საკრებულოს ხიდაშელის დასუფთავებული არ მოეწონა

საკრებულოს ხიდაშელის დასუფთავებული არ მოეწონა

დასუფთავების გადასახადის შესაძლო გაზრდამ თბილისელთა სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. თინათინ ხიდაშელის ინიციატივას არ ეთანხმება სრულიად თბილისის საკრებულო, მათ შორის, ოპოზიციაც. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის აზრით, დასუფთავების გადასახადზე ოპტიმალური ზღვარი 1 ლარია.

ხიდაშელის ნაჩქარევმა კანონპროექტმა თბილისის საკრებულოს უმრავლესობას ლაპარაკის საღერღელი აუშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში თბილისში ძალიან ბევრ ოჯახს გადასახადი გაუძვირდება იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ოჯახში რამდენიმე ადამიანია ჩაწერილი. აქამდე კი, მისი თქმით, მოსახლეობა ორიენტირებული იყო მარტოოდენ ელექტროენერგიის დაზოგვაზე და დასუფთავების გადასახადიც შედარებით ნაკლები უწევდა.

მისივე განცხადებით, ახლო მომავალში ისინი იმ ოჯახების რაოდენობას დაითვლიან, რომელთაც აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გადასახადი გაუძვირდებათ.

„მართალია ჯერ მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცირე რაოდენობა არ იქნება. 100-ლარიანი ვაუჩერები და ჩვენს მიერ შეთავაზებული დასუფთავების გადასახადის ვარიანტები, მოსახლეობისთვის უფრო მეტი შეღავათია, ვიდრე თვის განმავლობაში 3 ლარის გადახდა“, - აცხადებს შოშიაშვილი.

თინა ხიდაშელის ინიციატივაზე და საერთოდ კანონპროექტის განხილვაზე კომენტარს არ აკეთებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. სავარაუდოა, რომ ხიდაშელის არცთუ მომგებიანი ინიციატივიდან ახლა გამოსავალს ეძებენ.

საქმე ისაა, რომ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებაზე, შესაძლოა, კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში 3 ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, 1 კბ/მ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს დეპუტატ ხიდაშელის მიერ მომზადებული „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი.

იმის გამო, რომ ამ შეთავაზებას საზოგადოების მკვეთრი უკმაყოფილება მოჰყვა, დეპუტატმა მეორე დღესვე გააკეთა განმარტებები. ისევე როგორც საკანონმდებლო ინიციატივას, მის განმარტებასაც არგუმენტები და კომპეტენტურობა აკლდა.

როგორც კანონპროექტის ავტორმა განაცადა, იმის გამო, რომ სულადობრივი გადასახადის შემთხვევაში მრავალშვილიანი ოჯახები არ დაზარალდნენ, შესაძლოა, სულადობის ზედა ზღვარი დაწესდეს, რომელიც 3-4 სულით განისაზღვრება.

„ჩემი აზრით, გადასახადი უნდა განისაზღვროს სულადობით, 0-დან 3 ლარამდე. მრავალშვილიანი ოჯახები არ უნდა დაზარალდნენ. იმის გამო, რომ ოჯახში ბევრი ბავშვია, ეს არ ნიშნავს, ოჯახმა ყველა ბავშვზე 3 ლარი გადაიხადოს. ზედა ზღვარი უნდა განისაზღვროს სამი, მაქსიმუმ 4 სულით. ასეთი იყო გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც თავის დროზე საკრებულოში შევიტანე. იმ ვარიანტში, რომელიც მე საკრებულოს შევთავაზე, იყო 4-სულიანი ოჯახი“, - განმარტა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სტატისტიკურად დაზუსტებულია, რომ დასუფთავების საფასურის ასეთი ვარიანტი მოქალაქეებს გადასახადის ოდენობას არ უძვირებს. კანონპროექტის ინიციატორი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მხრიდან დასუფთავების გადასახადის განსაზღვრის ალტერნატიულ ვარიანტად, ბინის ფართიც იყოს შეთავაზებული. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მუნიციპალიტეტებს ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ.

„თუკი პარლამენტში ვინმეს მხრიდან ალტერნატივად იქნება შემოთავაზებული ფართზე მიბმა, ჩემთვის არც ეს არის მიუღებელი, რადგან მსოფლიო პრაქტიკა ამ თვალსაზრისითაც არსებობს, ანუ ორივე ვარიანტი თანაბრად ლეგიტიმურია. ამიტომ შესაძლოა, ორივე ვარიანტი განვიხილოთ და მუნიციპალიტეტებმა თავად გადაწყვიტონ“, - განმარტა ხიდაშელმა.

კანონპროექტის ინიციატორი ამტკიცებდა, რომ ცვლილებების პროექტის შესახებ დედაქალაქის ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

„მე ველოდებოდი თბილისის ხელისუფლების მხრიდან, რომ რამე ტიპის საჯარო გამოხმაურება იქნებოდა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, მათ ეს საკითხი არ აინტერესებთ. ამიტომ, თუ ასე დარჩა პირველ მოსმენამდე და მათგან არ იქნება არანაირი რეაქცია, შემოთავაზება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს მათი ინტერესია და პოზიცია უნდა გამოხატონ, თორემ ნამდვილად არანაირი აუცილებლობა არ არის ამაში, უნდათ გამოხატონ, უნდათ - არა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

კანონპროექტს გამოხმარულება ნამდვილად მოჰყვა და თანაც ისეთი, რომ მის ავტორს სასიამოვნო მოგონებად დარჩეს. ხიდაშელის ინიციატივას არ ეთანხმება არათუ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც კი. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ თბილისის მერია იძულებული გახდება პროექტი განსახილველად საკრებულოში გადააგზავნოს, რის შემდეგადაც საკრებულო მოსაკრებლის მაქსიმალურ ზღვარს 3-ის ნაცვლად, 1 ლარის ოდენობით დაამტკიცებს.

„მიმაჩნია, რომ 3 ლარი ბევრია. ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ საკრებულოს, ეს თანხა 1 ლარამდე შეამციროს“, - აცხადებს ზუმბაძე.