თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანას ქუთაისისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი არ მოჰყოლია – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აკეთებს. მისი თქმით, ქუთაისის ეკონომიკისთვის მეტი შედეგის მომტანი რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია და დასაქმების კუთხით მეტი სამუშაო ადგილი შექმნა იქნებოდა.
შეგახსენებთ: ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში დაბრუნება უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ "პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა მისი მკვლელობის, ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკაა".
ჩაფიძის თქმით კი, მას შემდეგ რაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, ვერც დასაქმების კუთხით გახდა ქალაქი უფრო მიმზიდველი და ვერც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ერთადერთი შედეგი, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვა, ჩაფიძის შეფასებით, ის არის, რომ ქალაქში პარლამენტარები ბინებს ქირაობენ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება არ ითვალისწინებს იმას, რომ მხოლოდ თბილისში იყოს საქართველოს პარლამენტი, ვინაიდან კანონი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იძლევა სხდომების ჩატარების საშუალებას, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით კი პარლამენტის თბილისში დაბრუნებით ქუთაისი არაერთი ეკონომიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ქუთაისში პარლამენტის დარჩენის შემთხვევაში იქ არასამთავრობო ორგანიზაციები გახსნიდნენ ოფისებს, საელჩოები ფილიალებს, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ,,აირაი“ მთლიანად ქუთაისში გადავიდოდნენ, ხოლო ცენტრალური მასმედიის საშუალებები ოფისებს გახსნიდნენ, საერთაშორისო კონფერენციების ნაწილიც ქუთაისში მოეწყობოდა.
თუმცა, ბობოხიძის თქმით, ყველა ამ ცვლილების განხორციელების საშუალება მას შემდეგ აღარაა აქტუალური, რაც დღის წესრიგში პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი დადგა.
მაგალითად დეპუტატს ტელეკომპანია „იმედი“ მოჰყავს, რომელმაც ქუთაისში ოფისის მშენებლობა შეაჩერა.
ბობოხიძის განცხადებითვე, პარლამენტის შენობის წინ ებრაელი ბიზნესმენთა ჯგუფი 21–სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი უკან ბრუნდება, მათ მშენებლობაზე უარი თქვეს.
„თუ უმრავლესობას რეგიონალური განვითარების უკეთესი გეგმა აქვს, წარმოადგინოს. დღეს 4, 5 მილიონი მოსახლეობიდან დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი თბილისში ცხოვრობს და დედაქალაქი ეკონომიკურად ისედაც ვითარდება,
რეგიონები კი ნელ–ნელა იცლება და მიგრაციის თავიდან აცილების ერთადერთი გზა სწორედ პარლამენტის ქუთაისში დატოვებაა,“ – აცხადებს ბობოხიძე.
მისივე თქმით, რეგიონის გადარჩენისთვის ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი მიგრაციის პროცესი, რომელიც უკვე წლებია დაწყებულია, სავალალო შედეგს გამოიწვევს. ამასთან, როგორც ბობოხიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, დღეს შეიძლება პარლამენტარებისთვის, მათ შორის მისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენდეს თბილისსა და ქუთაისს შორის მოძრაობა, მაგრამ 5–10 წლის შემდეგ ეს პრობლემაც მოიხსნებოდა და პარლამენტი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობითაც დაკომპლექტდებოდა.