ყინწვის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ნიკოლოზ გოგუაძე და ოლეგ კეშელავა, რომლებიც საპროცესო გარიგებას არ დათანხმდნენ, სიმართლის დასადგენად ბოლომდე ბრძოლას აპირებენ და ყოფილ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. ნიკა გოგუაძის თქმით, 2011 წელს ყინწვისში ჩატარებული სპეცოპერაცია სინამდვილეში ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, პირადად მას ბიწაძე-ბურჯანაძესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მის წინააღმდეგ საქმე უბრალოდ შეიკერა.
ნიკა გოგუაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ყინწვისში, ოღონდ რეალურად, იქ მონასტერში იყო ასული. მან, როგორც 26 მაისის აქციის რიგითმა მონაწილემ, მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მეგობართან ერთად ავიდა. თუმცა, ყოფილმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ იგი „სახალხო კრებასთან“ დაეკავშირებინა. იქ გარკვეული რაოდენობის ხალხი მართლაც დახვდა, მათი ნაწილი კი მოგვიანებით შეუერთდა. მათგან ზოგიერთს იცნობდა კიდეც. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებულია, რომ 23 ადამიანს ყინწვისში მისვლის გადაწყვეტილება ერთდროულად არ მიუღია.
For. ge-სთან საუბარში ნიკა გოგუაძე დაკავების დეტალებს იხსენებს, რაც მოულოდნელად სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
„ცემით ჩაგვყარეს მანქანაში და წაგვიყვანეს ქარელის პოლიციაში. იქ მოხდა ჩვენი პირველადი „დამუშავება“. ქარელის პოლიციიდან მთავარ სამმართველოში გადაგვიყვანეს, რასაც ამ „პროცესის“ მრავალსაათიანი გაგრძელება მოჰყვა. დაგვაბრალეს სახელმწიფო გადატრიალება, რაც ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ის, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა, ვგულისხმობ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ამ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს მიმართ წამება მოხდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა დასაწყისშიც იყო და კიდევ ძალიან დიდხანს გრძელდებოდა“, - აცხადებს ნიკა გოგუაძე.
ამდენად, გასაკვირი არაა, რომ იგი იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა. თანაც, დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და ამას მიაღწევს. ამის შემდეგ კი საკუთარი თავის რეაბილიტაციას მოითხოვს, რათა მის მიმართ საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.
მისივე თქმით, არანაირი იარაღი საქმეში არ ყოფილა. პირიქით, იარაღებს ყუთებით თვითონვე დებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, საქმეში იარაღი არ დაფიქსირებულა, ეტყობა, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.
ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე For. ge-სთან კომენტარისას თავის დროზეც აცხადებდა, რომ ე.წ. „ყინწვისის შეთქმულების“ საქმის გამო ყველაზე მეტად სწორედ ნიკა გოგუაძე დაზარალდა. დღეს კი ამ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყება და იგი გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. მით უფრო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნიკა გოგუაძე სპეცოპერაციის დროს ისე სცემეს, რომ ერთი წლის განმავლობაში დაჯდომა, დაწოლა და გადაადგილება უჭირდა.
„მოსამართლეს პირდაპირ მივმართე, თქვენო ღირსებავ, გამონაკლისის სახით გოგუაძეს მიეცით უფლება, რომ სასამართლო პროცესზე არ დაჯდეს, არა იმიტომ, რომ სასამართლოს უპატივცემულობას გამოხატავს, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია არც ჯდომა, არც დგომა. მართლაც, ნიკოლოზ გოგუაძე ბანცალებდა პროცესზე. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ეს საქმე უნდა ასწავლონ, როგორც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, აბსურდი რეალობად წარმოაჩინონ. რა სტრატეგიული ობიექტები უნდა დაეკავებინათ ე.წ. ყინწვის საქმის მონაწილეებს? რომელი სტრატეგი ნიკოლოზ გოგუაძე ნახეს?“ - კითხულობს ბესარიონ ქარცივაძე.
მისი თქმით, სკანდალური კასეტების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ ნიკას უპატრონა და იგი მედიკამენტებით უზრუნველყო, რომ მას დაკავების პირველი დღეები გადაეტანა.
ოლეგ კეშელავა For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საერთოდ არ ყოფილა ყინწვისში და ამ ორგანიზაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, უბრალოდ, იცნობდა მის ხელმძღვანელს და ეს ცნობადობაც არ იყო სიღრმისეული. როცა ამ მოძრაობას დამფუძნებელი კრება ჰქონდა, სხვებთან ერთად ისიც დაპატიჟეს და იქ 200 კაცი მაინც იმყოფებოდა. თუმცა მისთვის ბევრი რამ დღემდე გაურკვეველია.
„ყინწვისში არ ვყოფილვარ და ორი დღის შემდეგ დამაკავეს სპეცოპერაციით. ასე რომ, ამ საქმეზე თუ რამე ვიცი, ისიც სასამართლო პროცესზე გავიგე, თორემ უშუალოდ არაფრის თქმა არ შემეძლო. არავითარი შეთქმულება არ არსებობდა, იქ ისეთი რაღაცებია, რომ უფრო უნიჭო ზღაპარს ჰგავს. მე აღმაშენებლის გამზირზე მანქანა გამომედევნა, გადაგვიჭრეს გზები და, როგორც ბანდიტი, ისე წამიყვანეს, ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი“.
ოლეგ კეშლავას თქმით, მასზე ფიზიკური ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა, ისინი დააშინეს. მისი შვილი საკმაოდ კარგად სწავლობდა იურიდიულზე და ამ დროს უნივერსიტეტიდან გამოაგდეს. ოლეგ კეშელავა ამ ეტაპზეც ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, როცა უკანონო საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდა.
„მე პატარა ბავშვი არ ვარ და ისეთ გარიგებაზე ვერასდროს წავიდოდი, რომელიც მორალურ ზარალს მომაყენებდა. გარიგება შემომთავაზეს, თუ აღიარებ, მაშინ მოგცემთ ოთხ წელს, თუ არ აღიარებ, მაშინ - რვა წელს. ყინწვისის სპეცოპერაციისას აყვანილი ადამიანები ხელს მადებდნენ, რა თქმა უნდა, მათზე ზეწოლა ჰქონდათ მოხდენილი. ახლაც, ციხიდან გამოსვლისას ორი კაცი მომიახლოვდა ამ შემადგენლობიდან და მითხრეს, ბატონო ოლეგ, ჩვენ დაგადეთ თქვენ ხელიო. მე მათი არც სახელი ვიცი და არც გვარი. თავის დროზეც სასამართლოზე გამოიყვანეს 19 მოწმე, აქედან ხუთმა ჩემს შესახებ თქვა, კეშელავას საერთოდ არ ვიცნობო. ოთხმა თქვა, დავინახეთ, მაგრამ ურბნისში და არა ყინწვისში, თანაც 24 -შიო. როცა საქმე არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, რაზე მელაპარაკა?“ - აცხადებს ოლეგ კეშელავა.
მისი თქმით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც მას ხელი დაადო, ბრაზი არ დარჩენია, რადგან ყველა მათგანზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, ეს ციხე კი არა, ჯოჯოხეთი იყო. მის მიმართ მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა იმაშიც გამოიხატა, რომ ერთხელ გაიყვანეს, ოთახში ხუთი კაცი დაახვედრეს და მოსთხოვეს, ხელი მოგვიწერეო. ხელის მოწერა კი ნიშნავდა მათთან თანამშრომლობას, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
„ხომ წარმოგიდგენიათ, ერთ პატარა ოთახში ხუთი კაცი მგელივით რომ გიყურებს და ელოდება შენს რეაქციას. ამას, რა თქმა უნდა, ბევრი ვერ გაუძლებს. ამიტომ, ამ ამბავში მონაწილეობა ვინც მიიღო, ყველამ პასუხი უნდა აგოს, ყოველ მიზეზგარეშე, და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა აგოს პასუხი. ჩვენ თუ მათ პასუხი არ ვაგებინეთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ანალოგიური ამბავი აუცილებლად გაცოცხლდება. ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ და, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, გამოუშვას ის ხალხი, რომელიც დასაჭერი არ არის - გამოუშვას. მთავარია, რომ არცერთი ფაქტის გამო დათმობაზე არ უნდა წავიდეთ“, - აცხადებს ოლეგ კეშელავა.
For. ge ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძესაც დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ე.წ. ყინწვისის ოპერაცია, სინამდვილეში, იყო პოლიტიკური აქცია, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული, თითქოსდა, რუსები დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში სამხედრო გადატრიალების მცდელობით, რაც თარიღებშიც დაემთხვა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოლეგ კეშელავა ყინწვისშიც არ ყოფილა, თბილისში იყო და ამ დროს ბრალი აქვს წაყენებული ყინწვისში ჩადენილი დანაშაულისთვის, თითქოს, არსებობდა რაღაც საიდუმლო შეთანხმება. მეტიც, დაკავებულთაგან იგი მხოლოდ ერთ კაცს იცნობდა, ერთმანეთსაც არ იცნობდნენ ეს პიროვნებები და როგორ შეიძლებოდა, მათ შორის საიდუმლო შეთანხმება ყოფილიყო სახელმწიფო ამბოხის შესახებ?
ვახტანგ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახალმა პროკურატურამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს, მაგრამ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. კანონმდებელი ორგანო მაინცდამაინც არ ჩქარობს კანონებსა და საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რომ პარლამენტმა მიიღოს დადგენილება ასეთი კატეგორიის საქმეებზე ხელახალი გამოძიების დაწყების შესახებ.
„არ ვიცი, რატომ არ ხდება ამის განხორციელება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, აუცილებელია კადრების დაკომპლექტება, სამუშაო ოთახების შექმნა, თანაც საქმეები შეიძლება მსგავსი იყოს, ამიტომ, ეტყობა, ეს საქმე რთულდება. ყოველ შემთხვევაში, თუ დროში უსაშველოდ გაიწელა, მაშინ აზრი აღარ აქვს ამ საკითხზე მუშაობას“.