თურქეთის განცხადება იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი შეიძლება სამხედრო გზითაც მოგვარდეს, დაუშვებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული რადიოსადგურებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„განცხადებებს იმის შესახებ, რომ მისაღებია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრაც, ჩვენ ვერ შეუერთდებით და ეს დაუშვებელია. სამწუხაროდ, თურქეთმა გააკეთა ასეთი განცხადება და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც აზერბაიჯანი განახორციელებს, მათ შორის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრაც“, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, თურქეთი არასდროს ყოფილა რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე. ლავროვმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს პარტნიორული უწოდა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე ანკარის ქმედებები ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორც ეს სირიაში ხდებოდა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად სასწრაფოდ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები თავდაცვის სამინისტროების დონეზე, რის შესახებაც მოსკოვმა უკვე ამცნო ოფიციალურ ერევანსა და ბაქოს.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა ბაქოს მხარს ნებისმიერ ვითარებაში დაუჭერს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.