2013 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს. ონკანთან მისულ ნებისმიერ თბილისელს (რომელიც წყალში წარმოუდგენელ ფასს იხდის), დღე-ღამის ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს წყლით სარგელობა. სინამდვილეში კი რა ხდება? წინასაახალწლო და უშუალოდ საახალწლო დღეებში დედაქალქის მოსახლეობის საკმაო ნაწილი წყლის გარშე იყო დარჩენილი.
ვითარება არ შეცვლილა არც სადღესასწაულო დღეების ჩამთავრების შემდეგ. თბილისელთა პროტესტმა და განრისხებამ კი ამასობაში პიკს მიაღწია. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში უგულავას უწყება ჩაერთო და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ყვითელი ბარათი უჩვენა.
თბილისის მერია კომპანიას აფრთხილებს, რომ თუ თბილისის 24-საათიან წყალმომარაგებას ვერ უზრუნველყოფს, კომპანიის წინააღმდეგ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კომპანიის მენეჯმენტს ოფიციალური წერილით მიმართა და ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, კომპეტენტური ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენა მოსთხოვა.
„ქალაქ თბილისის მთავრობასა და „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედის“ (ამჟამად „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“) შორის 2008 წლის 14 მაისს გაფორმებული შპს „რუსთავწყალკანალის“ 100% წილის, შპს „მცხეთაწყალკანალის“ 100% წილის, შპს „საქწყალკანალის“ 100% წილისა და შპს „თბილისის წყლის“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 11.6.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვალდებული იყო 2013 წლის 1-ლი იანვრისათვის ქალაქის ძველი საზღვრების ფარგლებში (2006 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით) წყლის შეუწყვეტლად, 24-საათიანი მიწოდების ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო. შპს „თბილისის წყლის“ გასხვისების მთავარ მოტივს სწორედ თბილისის მოსახლეობის წყლით 24-საათიანი მომარაგების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. შესაბამისად, თქვენს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ კომპეტენტური პირის - ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა.
იმ შემთხვევაში თუ არ ხდება თბილისის მოსახლეობის 24 საათის განმავლობაში წყლით მომარაგება, ქ. თბილისის მერია თქვენი კომპანიის წინააღმდეგ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა დაცული იყოს თბილისის მოსახლეობის ინტერესები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისადმი“ პრეტენზიებმა განსაკუთრებით იმძლავრა და ამის მიზეზი თავად კომპანიაა. თბილისელები 2-3 თვეა მუდმივად ჩივიან წყლის შეწყვეტის გამო. ამან განსაკუთრებული ფორმა წინასაახალწლო და უშუალოდ ახალი წლის დღეებში მიიღო, როდესაც მოსახლეობის ნაწალი წყლის გარშე იყო დარჩენილი.
„კომერსანტმა“ რამდენიმე ასეთი პრეტენზია გამოაქვეყნა კიდეც: „კვირაში წყალი მაქსიმუმ 4 დღე მაქვს და ასეთი სიტუაცია მხოლოდ თემქას არ ეხება. გთხვოთ, გადაამოწმოთ, რეალურად მიმდინარეობს თუ არა გადაუდებელი სამუშაოები და რატომ ვერ დაასრულა ისინი დღემდე წყალმომარაგების კომპანიამ.
ხალხი იმდენად შეწუხდა ამ კომპანიით, რომ ალბათ, მართლაც საჩივრის შეტანას დავაპირებთ და ის 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც ამ კომპანიას დააკისრეს ადრე, ალბათ, მოგონებად დარჩებათ“, - წერს თემქაზე მცხოვრები მოქალაქე.
„ანალოგიური მდგომარეობაა სანზონის დასახლებაში, ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალი ან საერთოდ არ მოდის, ან თუ მოდის, ისეთი დაბალი წნევით, რომ გამაცხელებელსაც ვერ რთავს... საერთოდ არ იყო წყალი ახალი წლის ღამეს. ფულს ვიხდით წყლის მოწოდებაში და არ უნდა გვჭირდებოდეს წყალსაქაჩების დამატებით დამონტაჟება. სამი ნული უნდა მიუმატონ ჯარიმას ან საერთოდ ჩამოართვან წყლის მიწოდების უფლება“, - ეს უკვე ნაძალადევის რაოანში მცხოვრებთა პროტესტია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისადმი“ მომხმარებლის ნაწილის ნეგატიური განწყობა სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას აქტიურად აფიქსირებდნენ.
საკუთრივ კომპანიაში კი განმარტავენ, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზები ახალი წლის წინა დღეებში მომხდარი ავარია გახდა, რაც, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მომხდარიყო, თუმცა კომპანიამ მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო პრობლემის მოგვარება და წყალმომარაგების აღდგენა.