შეურაცხყოფა ლგბტ საზოგადოებას თუ დანაშაულის მტკიცებულება

შეურაცხყოფა ლგბტ საზოგადოებას თუ დანაშაულის მტკიცებულება

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, მეგის ქარდავას დამატებითი ბრალი წარედგინება. საქმე სექსუალური უმცირესობების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეს ეხება.

„ამ კადრების გამოქვეყნებით გამოვამჟღავნეთ დანაშაული და ხაზი გაუსვით, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური ხასიათის და აღნიშნული მეთოდით ხდებოდა სახელმწიფოს მართვა კანონდარღვევითი ქმედებებით და სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროების საშუალებით“, - განაცხადა კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეო აპარატურით.

„ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ  სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები, გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას. მოგვიანებით, იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარადა ამისა, მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელთან ერთადაც ოპერატიულ ბინებში ჩაწერილი ფარული ვიდეო-მასალებიც გამოქვეყნდა.

ვიდეო-ჩანაწერების გამოქვეყნებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. კერძოდ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ფარულად გადაღებული მასალების გასაჯაროების საკითხს, მით უფრო, თუ ვიდეომასალა შეიცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ გავრცელებული ვიდეომასალიდან შესაძლებელია პირთა იდენტიფიცირება. ამიტომ, იგი მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება.

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით კი ვიდეოჩანაწერებში პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მონაწილე პირების გამოსახულება შეცვლილია. ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა, როდესაც მას საზოგადოების ნაწილში გაჩენილ პროტესტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს.

ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ადამიანების შანტაჟის ასეთ ბინძურ ფორმებს ებრძვის.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ციხის კადრები. ამგვარი ბინძური მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ მას ვებრძვით. ამ მანკიერ თვისებებს სრულად აღმოვფხვრით და მთლიანად გავაჯანსაღებთ სისტემას. ამას ემსახურება ჩვენს მიერ წამოწყებული რეფომრები, რომელსაც ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ. ამ ვიდეოების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალნათლივ დაენახა, რა უბედურებასთან ჰქონდა საქმე და ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობა არასწორად მიმაჩნია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლება ფარული ჩანაწერების გაკეთების და შემდეგ მათი საჭირო დროს კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოყენებით იყო ცნობილი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში საფუძვლიანი პროტესტი არსებობდა. ამიტომ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, მართლაც შესაძლებელია თუ არა, რომ ვიდეო-მასალის გავრცელებით ფირზე აღბეჭდილ პირების იდენტიფიცირება მოხდეს და მათ პირად ცხოვრებაში რაიმე პრობლემები შეექმნათ. ამასთანავე, რამდენად აუცილებელია ამგვარი მასალების გამოქვეყნება პროკურატურის მხრიდან იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებები ამ მტკიცებულებებით გაამყაროს და რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დამცველები, ამ საკითხზე რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ ამ კადრებში პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან გამოსახულება დაფარული იყო, ხმაც შეცვლილი იყო და მასალის გადაღებაც ოპერატიულ ბინებში მოხდა, ანუ ბინის მეშვეობითაც ვერავის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. ცაგურიას თქმით, პროკურატურამ დანაშაულის მტკიცებულება გამოაქვეყნა, რისი უფლებაც მას აქვს.

„წინა ხელისუფლების პერიოდში მეც და მთელს საზოგადოებასაც გვაღიზიანებდა ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული და ადამიანების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო ლევან ბერძენიშვილისა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ისინი რუსულად საუბრობენ. წინა ხელისუფლებამ ამის გამო ისინი რუსეთის აგენტებად შერაცხა, ამაზე ფილმები გადაიღო და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია. ახლა კი პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები იმისგან აბსოლუტურად განსხვავდება, რასაც სააკაშვილი აკეთებდა“, - აღნიშნავს დაჩი ცაგურია.

უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობით არსებობს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, თუ ჩანაწერზე დანაშაულის მსხვერპლია ასახული, მისი ნებართვის გარეშე ამ ჩანაწერის გამოქვეყნება აკრძალულია. თუმცა ჩიტაძის თქმით, როდესაც ტარდება გამოძიება და ადგილი აქვს ისეთ დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ კადრები გაავრცელა, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია საზოგადოებას იმ პიროვნების (ანუ აგენტის) იდენტიფიცირების საშუალება მიეცეს, რომელიც ამ დანაშაულის შემსრულებელია, რადგანაც ეს არ იკრძალება კანონმდებლობით.

„ალბათ, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ეს იყო ამორალური ქცევა და კანონმდებლობით პროკურატურას ნამდვილად შეუძლია საზოგადოებას ასეთი პირის, ანუ დამნაშავე აგენტის იდენტიფიცირების საშუალება მისცეს. თუმცა, მორალურად ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი ასეთი ფაქტების გამოქვეყნება“, - ამბობს ჩიტაძე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ ფირის საშუალებით შესაძლებელია თუ არა პიროვნებების იდენტიფიცირება. ჯანეზაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში ფიგურირებენ თვითონ მოახდენენ თავიანთი თავის იდენტიფიცირებას და საზოგადოებამ მათ ემოციურ მდგომარეობაზე უნდა იფიქროს, რადგან ამით ამ პირებს სერიოზული ზიანი მიადგებათ და შესაძლოა, ისინი მათი ოჯახის წევრებმაც ამოიცნონ.

„ამასთანავე, ამ კადრებში ფიგურირებენ ადამიანები, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს განეკუთვნებიან და ამიტომ პროკურატურას ადამიანთა ასეთი ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ ისედაც ნეგატიურია. ამ კადრების გავრცელებით კი გარკვეულწილად ამ ნეგატიური დამოკიდებულების პროვოცირებაც ხდება“, - აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფოსგან ელოდება მყარი პოლიტიკური ნების გამოხატვას იმისთვის, რომ თანასწორობის პრინციპი ქვეყანაში იყოს დაცული. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი კადრების გავრცელებით სახელმწიფო არა მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვინც ამ ფირებზეა აღბეჭდილი, არამედ ზოგადად ლგბტ საზოგადოების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენს.