„ობიექტივი“ პარლამენტს „მასთ ქერის“ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს

„ობიექტივი“ პარლამენტს „მასთ ქერის“ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს

 

„მიმდინარე წლის 10 იანვარს მედია-კავშირ „ობიექტივის“ მაუწყებლობა საკაბელო კომპანიამ „სუპერ.ტვ“ იგივე „აიეტმა“გამორთო. კომპანიის ხელმძღვანელობამ ტელეარხის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ჩაატარა კვლევა და თითქოს-და მოსახლეობა (ამ კვლევის თანახმად) ქართული არხების სანაცვლოდ, რუსული არხების ჩართვას ითხოვს. ჩვენი ინფორმაციით კი, საქმე გვაქვს სულ სხვა რეალობასთან. მოსახლეობას არანაირი რუსული არხების ჩართვა არ უთხოვია“, - განაცხადა მედია-კავშირ „ობიექტივის“ პროდიუსერმა, ანი კიკნაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ „სუპერ.ტვ“ კერძო კომპანიაა და „ობიექტივის“ მესვეურთ კარგად ესმით თავისუფალი ბიზნესის ფუნქციონირების პრინციპები, აუცილებლად მიიჩნიეს, ზემოხსენებული საკაბელო კომპანიისთვის პირადი შეხვედისას და საჯაროდ განემარტათ, რომ საქართველოს სახელმწიფოში პრიორიტეტული უნდა იყოს ქართული ტელეარხების ტრანსლაცია და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა დაეთმოს სივრცე უცხურ არხებს. 
„2013 წლის 10 იანვრიდან დღემდე  „ობიექტივში“ უამრავი აბობენტი რეკავს, რომელიც „სუპერ.ტვ“-ს პაკეტიდან „ობიექტივის“ გადაცემების მოხსნას აპროტესტებს. როგორც ვიცით, ზარები არ წყდება „სუპერ.ტვ“-ის ოფისშიც. ჩვენ საკმარისად მიგვაჩნია მოსახელობის ამ რაოდენობის გამოხმაურება იმისათვის, რათა მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ - „ობიექტივს“ ერთგული და მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს, რომელიც ნამდვილად არ ითხოვს ჩვენს ნაცვლად, რუსული არხების ჩართვას“, - აღნიშნავს ანი კიკნაძე.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „სუპერ.ტვ“-ის ხელმძღვანელობამ ანგარიში გაუწია აბონენტთა ინტერესსა და მოთხოვნას და გუშინ „ობიექტივის“ ხელმძღვანელობას მაუწყბელობის აღდგენა შესთავაზა. გუშინვე გაფორმდა ხელშეკრულება „ობიექტივსა“ და „სუპერ.ტვ“-ს შორის, რომელიც „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, მედია-კავშირის ინფორმაციით, მაუწყებლობა უახლოესი ორი დღის მანძილზე განახლდება. „ობიექტივის“ ჟურნალისტთა კორპუსი მხოლოდ მიესალმება „სუპერ.ტვ“-ის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მათი თქმით, სახეზე რჩება პრობლემა, რომელიც ერთ დღეს ყველა სხვა დამოუკიდებელი მაუწყებლის წინაშე დადგება.

ამიტომ „ობიექტივი“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ძალაში შევიდეს ე.წ. „მასთ ქერი“-ს კანონი, რომელიც ყველა საკაბელო კომპანიას ავალდებულებს მომსახურების პაკეტში პრიორიტეტულად განათავსოს ქართული ტელეარხები.

„ობიექტივის“ პროდიუსერების განცხადებით, ეს კანონპროექტი პარლამენტში შესულია ლაშა ტუღუში ინიციატივით. მედია-კავშირის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მის განხილვას, მიღებას და ამოქმედებას თვეები არ დასჭირდება.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ „მასთ ქერის“ მოქმედების დასრულების, ან სხვა რაიმე მოტივებით, დამოუკიდებელი ტელეარხების გამორთვა საკაბელო ქსელიდან პირდაპირ კავშირშია ინფორმაციის გავრცელებისა და ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვასთან. ვფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქართული ჟურნალისტიკა ძველი და მძიმე რეალობის წინაშე აღარ დადგება“, - აღნიშნავს „ობიექტივის“ პროდიუსერი.

მისი თქმით, როდესაც „სუპერ. ტვ“-მ მათი არხი საკუთარი ქსელიდან გათიშა და მოსახლეობა „სუპერ.ტვ“-ში რეკავდა იმის გასაგებად, თუ რა მოხდა, მათ კომპანიაში პასუხობდნენ, რომ ეს თავად „ობიექტივის“ გადაწყვეტილება იყო, რასაც კიკნაძე ტყუილს უწოდებს, რადგან მისი თქმით, „ობიექტივის“ გადაცემებს მისი მაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ „სუპერ.ტვ“-ს საშუალებით ღებულობდა. შესაბამისად, ტელეარხის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა მისი „სუპერ.ტვ“-ს ქსელიდან გათიშვა. 

მედია-კავშირის კიდევ ერთი პროდიუსერი, ილია ჩაჩიბაია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ დეპუტატები განსაკუთრებულად ითხოვდნენ, რომ „მასთ ქერის“ ამოქმედებულიყო, არჩევნების შემდეგ კი მათ ეს თემა საერთოდ მიავიწყდათ. ამასთანავე, ჩაჩიბაია აღნიშნავს, რომ „ობიექტივის“ გათიშვა მოსახლეობამ აქტიურად გააპროტესტა, ხოლო თუ საზოგადოების ასეთი პროტესტი არ იქნება, ნებისმიერ საკაბელოს სრულიად უპრობლემოდ ნებისმიერი არხის თავისი ქსელიდან გამორთვა შეუძლია.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ის კი არ არის, რომ „ობიექტივი“ რომელიმე საკაბელოს ქსელიდან ამოიღეს და ვთქვათ, ისევ ჩართავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სხვა ტელეარხებსაც იგივე პრობლემა არ შეექმნათ. ამიტომ ჟურნალისტებს მოვუწოდებთ, რაღაცნაირად გააპროტესტონ ეს აქტი და პარლამენტს ერთად მოვუწოდოთ, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს“, - ამბობს ილია ჩაჩიბაია.

მისი თქმით, „ობიექტივის“ „სუპერ.ტვ“-ს ქსელიდან გათიშვის მიზეზი გახდა ის, რომ წინა ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, რომლებსაც მედიის თავისუფლების შეზღუდვა უყვარდათ, საკაბელო ტელეკომპანიებს ჯერაც ისევ აკონტროლებენ და ცდილობენ, ობიექტური და თავისუფალი მედია-საშუალებები შეზღუდონ.