მერაბიშვილმა ეკონომიკურმა კრიზისი გამოიგონა

მერაბიშვილმა ეკონომიკურმა კრიზისი გამოიგონა

გაგეცინებათ და... ნაცმოძრაობა და ქვეყნის ექსპრემიერი საბიუჯეტო კრიზისზე და საგარეო ვალების ზრდაზე ალაპარაკდნენ.  თუმცა, ეს უფრო სიმწრის სიცილი იქნება, რადგან სწორედ წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დაუგროვდა ქვეყანას 13 მილიარდი დოლარის ვალი, უმუშევრობა გაიზარდა არნახული მასშტაბით, ბიზნესის ყველა მიმართულება გახდა მონოპოლიური, დასაქმება კი იქცა ადამიანების მთავარ ოცნებად. ახლა კი ოპოზიციის მანტიაში გახვეული ყოფილი მსხვილფეხა მოხელეები, რატომღაც ქვეყნის მომავალმა ჩააფიქრა და სახეზეც შეშფოთება გამოესახათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სწორედ ამგვარად შეშფოთებულმა ამცნო საზოგადოებას, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, რაც ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით არის გამოწვეული. მერაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობა და ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით, დღევანდელმა მთავრობამ შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა - გადასახადების წინასწარ გადახდა აღადგინა.

ნაცმოძრაობის გენმდივნის თქმით, მიმდინარეობს ბიზნესების ყოველდღიური მასობრივი შემოწმება როგორც ფინანსური პოლიციის, საგადასახადო ინსპექციისა და პროკურატურის, ისე რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შსს-ს ყველა დეპარტამენტს აკრძალული ჰქონდა შემოწმება ნებისმიერი ბიზნენისისა. საერთოდ კი შემცირდა საქართველოში წარმოება და ვაჭრობა. ამავე დროს საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა“, - განმარტა მერაბიშვილმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყოველწლიურად ვალი თითქმის მილიარდი დოლარით იზრდებოდა. 13 მილიარდიდან 4,168 მილიარდი დოლარია, ანუ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში კოლოსალური რაოდენობის საგარეო ვალი დაგროვდა. ასე რომ, ყოფილი პრემიერის და მთავრობის გუნდის უცვლელი წევრის მიერ საგარეო ვალების თემაზე აპელირება, ძალიან გამაღიზიანებელია.

საბიუჯეტო კრიზისის კიდევ ერთ მიზეზად მერაბიშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა.

„ამან უკვე გამოიწვია უმუშევრობის ზრდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების კლება. რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელ მთავრობას არ გააჩნია ერთიანი მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა“, - აცხადებს ექსპრემიერი. მისი თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და 22 იანვარს მედიას ბოლო სამ თვესთან დაკავშირებით ყველა ციფრი და მონაცემი გადაეცემა.

ნაბრიფინგევს „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანს თავში კიდევ ერთმა აზრმა გაუელვა და მის გასაჟღერებლად უკვე სოციალური ქსელები მოიშველია. მერაბიშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ტელედებატებში გამოიწვია.

„სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელე-დებატებში ფინანსთა მინისტრთან ჩემ მიერ ბრიფინგზე ხაზგასმულ საკითხებთან და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით“, - დაწერა მერაბიშვილმა სოც-ქსელის უსაზღვრო სივრცეში.

როგორც ჩანს, ეს იდეა ძალიან მოეწონა ამჟამინდელ მინისტრს ნოდარ ხადურს, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში უპასუხა ესქპერმიერს და დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. სხვათა შორის, თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ხადურმაც „ფეისბუქი“ გამოიყენა.  როგორც ჩანს, ყოფილი და ამჟამინდელი დიდმოხელეები სოციალურ ქსელებზე ამირანივით არიან მიჯაჭვულნი.

„საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პარალელურად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, 2013 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებული თანხა შეადგენს 219.8 მლნ ლარს.

„ეს 119.1 მლნ ლარით აჭარბებს გასული წლის მონაცემებს, როდესაც ანალოგიურ პერიოდში მობილიზებული იყო 100.7 მლნ ლარი. 2013 წლის 15 იანვარს მობილიზებულია 102.8 მლნ ლარი, 2012 წლის 15 იანვარს - 18.2 მლნ ლარი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერმიერის დემარშს უფრო საფუძვლიანად და ოპერატულად გამოეხმაურა რეგიონალური ინფრასტრუქუტრის მინისტრი დავით ნარმანია. მერაბიშვილის განცხადების პასუხად ნარმანია აცხადებს, რომ 2013 წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, პროექტების განხორციელების კუთხით 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა.

გარდა ამისა, 2012 წელს დაწყებული ყველა გარდამავალი პროექტი გაგრძელდება. ამასთან, საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში ინიცირებულია წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები. გახორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა.

„პროექტების თვალსაზრისით 2013 წელი ძალიან დატვირთული იქნება და იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე 2012 წელს იყო დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პროექტების შეფერხებების გამო უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით.

აღნიშნული სამუშაოების მასშტაბებიდან და საზოგადოების ინფორმირებულობის გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, წინასწარ ვაქვეყნებთ ინფორმაციას 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და მეტი დამაჯერებლობისთვის სპეციალური პრესკონფერენციაც მოიწვია.