხმე და რა დავწერე? სამსახურიდან ერთ-ორი დღით დათხოვნა და სამსახურის დატოვება სულ სხვადასხვა რამაა და არ ნიშნავს, რომ თანამდებობიდან გავთავისუფლებულიყავით. ჩვენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდიდით და ამის გამო პროტესტის ნიშნად გავაგრძელეთ გაფიცვა. გაფიცვის გამო სამსახურში მოვალეობას არ ვასრულებდით, ამიტომ მათ 31 ოქტომბერს გვითხრეს, 1-ელ ნოემბერს გამოცხადდით ან საპატიო მიზეზი გვითხარითო. 1-ელ ნოემბერს სამსახურში მივედით, თუმცა იგივე სიტუაცია დაგვხვდა. სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო და შეურაცხყოფა არ მოეყენებინათ, ხულიგნური ფაქტი არ მომხდარიყო და ისევ ჩვენ არ წავსულიყავით ციხეში, ამას თავი ავარიდეთ და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სამსახური. თუმცა ეს დროებითი წასვლა იყო, სანამ მამია ფხაკაძე არ გამოიკვლევდა ჩვენი წასვლის მიზეზს“, - აცხადებს გიორგი უშვერიძე.
მანდატურის თქმით, სასამართლოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ ცალმხრივად გამოიკვლია მათი წასვლის მიზეზი და 130 ადამიანს მოაწერინა ხელი, თითქოს მათზე ზეწოლა არ ყოფილა, თითქოს მენეჯერი ვანო ზარდიაშვილი, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებდა, კრეატიული ადამიანი და უდიდესი პიროვნება იყო.
„ბაყაყი დასაჯეს, წყალში გადააგდესო“, - ეს გამოთქმა ხომ იცით?! ვანო ზარდიაშვილიც დააწინაურეს და ახლა იგი უზენაესი საბჭოს საფინანსო დეპარტამენტის განყოფილებაშია. ის ორი ადამიანი კი, ცვლის უფროსები, რომლებსაც ზეწოლაში ვადანაშაულებდით, ისევ სასამართლოში მუშაობენ და კუბლაშვილისა და ფხაკაძის პროტეჟეები არიან. დანარჩენ მანდატურებსაც ბევრი რამ აქვთ სათქმელი, მაგრამ ჩუმად არიან, რადგან ხედავენ, რომ ჩვენ უმუშევრები დავდივართ და არც მათ ჰყავთ პატრონი“, - აღნიშნა გიორგი უშვერიძემ.
მისივე თქმით, მათ საქმესთან დაკავშირებით 35 მანდატურს შორისაც ჩატარდა მოკვლევა, თუმცა ოთხი კაცის ნაწერის გარდა, ყველგან ჩანდა, რომ ერთი და იმავე კითხვარით იყო პასუხი გაცემული, ანუ მათ დაკითხვას უწყობდნენ და არა - ახსნა-განმარტებას. ისინიც შაბლონურ პასუხებს წერდნენ.
ყოფილი მანდატურები მალე სააპელაციოში შეიტანენ სარჩელს, თუმცა წინასწარ იციან, რომ კუბლაშვილის სასამართლოში მაინც ვერ გაიმარჯვებენ.
„ღმერთმა დაგვიფაროს, სტრასბურგამდე მოგვიწიოს ლოდინი და დიდხანს გაგრძელდეს ამათი პარპაში. ესენი მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა წავიდნენ ციხეებში. მთელი ხალხი უნდა გამოვიდეს და მათი დასჯა მოითხოვოს, თუკი ამას ახალი მთავრობა არ გააკეთებს“.
მისივე თქმით, ჟუჩოკებთან დაკავშირებით სისხლის სამართლოს საქმე უკვე აღძრულია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პროკურატურაში იგივე კადრები დარჩნენ. ამდენად, თუ არჩილ კბილაშვილი და თეა წულუკიანი მკაცრად არ მოითხოვენ საქმეების გამოძიებას, ისე არაფერი გამოვა. კერძოდ, საუბარია, რომ ებრაელი ბიზსმესმენების ფუქსისა და ფრენკელის საქმის განხილვისას სასამართლოში „ჟუჩოკები“ დამონტაჟდა. ამიტომ ჩანაწერები უნდა ამოიღონ, თუ ვინ შედიოდა იმ დარბაზში დილის ცხრა საათზე, რა უნდოდა უცხო კუდის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში?
„ამისთვის კუდის სპეციალური თანამშრომელი მოდიოდა, მანდატურები გაფრთხილებულები ვიყავით, რომ იმ დროისთვის არავინ უნდა შეგვეშვა დარბაზში. თანაც, მხოლოდ რამდენიმე მანდატურს გვენდობოდნენ, თორემ ყველას კი არ ეუბნებოდნენ. ასეთი ჟუჩოკები დაუმონტაჟეს ნაფიც მსაჯულებს სათათბირო და სასადილო ოთახებში, რომ მათთვისაც მოესმინათ“.