თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ითხოვს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.
„ვინაიდან რუსეთი სომხეთის მხარეზეა, ხოლო ჩვენ აზერბაიჯანს ვუჭერთ მხარს, ერთმანეთს უნდა შევხვდეთ და ამ პრობლემის გადაჭრა განვიხილოთ. თუ მინსკის ჯგუფმა 30 წლის განმავლობაში გამოსავალი ვერ იპოვა, მაშინ ახალი მექანიზმის ძებნის დრო დადგა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.