გიორგი ბარათელს ხვალ 12 საათზე ბრალს წაუყენებენ (VIDEO)

გიორგი ბარათელს ხვალ 12 საათზე ბრალს წაუყენებენ (VIDEO)

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს ლურსმნის, თუ წათლილი კბილის ჯაგრისის გამო სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი ვასილ გოგიშვილი 17 იანვარს 12 საათზე ბრალს წაუყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბარათელს 27-წლიანი სასჯელი რომ მოუხსნან და გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნონ, მან საპყრობილე შეიძლება მაინც ვერ დატოვოს.

სანამ ბრალის წაყენების ამბავს გავიგებდი, 16 იანვარს დაახლოებით 19.45 წუთზე მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ტელეფონით დავრეკე და გიორგი ბარათელთან დაკავშირებით კითხვა დავუსვი სტუმარს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მაია ხასიას. დავინტერესდი მსჯავრდებულის ამჟამინდელი ადგილსამყოფელით, მდგომარეობით და დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვკითხე რა ინფორმაცია ჰქონდა ლურსმნის, თუ წათლილი კბილის ჯაგრისის შერჭობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ის, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსუდან შარაძეს განუცხადა, რომ მათ აქვთ ფირი, რომელზეც ჩანს წათლილ კბილის ჯაგრისს როგორ ურჭობს ბარათელი სხვა პატიმარს. მაია ხასიას, არც ბარათელის და არც ამგვარი ფირის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. დასმულ კითხვებს მან დაახლოებით ასეთი შინაარსის პასუხი გასცა: მართალია ბარათელის საქმე გახმაურებულია, მაგრამ ათასობით პატიმარია და ის არ არის ვალდებული ყველას „ქეისი“ იცოდეს.

აი, ამ სატელეფონო ჩართვიდან 15 წუთის შემდეგ გიორგი ბარათელის უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გამომძიებელმა ტელეფონით აცნობა, რომ 17 იანვარს 12 საათზე გიორგი ბარათელს გლდანის N8 საპყრობილეში ბრალს წაუყენებენ. ამ დროს მამუკა ნოზაძე, მე, რუსუდან შარაძე და მათი უფლებების დამცველი ორივე ადვოკატი - ირაკლი გაბრიჭიძე და გელა ნიკოლაიშვილი „ობიექტივის“  სტუდიასთან ახლოს, ერთად ვიყავით.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან კითხვების დასმა პირისპირ გადავწყვიტე და გადაცემის დასრულების შემდეგ კინოს სახლიდან გასვლისას შევხვდი. მაია ხასიასთან საუბარი დიქტოფონით ჩავიწერე, ხოლო ჩვენი საუბრის ვიდეოვერსია რუსუდან შარაძემ გადაიღო, რომელიც მასალის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ.

17 იანვარს 12 საათზე for.ge გლდანის N8 საპყრობილესთან იქნება და ბარათელისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებულ სიახლეს დაუყოვნებლივ გაცნობებთ.