დასრულდება თუ არა 7 დღის შემდეგ 7-წლიანი პაუზა?

დასრულდება თუ არა 7 დღის შემდეგ 7-წლიანი პაუზა?

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრების გასამართად მიემგზავრება. მოსკოვში პასუხი უნდა გაეცეს ერთადერთ შეკითხვას - როდის დაუბრუნდება ქართული პროდუქცია ჩრდილოეთში.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯერ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ მიანიშნეს, რომ სავაჭრო ემბარგო საქართველოსთან უახლოეს მომავალში გადაიხედებოდა.

რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით კი, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხში ქართული უწყებების წარმომადგენლების მზადყოფნა საქართველოს სერიოზულ განზრახვებზე მეტყველებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, მოსკოვში, 20 იანვრის შემდეგ გაიმართოს.

„კერძო წყაროებით მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს დელეგაცია მზადაა ჩვენთან ჩამოვიდეს. ქართული მხარის სერიოზულ განზრახვებზე მეტყველებს ის, რომ დელეგაციას სახელმწიფო მაღალჩინოსანი უხელმძღვანელებს. დელეგაციის ექვსი წევრიდან სამი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება“, - აღნიშნა ონიშჩენკომ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ადასტურებს, რომ მოსკოვში რამდენიმე მნიშნველოვანი თანამდებობის პირის გაგზავნა იგეგმება.

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ისეთ დონეზეა, როდესაც ასეთი პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი არ არსებობს და ამაში ქართული მხარე დამნაშავე არ არის. არსებობს არხი - პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელის მეშვეობითაც ეს დიალოგი მიმდინარეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინთან. გაგზავნილია უკვე წერილი, დელეგაციის წევრების დასახელებით. ეს არის პასუხი მათ განცხადებებზე, რომ ემბარგო მოიხსნება.

აქ იქნება ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი, აქ იქნება ბიზნესის მხარეც, ღვინის ასოციაციის თავჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი. აქ იქნება აუცილებლად ფიტოსანიტარული კარანტინის ხელმძღვანელი და იქნება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი. ვინაიდან აქ საუბარი მარტო ღვინოზე არ არის. საუბარი მიდის ყველაფერზე, ემბარგოს დასრულებაზე, რუსეთის მიერ იმ ვალდებულების შესრულებაზე, რაც მათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით აიღეს.

რამდენადაც მალე გვიპასუხებენ და ხელს შეუწყობენ, რომ დელეგაციის წევრებმა ვიზები აიღონ, იმდენად მალე გავემგზავრებით. დღეს ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხს კონკრეტულ წერილზე, რომელიც ადრესატს უკვე ჩაბარდა“, - აღნიშნავს დავით კირვალიძე.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ღვინის კომპანიის „თბილღვინოს“ მეპატრონე გიორგი მარგველაშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ცალსახად ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ცალსახად გაიზრდება ქართული ღვინის ექსპორტი.

„უნდა ვივარაუდოთ რომ მეღვინეობაში დარგში შემოვა უცხოური ინვესტიციები, მათ შორის, რუსეთიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოა. მეორე მხრივ, ჩვენი კომპანია შეეცდება მაქსიმალურად დაიცვას ბალანსი მთლიანად ექსპორტში, რუსეთის ბაზარსა და სხვა ბაზრებს შორის. ჩვენ უკვე 30 ქვეყანაში ვახდენთ ქართული ღვინის ექსპორტს, გვაქვს აღებული ვალდებულებები ჩვენ პარტნიორებთან, ანუ არ უნდა მოხდეს ისევ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შექმნა და 2006 წლის გამეორება“, - აცხადებს მარგველაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდანაა მოსალოდნელი ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, რუსეთის მთავარი სანიტარი თარიღს მაინც არ აკონკრეტებს და ქართული მხარის მოლოდინს, რომ ეს, შესაძლოა, მარტიდან მოხდეს, ასე პასუხობს:

„მე არაფერი ვიცი ქართული მხარის გეგმების შესახებ. ჩვენ დიდი ხანია დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა არის საჭირო, რათა საბოლოოდ გადავდგათ ეს ნაბიჯი. ამაზე იმდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამის რეალურობა, შესაძლოა, მალე ჩვენ თვითონაც აღარ დავიჯეროთ“.