გაყალბებული საკონკურსო ოქმები თსუ-ში კრიმინალად არ ითვლება

გაყალბებული საკონკურსო ოქმები თსუ-ში კრიმინალად არ ითვლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ უამრავ პროფესორ-მასწავლებელს აქვს პრეტენზია. ბევრი საქმე უკვე სასამართლოშიც იხილება და ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ უნივერსიტეტში უსამართლობის გარდა, რომელიც ძირითადად პოლიტიკური მოტივაციით განისაზღვრებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ გადაცდომებთანაც გვქონდა საქმე.  

2012 წელს უნივერსიტეტში კონკურსი რომ დარღვევებით ჩატარდა, ამის შესახებ მედიაში არაერთხელ თქმულა, თუმცა ყოველი ახალი შემთხვევა ისეთ დეტალებს წამოატივტივებს-ხოლმე, რომ გარკვეულ უხერხულობასაც კი ქმნის, თუმცა ეს ის რეალობაა რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება. არსებობს ინფორმაცია, რომ გამსვლელ და გასაგდებ პროფესორ-მასწავლებელთა სიები ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში იწერებოდა. რამდენად რეალურია ინფორმაცია, ჯერჯერობით ამის გადამოწმება შეუძლებელია, თუმცა ალბათ მოვა დრო, როდესაც ამ საკითხსაც მოეფინება ნათელი.

კონკურსის წარმატებით გავლა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტს,  თსუ-ს ყოფილ პრორექტორს, ავთანდილ სილაგაძესაც გაუჭირდა. მან სიმართლის დასადგენად სასამართლოს მიმართა. იმ დოკუმენტების გაცნობის საშუალება, რომელიც ყოფილმა პრორექტორმა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვა, for.ge-საც მიეცა.

გარკვევით ჩანს, რომ 12 ოქმიდან მხოლოდ 2-3 ოქმზეა საკონკურსო კომისიის მდივნის ნამდვილი ხელმოწერა, დანარჩენ დოკუმენტებს კი მისი სახელით ვიღაც სხვა აწერს ხელს. კომისიის დანარჩენი წევრების ხელმოწერა მხოლოდ ერთ ოქმზე ფიქსირდება, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. მოკლედ, დოკუმენტების მიხედვით, აშკარაა, რომ იმის შესახებ, ვინ არის ღირსი, ასწავლოს უნივერსიტეტში ან მხოლოდ ერთმა კაცმა მიიღო გადაწყვეტილება, ან 10-კაციანმა კომისიამ ოქმის შედგენის წესი არ იცოდა. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ამას სავარაუდოდ სასამართლო დაადგენს. ასევე, სასამართლო გამოიტანს განაჩენს, მოხდა თუ არა, სხვის ნაცვლად ხელმოწერა, ანუ დოკუმენტის გაყალბება, რომელიც ზოგადად სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.

ავთანდილ სილაგაძე ფიქრობს, რომ მის შემთხვევაში ვიღაცას უბრალოდ არ სურდა, რომ ის უნივერსიტეტში დაბრუნებულიყო და ეს ყველაფერი ამიტომ მოხდა.  

საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკის პრინციპების კათედრის სრული პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც  2012 წლის ივლისში მიმდინარეობდა და აგვისტოს პირველ ნახევარში დამთავრდა. რა და როგორ მოხდა, ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ავთანდილ სილაგაძე თავად გვესაუბრება.

ავთანდილ სილაგაძე: არსებობს კონკურსის დამტკიცებული წესი... მოთხოვნის შესაბამისად, ჩავაბარე დოკუმენტაცია, რომელიც შემდეგ გადაეცა ათკაციან საკონკურსო კომისიას, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი, აკაკი ხელაძე თავმჯდომარეობდა, ხოლო კომისიის მდივანი იყო ქალბატონი ნია შარაშიძე.

პროცედურის მიხედვით, 10 აგვისტოს გამოცხადდა შედეგები, სადაც გამარჯვებულთა შორის არ აღმოვჩნდი. დავინტერესდი, რის საუფძველზე მითხრეს უარი და ამიტომ  დოკუმენტები მოვითხოვე. უნივერსიტეტმა მაქსიმალურად გააჭიანურა დოკუმენტების გადმოცემა, შემდეგ - გადმომცეს არასრული დოკუმენტაცია.

რაკი სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ მოვიპოვე, რაც დავაფიქსირე კიდეც წერილობით, მივმართე სასამართლოს, რომ უნივერსიტეტისთვის დაევალებინა საკონკურსო დოკუმენტაციის გადმოცემა, რათა შემქმნოდა წარმოდგენა, რატომ ვერ გავიმარჯვე კონკურსში.

რა თქმა უნდა, ეჭვი მქონდა და ამის შესახებ პრესაშიც განვაცხადე, რომ უნივერსიტეტის და  ფაკულტეტის ხელმძღვანელთაგან გარკვეული ჯგუფი ცდილობდა, რომ კონკურშში დავმარცხებულიყავი.

ეს როგორ მოახერხეს?

- დღეს ეს საქმე სასამართლოში იხილება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია მივიღე, უკვე შემიძლია ავხსნა ის სქემა, როგორ მოახერხეს. დოკუმენტების გაცნობისდას აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მძიმე შემთხვევასთან გვქონდა საქმე.

როგორც მოგახსენეთ, კონკურსის ჩატარებას თავისი წესები აქვს და ყველა პროცედურის შესახებ შესაბამისი ოქმი დგება. ეს არის: გასაუბრებაზე დაშვება, კენჭისყრა, გამარჯვებულის გამოცხადება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. ფაკულტეტის მასშტაბით არის დაახლოებით 12 პროცედურა, რომლის შესახებაც დგება ოქმი და ამ ოქმებშია გადაწყვეტილებები გაფორმებული.

ამ ოქმებში უამრავი უზუსტობა და უხეში შეცდომაა დაშვებული. ოქმები არასრულყოფილად არის შედგენილი, კომისიის წევრები ხელს არ აწერენ კომისიის გადაწყვეტილებებს, რაც კონკურსის ჩატარების წესის უხეში დარღვევაა.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა უნივესიტეტის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბატონი კუკულაძე და მისი მხოლოდ ერთი ხელმოწერაა გაკეთებული და ისიც არასრულ დოკუმენტზე - ოქმზე მითითებული არ არის თარიღი. სხვა დოკუმენტებს კი ხელს საერთოდ არ აწერს.

თუ კომისიის წევრებმა არ იცოდნენ, რომ ოქმზე ხელმოწერა იყო საჭირო, ალბათ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეს უნდა სცოდნოდა...

- ანაც, არ ეთანხმებოდა და ამიტომ არ მოაწერა ხელი, ან ეთანხმებოდა და პასუხისმგებლობას აარიდა თავი.

ეს დოკუმენტაცია უნივერსიტეტის რექტორს იმ დღეს  წარედგინა, როდესაც აღნიშნული საკითხი აკადემიურ საბჭოზე გადიოდა - თუ არ ვცდები 10 აგვისტოს, 15 საათზე და კანცელარიაშიც იმავე დღეს მოხვდა შემაჯამებელი ოქმი, არა მხოლოდ ერთი კათედრის, არამედ მთელი ფაკულტეტისა.

არ ვიცი, რა დროში მოასწრო საკითხის შესწავლა, მაგრამ საკითხი თვითონ რექტორმა გაიტანა, რომ შედეგები დამტკიცებული ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩემს გარდა კონკურსი ვერ გაიარა მრავალმა ღირსეულმა ადამიანმა.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ სხვა ფაკულტეტის შემაჯამებელი ოქმებიც თვითონ რექტორმა წარუდგინა აკადემიურ საბჭოს და ერთი თვალის გადავლებაც საკმარისი იყო იმის აღმოსაჩენად, რომ თუ სხვა ფაკულტეტებზე ოქმებს კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს, ჩვენს ფაკულტეტზე იყო მხოლოდ კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერა. კითხვაც არ გასჩენია რატომ იყო ეს ასე.

როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასე?

- გეტყვით იმას, რაც სასამართლოზე გაირკვა. კომისიის მდივანმა, ნია შარაშიძემ აღიარა, რომ  შემაჯამებელ ოქმს ის ხელს არ აწერს, ანუ მისი ხელმოწერა გაყალბებულია და ეს მან დაადასტურა.

მაშინ ისმის საკითხი - ვინ აწერს ხელს? ამ შემთხვევაში ეს ან დეკანის პასუხისმგებლობის საკითხია, ან დეკანმა უნდა დაასახელოს ის პიროვნება, ვინც ეს გააკეთა. ცხადია, მასთან შეთანხმების გარეშე ეს არ მოხდებოდა.

დეკანი თუ დაიკითხა?

- დეკანი დაიკითხა. თავიდან, მან ეს უარყო და თქვა, რომ ასეთ ფაქტს არ შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა კომისიის მუშაობის შემთხვევაში, თუმცა შემდეგ დასაშვებად ჩათვალა.

უფრო მეტიც - შესაძლოა, მათ შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, მაგრამ ორივეს მიმართ  დასმულ კითხვაზე, რომ - არსებობდა თუ არა თქვენს ხელთ არსებული რაიმე წესი ან დოკუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევდათ, რომ ხელმოწერა სატელეფონო შეთანხმების შედეგად გაკეთებულიყო, მათ უარყვეს და განაცხადეს, რომ ასეთი წესი მათთვის ცნობილი არ არის.

რაც შეეხება ხელმოწერას, შარაშიძის გვარით არის ხელმოწერა, მაგრამ მის ხელწერას არ ემთხვევა. კომისიის მდივანი ოქმში დამსწრეთა შორის არის დასახელებული, მაგრამ მის ნაცვლად ხელი რატომღაც სხვას აქვს მოწერილი.

ჩემი ინფორმაციით, ის საერთოდ არ ყოფილა სხდომაზე და როდესაც მის ნაცვლად ვიღაც ხელს აწერდა, მას ეს ინფორმაცია ხომ ჰქონდა. ეს უკვე აღიარებული ფაქტია, ამაზე სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

ქალბატონმა შარაშიძემ აღიარა, რომ 7 აგვისტოს ოქმზე მისი ხელმოწერა არ იყო. ასევე ვერ დაადასტურა, რომ წინა დღის, 6 აგვისტოს ოქმზე ნამდვილად მისი ხელმოწერა იყო.

მინდა გითხრათ, რომ ამ ტიპის ხელმოწერები არსებობს სხვა ოქმებზეც. თუმცა, არსებობს ნამდვილად მის მიერ ხელმოწერილი ოქმებიც, რომელსაც ეჭვქვეს არ ვაყენებთ. რაც მთავარია, თუ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, მაშინ კომისიის წევრების ხელმოწერებიც უნდა არსებობდეს. ესეც არ არის!

როგორ ფიქრობთ, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კომისია არ შეკრებილა, არ უმსჯელია და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არის გამოტანილი? სხვანაირი ახსნის მოძებნა საკმაოდ რთულია...

- არ ვიცი, რაზე იმსჯელა კომისიამ, მაგრამ კომისიამ, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა შეადგინოს ოქმი, როგორ უნდა გადაწყვიტოს, ვინ წაიკითხოს ლექციები უნივერსიტეტში და ვინ - არა?! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერც სხვა საქმეს გააკეთებენ კვალიფიციურად და ვერც კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

მაქვს კონკრეტული ფაქტი, რომელსაც ჩემი შეფასება ემყარება - დოკუმენტი, სადაც ჩემი და ჩემი კონკურენტის შედარებითი მაჩვენებლებია სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებით. ცხადია, მას მაღალი შეფასება აქვს, მე - დაბალი.

იმ კრიტერიუმებში, რაც მათ მიერ არის ჩამოწერილი, აბსოლუტური უპირატესობა მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დაბალი შეფასება დავიმსახურე. ეს არის კომისიის ტენდენციურობის, არაკომპეტენტურობისა და მიკერძოების ნიმუში.

ამ შემთხვევაში მე ჩემი საკითხის გამო ვდავობ, მაგრამ მგონია, რომ სხვა არასასურველ კანდიდატებსაც ანალოგიურად მოექცნენ. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კონკურსში ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა გაიმარჯვა, მათ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდი, მაგრამ არაკომპეტენტური თავმჯდომარე, კომისიის არაკომპეტენტური მდივანი და, საერთოდ, კომისია, რომელიც ასეთ დოკუმენტს ქმნის, ღირსეულ გამარჯვებულსაც ეჭვქვეშ აყენებს - მათ ეს პასუხისმგებლობაც ეკისრებათ.

ცნობილია, რომ თქვენ 2006 წელს დატოვეთ უნივერსიტეტი პროტესტის ნიშნად, მაგრამ თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ არის, რომ განსაკუთრებით ბევრი პრობლემა სწორედ ამ ფაკულტეტზე?

- რაც ვიცი, ის არის, რომ კონკურსის დამთავრებიდან დღემდე გრძელდება დავები. მე არ ვარ პირველი. ძალიან ბევრს დოკუმენტაციაც კი არ მიაწოდეს სრულყოფილად, რომ გაიაზრონ, თუ რა ხდებოდა..

თქვენ თქვით, რომ გაქვთ თქვენი და თქვენი კონკურენტის შედეგების  შედარებითი მონაცემები. უკეთ გასაგები რომ იყოს, ეგებ გვითხრათ, რაზეა საუბარი?

- საერთოდ მონაცემები 4 ბლოკის მიხედვით ჯგუფდებოდა, თითოეული ბლოკის შედეგები ჯამდებოდა და საბოლოოდ ამის მიხედვით კეთდებოდა შეფასება. სამ ბლოკში თანაბარი შეფასება გვაქვს და ამაზე არ ვისაუბრებ. მეოთხე ბლოკშიც რომ იგივე გაეკეთებინათ, იმაზეც არ ვისაუბრებდი, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს არის ტენდენციურობის ნიმუში.

სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში არის კრიტერიუმი, რომელსაც უნდა დაეყრდნო და გამოიყვანო საერთო შედეგი. არის სულ 9 საკითხი, აქედან ერთი არ გვეხება. საბოლოო ჯამში 7 საკითხია ისეთი, რომელთა მიხედვითაც უნდა გაკეთებულიყო შეფასება. ამ 7-ვე საკითხში აბსოლუტური უპირატესობა მაქვს. მაგალითად, პუბლიკაციები საქართველოსა და უცხოეთში, 2-3-ჯერ მეტი მაქვს, ვიდრე ჩემს კონკურენტს. ციტირების ინდექსი საერთოდ ნული დამიწერეს, მაშინ, როდესაც მცირე ოდენობით, მაგრამ მაინც მქონდა, ხოლო კონკურენტს საერთოდ არ გააჩნდა. მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციაზე, მინიმუმ ორჯერ მეტი მაქვს, საგრანტო მაჩვენებელიც ორჯერ მეტი მაქვს, უცხოურ ცენტრებთან თანამშრომლობაშიც ორჯერ მეტი მაჩვენებელი მაქვს.

დარჩა ორი კრიტერიუმი, რაშიც კომისიამ არათანაბარ სიტუაციაში ჩაგვაყენა - ორი ნაშრომი უნდა შეეფასებინათ და კომისიამ ჩემი კონკურენტის მხოლოდ ერთი ნაშრომი შეაფასა. ბოლოს, სამეცნიერო კვლევების კონცეფცია, სადაც გასაუბრებაზე არავითარი შენიშვნა არ ყოფილა და არც ოქმშია რაიმე შენიშვნა დაფიქსირებული, თუმცა დაბალი მაჩვენებლით შემაფასეს. შესაბამისად, საბოლოო შედეგით ჩემმა კონკურენტმა მიიღო უფრო მაღალი შეფასება, მე კი დაბალი.

ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი მკითხველს ამ თემაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ მე ვარ საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, ეს კი სამეცნიერო ნაშრომების გარეშე არ მოდის. სამეცნიერიო ნაშრომებში სახელმწიფო პრემია მაქვს მიღებული მეცნიერების დარგში და იმ 200 კაციდან, ვინც კონკურსში მონაწილეობდა, ჩემზე უფრო დაბალი შეფასება არავის მიუღია. კონკურენტის თანაბარი ქულები რომ დაეწერათ ამ საკითხში, შეიძლება აღარც კი მედავა, მაგრამ როგორც ჩანს, კომისიას კომპეტენცია არ ეყო, ჩემთვის კი ეს ღირსების საკითხია.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო და ხელმოწერისგან თავი ამიტომ შეეკავებინათ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ მათ უბრალოდ, თავი ვალდებულად არ ჩათვალეს, რომ დადგენილი პროცედურა დაეცვათ?

- ეს კონკურსი ძველი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა და ალბათ ფიქრობდნენ, რომ მთავარია, დოკუმენტები გაფორმებულიყო და სასამართლოში საქმის მოგების არავითარი შანსი არ იქნებოდა. ალბათ, ხელისუფლების შეცვლას არ ვარაუდობდნენ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო კომპეტენტურად მოიქცეოდნენ. თუმცა, ახლა მაინც ვფიქრობ, რომ სასამართლო სიმართლის მხარეზე აღმოჩნდება.

როდესაც დოკუმენტაცია მოვითხოვე, იცით რა მომწერეს? არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენთვის დოკუმენტაციის გადმოცემა, რადგან ყველაფერი ისედაც სწორად არის გაკეთებული და არ მიგვაჩნია საჭიროდ ამაზე დავისა და დისკუსიის გამართვაო - ესეც მოხდა არჩევნებამდე.

რექტორი საქმის კურსში იყო თუ არა, რა ხდებოდა?

- მან გაიტანა ეს საკითხი და წესით, უნდა ყოფილიყო. თუ არ იყო - კიდევ უარესი! მეორე ვარიანტია, რომ ეს საკითხი წინასწარ იყო  შეთანხმებული და მთავარი იყო, სასწრაფოდ  დამტკიცებულიყო შედეგი. შესაძლოა, ზევით, ხელისუფლებაშიც იყო შეთანხმებული, ვის უნდა გაემარჯვა და ვის არა, მაგრამ ამისი დამადასტურებელი დოკუმენტი ნამდვილად არ გამაჩნია.

თქვენი მოთხოვნა რა არის?    

- მე არ ვითხოვ, რომ რაკი კონკუტენტთან შედარებით უპირატესობა მაქვს, გამარჯვებულად გამომაცხადონ. არ მინდა ასეთი გამარჯვება, ამ გზით უნივერსიტეტში დაბრუნება არ არის ჩემი მოთხოვნა. ჩემი მოთხოვნაა, კომისიის ტენდენციური გადაწყვეტილობის ბათილობა იმ ნაწილში, რომელ მიმართულებაშიც მე ვიღებდი მონაწილეობას.

გაქვთ იმედი, რომ სასამართლო დღეს მაინც გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას?

- საქმის მსვლელობის მიხედვით ერთი რამის თქმა შემიძლია - ის, რომ მოსამართლე ამ საკითხებში ვერ ერკვევა, ამას გამოვრიცხავ. მას საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს, საკმაოდ კომპეტენტური ჩანს და არ ვიცი, ამ გაყალბებების კასკადისა და ტენდენციურობის შემდეგ, როგორ შეიძლება მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ჩემი სარჩელი არ იქნეს დაკმაყოფილებული.

ამ საქმის შეწყვეტას არ ვაპირებ და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ გაყალბებების ფაქტზე პროკურატურას მივმართო. ეს ძალიან არ მინდა... კიდევ ვფიქრობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს.