ვის აწყობს არჩევნების გადადება?

ვის აწყობს არჩევნების გადადება?

პრემიერი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ანტირეკორდებს ხსნის, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ გეგმავს.

სამაგიეროდ, ოპოზიციის ტონალობაში სულ უფრო მეტად გამოსჭვივის არჩევნების გადადების სურვილი. „ლელოს“ წევრი ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს. მისი თქმით, საჯარო ფორმატში უნდა განიხილონ, შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს კოვიდვირუსიდან გამომდინარე არჩევნების ჩატარება.

თავის მხრივ, ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, კორონაპერიოდში გამოსავალი ორგვარია, ან უნდა ჩაკეტო ქვეყანა, ან პანდემია მართვადი გახადო. რა გზას აირჩევს ხელისუფლება არჩევნებამდელ პერიოდში, ეს რთული გადასაწყვეტია. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, ვირუსის რეკორდული მასშტაბის შემთხვევაში, ხელისუფლებამ ერთი კვირით ადრეც გამოგვიცხადოს, რომ არჩევნები გადადებულია.

კოვიდსტატისტიკის არ სჯერა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მამუკა კაციტაძეს. ის ეჭვობს, არ ხდებოდეს სტატისტიკით მანიპულირება. ჯერ 300 ინფიცირებულთა წრე იყო, შემდეგ 500 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, მალე, ალბათ, 1000-ს გადასცდება და საეჭვოა, ეს არ იყოს გათვლილი ამომრჩევლის დაბალ აქტიობაზე.

არჩევნების გადადება-არგადადებაზე მსჯელობა, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი წერეთლის აზრით, ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს. მისი აზრითაც, საარჩევნო პერიოდში სტატისტიკის მკვეთრი ზრდა ეჭვებს ბადებს და შეიძლება, ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთთან მისვლაზე თავი შეიკავოს“.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ადრე „ოცნება“ აპირებდა კოვიდის მართვით მოეგო არჩევნები, ახლა კი უმართაობით აპირებს: „ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდით გამოწვეული პანიკა, საათიანი რიგები საარჩევნო უბნებზე, ვირუსის გადადების შიშით სახლში დარჩენილი მოქალაქეები. თუ ამას ქალაქებს შორის გადაადგილების აკრძალვაც დაემატა, არჩევნების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა საპროტესტოდ გამომსვლელი ვინ არის? ჰოდა, ხელისუფლება თვლის, რომ თავი ქუდში აქვს“.

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ, თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის არჩევნებზე მისვლა, ეს „ქართული ოცნებაა“.

უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები?

ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის აზრით, არჩევნები არ უნდა გადაიდოს, რადგან ეს უფრო მეტ უარყოფით შედეგს მოიტანს ქვეყნისათვის, ვიდრე არჩევნების ჩატარება. შესაბამისი რეგულაციების დაცვით არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა საკუთარ წარმატებაში დაჯერებული არც ხელისუფლებაა, არც ოპოზიცია, რომელშიც იგულისხმება „ნაცმოძრაობა“ და მისი მოკავშირეები.

ვაჟა ბერიძის შეფასებით, შინაგანად არც ერთი მათგანი, არც ოპოზიცია და არც პოზიცია, არ იქნებოდა წინააღმდეგი აპრილისთვის, ან მაისისთვის გადადებულიყო არჩევნები.

„თუმცა ესეც ორლესული მახვილია. ოპოზიცია ფიქრობს, ახლა მოდის პანდემიის მძიმე პერიოდი, ზამთარი, რომელიც პანდემიისგან შეზღუდული ეკონომიკის პირობებში მოსახლეობისთვის მძიმე იქნება, მთავრობისადმი ნეგატიური განწყობა გაიზრდება, ამიტომ ხელს გვაძლევს არჩევნების გადადება. მეორე მხრივ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მას არ აქვს პასუხი ამ გამოცხადებულ ქრონიკაზე, რადგან გაცხადებულია, რომ თვით იმ მონაცემებითაც კი, რაც ქვეყნდება სხვადასხვა პრონაციონალური, ან პროსახელისუფლებო სოციოლოგიური კომპანიების მხრიდან, არ ჩანს, რომ გარანტირებული აქვს ხელისუფლებას წარმატება. არც ოპოზიციას უჩანს კარგი შედეგი, რომ კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს არჩევნების შემდეგ. ამიტომ აქ სასწორზე ბევრი რამეა დადებული“,- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე for.ge- სთან საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსი მხარს არ უჭერს არჩევნების გადადებას, ის მიიჩნევს, რომ, თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ამ სოციოლოგიური კვლევების გასაშუალოებული მონაცემებით, ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე პირველი ათი პოლიტიკური სუბიექტი შეთანხმდება არჩევნების გადადების აუცილებლობასა და მიზანშეწონილობაზე.

„თუ არ ვცდები, 66 მონაწილე პარტიაა ამ არჩევნებში, ერთ ჭკუაზე ყველას მოყვანა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტი ავტორიტეტი და რეიტინგი აქვს, თუ ისინი დათანხმდებიან არჩევნების გადადებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი და დასაშვები ამის განხორციელება“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ კორონაპანდემიის გამო ისედაც დანის წვერზე დავდივართ, მაგრამ ეს არჩევნები როგორმე უნდა გადავაგოროთ. ქვეყანა რომ ჩავკეტოთ, იოლი არ იქნება, რადგან სასიცოცხლო პროცესებია, თანაც, პოლიტიკური არჩევნები მოდის.

„ჩაკეტვა რა შედეგებს გამოიწვევს, არ ვიცი. შეიძლება, ჩაკეტვის შედეგად მიღებული ზარალი, ეკონომიკის გაჩერება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე პანდემიის გამძვინვარება. ჩაკეტვა უკიდურესი ღონისძიებაა, თავის დროზე ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენეს, რომ ჯანდაცვის სისტემას არ ჰქონდა მზაობა და ამ მასშტაბის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა. თუმცა ჩაკეტვა, „ლოკაუტი“ მაქსიმუმ 2- 3 კვირით გვქონდა, საგანგებო ღონისძიებები კიდევ გაგრძელდა, მაგრამ ამის დიდხანს გაგრძელება და შენარჩუნება წარმოუდგენელია, ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, ისეთი მყიფე ეკონომიკის და იმ პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ამიტომ ეს არჩევნები როგორმე უნდა ჩატარდეს სამართლიანად, ღიად, გამჭვირვალედ, მშვიდად, ყველას მიეცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალება და მერე ვნახოთ“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე განმარტებით, თუ ისეთი გამოუვალი ვითარება იქნება, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ამხელა დატვირთვას და თითოეული ავადმყოფი ვეღარ მიიღებს საჭირო მზრუნველობასა და დახმარებას, ჩაკეტვის გარდა სხვა გამოსავალი არ გვექნება.

„ჯერჯერობით ასე არ არის, არ გამიგია, ვინმეს სჭირდეს ეს ინფექცია და დარჩეს მზრუნველობის გარეშე. თუ აქამდე მივალთ, მერე საჭირო იქნება საგანგებო ზომების მიღება, ღმერთმა ამისგან დაგვიფაროს“.