პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელიდან საზოგადოებრივი მაუწყებელიც ეცლება. ქვეყნის პირველი პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს. კერძოდ, პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა ფუნდამენტურად იცვლება.
წარდგენილი ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე მცირდება და საკანონმდებლო ორგანოსადმი წარსადგენ კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ.
კანონპროექტის მიხედვით, კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, ხოლო მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადება მაუწყებლობის სივრცეში არაერთ მნიშვნელოვანი სიახლის დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტით, სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება შემოდის და მაუწყებლის ვალდებულება წესდება - მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება მისცეს. ასევე წესდება - მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები.
კანონპროექტით, ასევე განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესიც და წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. ამასთან, კანონპროექტს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესებიც შემოაქვს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრიც.
საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, უმცირესობა აკრიტიკებს, წინადადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის „მარწუხებში მოქცევად“ აფასებს და აცხადებს, რომ ცვლილება საქართველოს სვლას - ნატოში ზიანს მიაყენებს. უმრავლესობა კი, მომზადებულ წინადადებას დადებითად აფასებს და ოპოზიციონერთა არგუმენტებს „სასაცილოს“ უწოდებს.
როგორც For.ge-ს გიორგი კანდელაკმა განუცხადა, უმრავლესობას საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მოსწონს, მაგრამ ტელევიზიის ობიექტურობა გაზომვადია და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არჩევნების ყველაზე ობიექტური გაშუქებისთვის მაუწყებლის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
„ამავე დროს, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეისგან მოწოდება მივიღეთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა არ განხორციელდეს. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ტელევიზიაში ფინასური პოლიცია შედის და თავად მაუწყებლის ბორდი ამბობს, რომ ეს პროექტი არის ზეწოლა. წარმოდგენილი ცვლილებები არათუ აკომპლექტებს ბორდის წევრებს, არამედ ამჟამინდელ წევრებს ცვლის. ამ სიტუაციაში კი, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მას მაუწყებელი არ მოსწონს და ის „მეცხრე არხს“ უნდა შეუერთდეს. ეს პროექტი, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მარწუხებში მოქცევის მცდელობა. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა საქართველოს ნატოში ინტერგაციისთვის. მაია ფანჯიკიძეს კი შეუძლია თქვას, რომ ნატოში შესვლა გვინდა, მაგრამ ეს პროექტი ნატოს დაგვაშორებს“, - აცხადებს კანონმდებელი.
გიორგი კანდელაკის არგუმენტებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ელისო ჩაფიძე აბსურდულს უწოდებს და „ნაციონალური მოძრაობას“ წარსულს უხსენებს.
„გაოცებული ვარ. იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მესაკუთრეებს ტელეკომპანიებს ართმევდნენ და ჟურნალისტებს არბევდნენ, იმაზე საუბრობენ, რომ თურმე, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი რომ შეიცვალოს და თურმე, საზოგადოებამ „მაესტროსა“ და „კავკასიას“ რომ უყუროს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ, რაც რბილად რომ ვთქვა, სასაცილა. მათ ადგილზე მეტ სინდისიერებას გამოვიჩენდი და მოკრძალებულად ვილაპარაკებდი“, - განუცხადა For.ge-ს ჩაფიძემ.
კანონმდებლის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გუნდი უკანასკნელი ძალ-ღონით მედიაზე გავლენის შენარჩუნებას ებღაუჭება.
„მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ პროექტს, მივიღებთ და ისეთი ტიპის რეფორმები გატარდება, რომელიც 50 წლის განმავლობაში, ქართულ მედიაში ისეთი ტიპის ტერორს გამორცხავს, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხდებოდა“, - დასძენს დეპუტატი.
ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ თუ მომზადებულ წინადადებას პარლამენტი მიიღებს, ეს კარგი იქნება, რადგან ცვლილება საქართველოში მედია გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წინადადების ინიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა და ცვლილებები ინიცირების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს წარედგინა. სხდომაზე კი, კანონპროექტის მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა. ერთმანეთს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა პაპუაშვილი და უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი დაუპირისპირდნენ. უმრავლესობის წევრისთვის მიუღებელი კანდელაკის არგუმენტები აღმოჩნდა.
„თქვენ, რა გააკეთეთ ნატოსთის? სჯობს, გამოსვლა შეაწყვეტინოთ. ჯიბის ტელევიზია თქვენსკენ მოიკითხეთ. ნიჭიერ ადამიანებს მოვუსმენ, მაგრამ დემაგოგიის ატანა და ტრალი-ვალი არ შემიძლია. ლექციებს ნუ გვიტარებთ“, - მიმართა პაპუაშვილმა კანდელაკს.
აღნიშნულ ინციდენტს და საკითხის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ცვლილებებზე მსჯელობა პოლიტიკურ ძალებს შორის მწვავე კამათის ფონზე წარიმართება, მაგრამ წინადადების განხილვა სანამ დაიწყება, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს კანონპროექტის ინიცირება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ წინადადება საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდა, სადაც შედიან - ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, თამარ კორძაია, ეკატერინე ფოფხაძე, ნათია კუპრაშვილი, ლევან ავალიშვილი, ხათუნა ჯინჯიხაძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი გოგსაძე, მარინა ღოღობერიძე და გიორგი კლდიაშვილი.