პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გამოსული სამხედროები, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მათი საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავენ. დღევანდელ სასამართლოს კი უნდობლობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მათ საქმეებზე ობიექტური სასამართლო განხილვა მხოლოდ ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში ამბოხების მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა სამხედროები აცხადებენ, რომ არავითარი ამბოხება არ მომხდარა, უბრალოდ მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოფიცერთა გარკვეულ ნაწილში ხელისუფლების მიმართ პროტესტი მწიფდებოდა და ამიტომ მოაწყო ამბოხის ინსცენირება, რათა ეს ადამიანები დაეჭირა და თან მათ დისკრედიტაცია მოეხდინა. გთავაზობთ ინტერვიუს თადარიგის პოლკოვნიკ კობა ოთანაძესთან.
კობა ოთანაძე: „მე მქონდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება რაღაცას ამზადებდა. კერძოდ, ლევან ამირიძეს წინა დღეს დაუჭირეს შტაბის უფროსი და უწყობდნენ პროვოკაციას, რადგან ამირიძე გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებას აპირებდა. საერთოდ, სამხედროების დიდი ნაწილი ჩემი ყოფილი ჯარისკაცები არიან და ამიტომ, მე მქონდა ინფორმაცია, რომ ამირიძის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა. სწორედ ამიტომ მივედი მე იმ დღეს მუხროვანში, თორემ იმ დროისთვის მეც და გია კრიალაშვილიც თადარიგის ოფიცრები ვიყავით, ანუ აღარ ვმსახურობდით. როგორც ჩანს, სააკაშვილს გაუხარდა კიდეც, მუხროვანში ჩვენც რომ მივედით, რადგან ამ ე.წ. „ამბოხებას“ მიგვაბა და მეც დამიჭირა. ჩვენ არც ჯარი გვყავდა და არც ერთი სამხედროები და საინტერესოა, როგორ უნდა მოაწყოს ამბოხება ადამიანმა, რომელსაც დაქვემდებარებაში სამხედროები არ ჰყავს? რა თქმა უნდა, არანაირი ამბოხი არ მომხდარა.
როგორც თქვენ ამბობთ, ოფიცრები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რადგან მათ შორის მაშინდელი ხელისუფლების მიმართ პროტესტი მომწიფდა. ეს მხოლოდ მუხროვანში ხდებოდა, თუ სხვაგანაც?
- გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება ორ ოფიცერს, ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს უნდოდათ.
მათ დაქვემდებარებულ სამხედროებს შორის თუ იყვნენ მათი თანამოაზრეები?
- დიახ, რა თქმა უნდა, მათ ძალიან ბევრი თანაუგრძნობდა. ხელისუფლებას კი ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და როგორც ჩანს, ამიტომაც „გაგვანეიტრალეს“. მე რომ მივედი მუხროვანში, სამხედრო ნაწილი უკვე ალყაშემორტყმული იყო. ადგილზე როგორც შინაგან საქმეთა, ასევე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები იყო მობილიზებული, არტილერიაც იყო, ავიაციაც და ა.შ. ფაქტობრივად მთელი შეიარაღებული ძალები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ, ამ ერთი სამხედრო ნაწილის წინააღმდეგ გამოიყენეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ეგონათ, რომ რაღაც პროვოკაციას მოაწყობდნენ და შემდეგ დაბომბავდნენ ნაწილს. მიშა სააკაშვილს ხომ არ აინტერესებს, რამდენი კაცი მოკვდება, მისთვის მთავარია, თავისი სკამი გაემყარებინა და ის საპროტესტო მუხტი ჩაეკლა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა. ფაქტობრივად, მან ეს მოახერხა კიდეც, ამბოხების მოწყობა დაგვაბრალა, ჩვენზე ძებნა გამოაცხადა და გახსოვთ, ალბათ, რა ფასები დაგვადო მაშინ. თავისი ამ ქმედებებით, სააკაშვილმა ეს საპროტესტო მუხტი შეაჩერა.
თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას პროვოკაცია ჰქონდა ჩაფიქრებული. ამდენად, თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი მაშინ ყველაფერზე წამსვლელი იყო, თუნდაც ეს სამხედროებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მისულიყო?
- დიახ, მას სწორედ ეს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან ჩვენ იქ უიარაღოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები მივედით. სააკაშვილს კი ამ პროვოკაციის მოწყობა იმიტომ არ გამოუვიდა, რომ ჩვენ, მე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე გავერიდეთ მას. საერთოდაც, ჩვენ ქვეყნის დატოვებას ვაპირებდით, მაგრამ არა იმიტომ, რომ რაიმეში ბრალი მიგვიძღვოდა, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდით, სააკაშვილი ასე არ გაჩერდებოდა და რაღაც უბედურებას ჩაიდენდა. ჩვენ ტყეში გავიხიზნეთ და იქიდან ვაპირებდით საქართველოს დატოვებას.
რაც შეეხება თქვენი დაკავების ოპერაციას, როდესაც თქვენ ქალაქის შემოგარენში პრაქტიკულად ჩაგცხრილეს მანქანაში, იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
- ჩვენ გვქონდა კავშირი ჩვენს ახლობლებთან, რომლებიც მანქანით უნდა მოსულიყვნენ ჩვენთან, ტყეში და დაგვხმარებოდნენ ქვეყნის დატოვებაში. მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რომ უკვე მკაცრ კონტროლზე ვყავდით აყვანილები. კერძოდ, ჩვენი სახლები, ასევე ჩვენი ნათესავების, ახლობლების სახლები ბლოკირებული იყო, ყველგან იდგნენ სნაიპერები და ყველა ჩვენი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა.
თქვენ ელოდებოდით თქვენს ახლობლებს და მათ ნაცვლად სპეც-რაზმელები მოვიდნენ?
- დიახ, ისინი სწორედ იმ მანქანით მოვიდნენ, რომლითაც ჩვენს ახლობლებს უნდა მოეკითხათ ჩვენთვის. ეს იყო სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც სპეც-რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები. მათ რაღაცეები ჰქონდა გადაფარებული და ჩვენ ვერც კი ვიეჭვეთ, რომ ამ მანქანაში ჩვენს გარდა კიდევ ვინმე იყო, გვეგონა, რომ ეს რაღაც ტვირთი იყო. ჩვენ ავედით მანქანაში და მანქანა დაიძრა. დაახლოებით 3 წუთის შემდეგ გზა საპატრულო პოლიციის მანქანამ გადაგვიკეტა, ვიღაცეები ამოცვივდნენ მანქანაში და პირდაპირ გაგვიხსნეს ცეცხლი.
დაახლოებით რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ სპეც-ოპერაციაში?
- ალბათ, დაახლოებით 400-500 კაცი იყო და ჩვენი დაცხრილვის შემდეგ, როდესაც მანქანიდან გადმოგვყარეს და ნახეს, რომ ცოცხალი ვიყავი, ხელები დამიცხრილეს. ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ყველა. მოგეხსენებათ, გია კრიალაშვილი დაიღუპა და ჩვენ კი, მე და ამირიძე სასწაულად გადავრჩით. მე 14 ჭრილობა მქონდა და სხეულიდან 9 ტყვია ამომიღეს.
ბატონო კობა, ამ სპეც-ოპერაციაში მაღალი თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ?
- დიახ, იქ იყვნენ ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა.
რა ფორმით მონაწილეობდნენ ისინი ამ ყველაფერში?
- ისინი ბრძანებებს და მითითებებს იძლეოდნენ, ამასთანავე მიშას ახსენებდნენ და არ ვიცი, ვინმე მას ტელეფონით ესაუბრებოდა, თუ ისიც იქ იყო, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს.
თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ადგილზე პრეზიდენტის იმყოფებოდა?
- იცით როგორი სიტუაციაა, ყველა იქ იყო, ყველა მაღალი თანამდებობის პირი. ეს სამი მე ამოვიცანი, რადგან სახეზე ვცნობდი მათ, დანარჩენებზე უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან დაცხრილულს მანქანიდან რომ გადმოგაგდებენ და წიხლებს გირტყამენ, ძნელია იქ გაარჩიო, ვინ არის ადგილზე და რას აკეთებენ.
ბატონო კობა, არსებობს ინფორმაცია, რომ უკვე გარდაცვლილ გია კრიალაშვილს გივი თარგამაძე წიხლებს ურტყამდა. თქვენ შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ?
- როგორც გითხარით, მანქანიდან რომ გადმომაგდეს, უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, ამის შემდეგ ხელები დამიცხრილეს და ცემა დამიწყეს. ამიტომ პრაქტიკულად ვეღარაფერს ვხედავდი და აღვიქვამდი. შესაბამისად, ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა, იქ მყოფთაგან ვინმემ დაინახა და იმან გააჟღერა ეს ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, თქვენზე ზეწოლა ამის შემდეგაც გაგრძელდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას გაიძულებდნენ. ამაზე რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება?
- ჩვენ ღუდუშაურის კლინიკაში გაგვიკეთეს ოპერაცია, რისთვისაც იქაურ ექიმებს მადლობას ვუხდი, რომ გადაგვარჩინეს. ოპერაციიდან მესამე ან მეოთხე დღეს „რეზბალნიცაზე“ გადაგვიყვანეს. იქ მომიტანეს დაწერილი ფურცელი და მეუბნებოდნენ, რომ ამაზე ხელი უნდა მომეწერა და თუ მოვაწერდი ხელს აღიარებით ჩვენებას, დაბალ სასჯელს მომცემდნენ, თუ არადა 30 წელს მოგისჯითო და მომისაჯეს კიდეც.
ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გაიძულებდნენ აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას?
- ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც მე სახეზე ვცნობ, თორემ ისე ისინი ცნობილი პიროვნებები არ არიან, თუმცა როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ისინი პირდაპირ მერაბიშვილს უკავშირდებოდნენ ტელეფონით და მითითებებს მისგან ღებულობდნენ.
რა სახის ზეწოლა იყო თქვენზე აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად?
- მოგეხსენებათ ნაოპერაციები ვიყავი, წვეთოვანები მქონდა შეერთებული, შემოვარდნენ, ეს ყველაფერი მომაძრეს, საწოლიდან გადმომაგდეს და ა.შ. ამის გამო თიაქარიც მაქვს დარჩენილი. ცემით არ ვუცემივარ, ან რაღა უნდა ვეცემე, ნახევრად მკვდარი ვიყავი, მაგრამ სიტყვიერი მუქარები იყო. მეუბნებოდნენ - მოგკლავთ და ვიტყვით, რომ ტყვიით მოკვდიო.