სამართალდამცავი ორგანოები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმეების წარმოებას და სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული ჩინოსნების მიმართ ახალი ბრალდებების წაყენებას არ წყვეტენ. დღეს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს მთავარი სამმართველოში ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემის საქმეთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, შემოსავლების სამსახურის სამი ყოფილი თანამშრომელი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკი „ქართუს“ გაკოტრების სქემა წარმოადგინა, რომლშიც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართულები.
შსს-ს ინფორმაციით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრებისს დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და ამ სქემაში ჩართული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ნიკოლოზ მელია, რომლის უშუალო ორგანიზებით აუქციონის ჩაშლა ხდებოდა. ასევე ადეიშვილის პირადი დავალებით ჩართული იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძეც. შსს-ს ინფორმაციით, ჯაბა ებანოიძემ და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მამუკა ლაშხიამ, ოთარ აგლაძემ, ასევე დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა სამართალდამცველებთან ითანამშრომლეს და გამოძიებას დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მისცეს.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს ჯაბა ებანოიძეს ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლის საფუძველზე წაუყენეს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას და ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება.
ჯაბა ებანოიძემ დაკითხვის შემდეგ მოდულის შენობა დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარკვეულწილად აღიარებს დანაშაულს.
„რამდენიმე მუხლით წამიყენეს ბრალი. გარკვეულწილად, ვაღიარებ ბრალდებებეს და დანარჩენი უკვე სასამართლოზე გადაწყდება“, - აღნიშნა ებანოიძემ.
მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა კი განმარტა, რომ ჯაბა ებანოიძეს ბრალი დაედო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, იმ ქონების გადამალვაში დახმარებისთვის, რომელიც რაღაც ვალდებულების შესასრულებლად იყო განკუთვნილი და ასევე ყალბი საანგარიშო დოკუმენტების შედგენაში.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს. გავეცნობით ბრალს და კვალიფიკაცია რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, ამას უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
დანარჩენი ყოფილი მაღალჩინოსნების, მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები სრულად აღიარებენ ბრალს.
„ოთარ აგლაძეს ბრალი წარედგინა შემდეგი მუხლებით - დახმარება ქონების გადამალვაში მოჩვენებით ან გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება-გასაღებაში, გამოყენებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ბრალდებული მთლიანად ცნობს დამნაშავედ თავს წარდგენილ ბრალდებაში“, - განაცხადა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.
მამუკა ლაშხიასაც იგივე ბრალდებები აქვს წარდგენილი და მისი ადვოკატიც ამბობს, რომ ლაშხია ბრალს აღიარებს.
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც დღეს ახალი ბრალდება წარედგინა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხიზანიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.
პროკურატურის ინფორმაციით, შოთა ხიზანიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცეული 150 000 ევრო. კერძოდ, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით, მან ივანე მერაბიშვილის დავალებით 150 000 ევრო გადასცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს, ბესარიონ სურმავას. ამ უკანასკნელს საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადება და დაესმინა ბიძინა ივანიშვილი, თითქოსდა კოალიციის ლიდერთა ფარულ მიყურადებას მისი დავალებით აწარმოებდა. სინამდვილეში, არასანქცირებული მიყურადება და პირადი ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ პროგრამისტთა ჯგუფის მიერ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, მთავარმა პროკურატურამ 16 ნოემბერს დააკავა და მას სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენება შერაცხა ბრალად. ამჟამად კი, მას, როგორც მოგახსენეთ, ბრალი დაუმძიმდა.
და ბოლოს, მთავარმა პროკურატურამ მეგის ქარდავასა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც წაუყენა ბრალდება. საუბარია სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე. სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების, ასევე სხვადასხვა სახის ძალადობების ფაქტთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგის ქარდავასა და სხვა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან, პროკურატურა მეგის ქარდავასთან მიმართებაში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეჩერებასაც ითხოვს.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალების, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების და მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელების ფაქტზე. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს პასუხისგებაში მიეცა სამ სხვა პირთან: დ.ლ-სთან, გ. გ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით. (აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ყველა პირი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტპატიმრად და შესაბამისად 2012 წლის 12 იანვრის „ამნისტიის აქტის“ საფუძველზე გათავისუფლებულია სასჯელისაგან).
ჯაშუშობაში ბრალდებული სერგო თეთრაძეს შეეფარდა პატიმრობა, რის საფუძველზე მოათავსეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა მოთავსებიდან მე-4 დღეს. სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში ფორმალურად დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არ არსებობის გამო“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეწყვეტილ საქმეზე ვითომდა ჩატარებული გამოძიებით, 23 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა თეთრაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გამოიძახეს ექიმი, რომლის საკანში მისვლის დროისათვის თეთრაძე უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 დაწესებულებაში, თუმცა მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თეთრაძე მიყვანიდან უმოკლეს დროში გონმოუსვლელად გარდაიცვალა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამოძიებას დადგენილი ჰქონდა, რომ დაზიანებები, რომლებიც თეთრაძეს აღენიშნებოდა დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე გაურკვეველ ვითარებაში მიიღო.
2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განახლდა გამოძიება.
„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით. გამოძიებით დადგენილია, პატიმრობის შეფარდებიდან მე-2 დღეს ბრალდებული-პატიმარი სერგო თეთრაძე, მე-8 დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს ამავე დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (ქილერა) მანქანით და მიიყვანეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე პირებმა დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თეთრაძეს აშკარად ეტყობოდა ძალადობის, ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რის გამოც უჭირდა სიარული“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
გამოძიების მიერ დადგენილია რომ 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში არაერთხელ სცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული მეორე პირი გ. გ, რომელმაც ასევე არ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და რომელიც უკვე აღაიარებულია პოლიტპატიმრად.
„გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გ. გ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე სასტიკად სცემეს და აწამეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე დეპარტამენტის დერეფანში. მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს ღამის საათებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დ. ლ. მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც ალექსანდრე მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერა“-სთან და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად 4-5 საათის განმავლობაში საშინლად სცემა და აწამა. აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია. ამგვარი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს დ. ლ-ს ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. დ. ლ-ს ამგვარი ჩვენების საფუძველზე თეთრაძე. გ. გ. და ს. ჩ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით. გადატანილი ცემა-წამების, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის შედეგად დ. ლ. მძიმედ დაავადდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები, მათ შორის სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი მსჯავრდებული პატიმრები არიან, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია როგორც წესი, ხშირად იყენებდა სხვა პატიმართა მიმართ ძალადობის განხორციელების მიზნით. ამ პირებმა აღიარეს სერგო თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ თეთრაძის „დამუშავება“ მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი) და ოლეგ ფაცაციამ (ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი), რათა მიეღოთ სერგო თეთრაძის აღიარება. ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა მრავალი მოწმე, მათ შორის ისინიც, ვინც უშუალოდ იძიებდნენ როგორც თეთრაძის გარდაცვალების საქმეს, ასევე ე.წ. ჯაშუშობის საქმეს დ. ლ-ს, გ. გ-ს, ს. ჩ.ს-ს და სერგო თეთრაძის მიმართ. მათი დაკითხვებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა უხეშ ფალსიფიკაციას, დაკავების ოქმების გაყალბებას და სერგო თეთრაძისა და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ცემას და სხვა სასტიკ მოპყრობას. დადგინდა, აგრეთვე, რომ მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ ამ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები.
„ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, ვიქტორ ყაჭეიშვილს, წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამების ორგანიზებასა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.