ნაციონალური ბრძოლა ძველი კადრების შენარჩუნებისთვის

ნაციონალური ბრძოლა ძველი კადრების შენარჩუნებისთვის

ნაცმოძრაობის გენმდივნის შემდეგ, თანამშრომლების დათხოვნის შესახებ პატარა ნაციონალებიც ალაპარაკდნენ. დეპუტატი გიგი წერეთელი სამსახურებიდან თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლების შესახებ აკეთებს განცხადებას. მისი ინფორმაციით, ასეთ ფაქტებს განსაკუთრებით ადგილი აქვს რეგიონებში.

„გუშინ ჩოხატაურში ჩაატარეს თათბირი და ადამიანები დაითხოვეს. მათ პოლიტიკური მოტივების გამო სამსახურის დატოვება მოსთხოვეს. ცოტა ხნის წინათ იყო ოლეგ იაძის მაგალითი, რომელმაც გახსნა სეზონი და სხვა რაიონებშიც ცდილობენ, მას მიბაძონ, მათ შორის სამეგრელოში, კახეთში. ზოგიერთი სამინისტრო თავს იკავებს ასეთი მასობრივი გათავისუფლებებისგან, მაგრამ ვიცით, რომ ბევრგან ასევე იგეგმება. პოლიტიკური მოტივებით ან ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილებს გაუშვებენ.

ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როცა კერძო სექტორში შეიძლება, კიდევ უფრო შემცირდეს სამუშაო ადგილები. ის განცხადებები, რომ ხალხი თავისი ნებით წერს პატაკს და მიდის, გასაგებია, რომ 90%-სადმი არის კეთილი რჩევა ან იძულება, დატოვონ სამსახური. თუ ჩვენ გვინდა მართლა პოლიტიკურ ძალებს შორის თანაარსებობა, ეს ვერ იქნება მარტო გაღიმება და ხელის ჩამორთმევა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის და ჩვენ შორის კეთილგანწყობა. ეს უნდა იყოს ყველგან“, - განაცხადა წერეთელმა.

კიდევ ერთი ბრალდება არის ის, რომ სახელმწიფო უწყებებში ახალი ხელმძღვანელები ახალ თანამშრომლებს კონკურსის გარეშე იღებენ. კონკურსის გარეშე კი სამსახურში მხოლოდ ახლობელი ადამიანები ხვდებიან.

მინისტრთა მტკიცებით, უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლება მათივე განცხადებების საფუძველზე ხდება.  მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ მისი ბრძანებით, აღნიშნული უწყებიდან მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანია გათავისუფლებული, დანარჩენმა თანაშრომლებმა, რომლებმაც სამსახური დატოვეს, საკუთარი სურვილით დაწერეს განცხადება.

რაც შეეხება თანამშრომლების უკონკურსოდ მიღებას ხადური აცხადებს, რომ მის უწყებაში კონკურსები ცხადდება და ყველა ახალი თანამშრომლის დანიშვნა კანონის ფარგლებში ხდება.

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, მისი უწყებიდან მხოლოდ 30-მდე ადამიანი გათავისუფლდა.  გარდა ამისა, იყვნენ თანამშრომლები, რომლებმაც სამსახური თავისი ნებით დატოვეს.

შსს-დან თანამშრომლების საკუთარი ნებით წასვლაზე საუბრობს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც: „თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა სამინისტროდან წავიდა საკუთარი სურვილით, არასწორია იმის თქმა, თითქოს ჩვენ გავათავისუფლეთ ეს ადამიანები. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების მიღებას, თქვენ იცით, რომ თანამშრომლების მიღების წესი და გადამზადების ახალი სისტემა დავნერგეთ. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებენ ოპონენტები ამ გაუმჯობესებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სამინისტროში დავიწყეთ რეფორმები, რომელიც წლების წინ უნდა განხორციელებულიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები პრობლემებს კერძო სექტორშიც ხედავენ. მათი თქმით, იხურება ბევრი ბიზნესი და რა თქმა უნდა, ქრება სამუშაო ადგილები. მაგალითად, ამიერკავკასიაში კომპიუტერების ერთადერთმა მწარმოებელმა ქარხანა „ალგორითმმა“ მუშაობა შეწყვიტა. 2012 წლის ბოლოს კი სარეცხი საშუალებების მწარმოებელმა „ბერტამ“ წარმოება შეაჩერა.

ფინანსთა მინისტრი რადიო „კომერსანტთან“ კომპანიების დახურვას არასწორი მენეჯმენტით ხნის.

„საქართველოში ბიზნეს-გარემო გაცილებით უკეთესია, ვიდრე ოქტომბრამდე იყო. თუ კომპანიები დაიხურა, პრობლემა მათ მენეჯმენტში უნდა ვეძიოთ, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი, - უკეთესი იქნებოდა ამ კომპანიებს საკუთარ მენეჯმენტსა და ბიზნესის განვითარებაზე ეფიქრათ, ვიდრე სხვა რამეზე“.

ექსპერტთა ნაწილი კომპანიების გაჩერებას ხელისუფლების ცვლილებას უკავშირებს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ „ბერტამ“ პრობლემებზე არჩევნების შემდეგ განაცხადა, „ალგორითმმა“ კი კომპიუტერების წარმოება შეაჩერა, რადგან იცის, რომ ახალი მთავრობა მათი დამზადებული კომპიუტერებით სწავლებას აღარ მოახდენს.

მარკეტინგული კომპანია „თიემჯი მარკეტინგის“ დამფუძნებელი ნიკო თევდორაშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ წინა ხელისუფლებასთან, შეიძლება ვერ მოახერხონ თავისუფალი კონკურენციის პირობებზე მორგება. მისი თქმით, ელიტური კორუფციული სქემით მომუშავე კომპანიებს, შესაძლოა, გაუჭირდეთ თავისუფალ კონკურენციაში წარმატების მიღწევა.

მისი აზრით, ელიტურ კორუფციაში ჩართული კომპანიების გაჩერებამ მოკლე ვადაში შეიძლება გამოიწვიოს უმუშევართა რაოდენობა გაზრდა, თუმცა მათ დასაქმებას შეძლებენ ის კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებში წარმატების მიღწევა.