აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ, რაც სერგეი ლავროვმა გააჟღერა. თუმცა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მალევე დაადანაშაულეს. ილჰამ ალიევის განცხადებით, რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ ერთადერთი გამოსავალი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვებაა.
რა გვაჩვენა ორკვირიანმა ომმა, ის ხომ არა, რომ ისევ და ისევ რუსეთი მართავს პროცესებს კავკასიაში და არ აპირებს თურქეთს გაუნაწილოს ძალაუფლება?
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ომის განახლება ყოველთვის ხდება მაშინ, როდესაც კონფლიქტი მოუგვარებელი, ან გაყინულია. გაყინვა ნიშნავს, როცა ორივე მხარე გარკვეულ პოზიციაზე ჯერდება და გარკვეული პერიოდით იღებს შესვენებას, ანუ სამომავლოდ გადააქვთ ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ეს კონფლიქტი გაყინულიც არ ყოფილა. გაყინულს ეძახდნენ ყარაბაღის, აფხაზეთის, ცხინვალის კონფლიქტებს, სინამდვილეში, არც ერთი არ იყო გაყინული კონფლიქტი, რადგან ორივე მხარისთვის მიუღებელი იყო ერთმანეთის პოზიციები. ამიტომ მოჰყვა ყარაბაღში ამ ყველაფერს ომი, ასევე, ომი გაჩაღდა, რადგან მილიტარიზებულია ორივე სახელმწიფო და დიდძალმა იარაღმა მოიყარა თავი. თავად რუსეთიც დიდძალ იარაღს აწვდის სომხეთს, კრედიტებს გამოუყოფს ხოლმე და ამ კრედიტების ფარგლებში ძალიან იაფად აძლევს შეიარაღებას, თანაც სომხეთში რუსული ბაზა და დიდძალი იარაღია, საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირის დასახმარებლად. პლუს ამას, მინიმუმ ორი მილიარდი დოლარის ტექნიკა აქვს მიწოდებული რუსეთს აზერბაიჯანისთვის სხვა იარაღთან ერთად. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებისგანაც ყიდულობს იარაღს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა იყო ასეთი, ორივე ქვეყანას აძლევდა იარაღს და ოფიციალურად აცხადებდა, რომ მათ შეიარაღებით აბალანსებდა.
„როგორც წესი, იარაღით დაბალანსება არ ხდება, საბოლოო ჯამში, ეს იარაღი ოდესმე ისვრის ხოლმე. რაც შეეხება თურქეთის გავლენებს და დაკარგავს თუ არა რუსეთი აზერბაიჯანს, ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს აზერბაიჯანი ისედაც გადაიხარა თურქეთისკენ და ოფიციალურადაა სტრატეგია გახმოვანებული და ხელმოწერილი ორივე სახელმწიფოს მხრიდან - „ერთი ნაცია ორი სახელმწიფოა“. ისინი თავის თავს ასე აღიქვამენ, სხვა თემაა, როგორი ურთიერთობები ექნებათ რუსეთთან. ალიევმა იცის, რომ რუსეთის ინტერესებია კავკასიაში, ამიტომაც ალიევი ცდილობდა, რუსეთთან ზომიერი პოლიტიკით მიეღწია ტერიტორიული პოლიტიკის აღდგენისთვის. ამ მოლოდინში გავიდა 26 წელი, 1994 წლიდან, ანუ კონფლიქტის შეწყვეტიდან მოყოლებული პერიოდი. ამ ხნის მანძილზე იყო ხოლმე შეტაკებები, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ოთხდღიანი ომი დღევანდელ ომამდე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია აზერბაიჯანმა. ამ დღეებში, თუ მშვიდობა შენარჩუნდება, გაირკვევა, რამდენით წინ წაიწია აზერბაიჯანმა“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე for.ge- სთან საუბრისას.
რუსეთის გავლენას რაც შეეხება, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ მოლაპარაკებებმა აჩვენა, რამდენად დიდია რუსეთის როლი რეგიონში. იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელში შეიკრიბა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ყარაბაღის თემაზე სამსჯელოდ, ასევე, ცნობილია, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რუსეთთან ერთად არიან ამერიკა და საფრანგეთი, მაინც გამოიკვეთა რუსეთის როლი და აქტიურობა. ჩვენ ვხედავთ, როცა რუსეთს სურს ცეცხლის შეწყვეტა, ის ახორციელებს კიდეც ამას, იყენებს თავის ბერკეტებს, ასე მოხდა 2016 წელსაც, მაშინ უფრო აქტიურები იყვნენ რუსები და კონფლიქტის დარეგულირებაში პირველი დღიდანვე ჩაერთვნენ. ახლა რუსები გაცილებით დიდხანს აკვირდებოდნენ სიტუაციას, სულაც არ სიამოვნებს რუსეთს თურქეთის გააქტიურება რეგიონში და ერდოღანის მოწოდებები, რომ აქტიურად დაუჭერდა აზერბაიჯანს მხარს ბრძოლის ველზე, თუმცა ასეთ მასშტაბურ ჩართულობამდე საქმე არ მივიდა.
„რა ბერკეტები გამოიყენა რუსეთმა, ცალკე თემაა, არ გამოვრიცხავ, ორივე მხარეს ძალისმიერად, ეკონომიკურად დაემუქრა, დაიყოლია ცეცხლის შეწყვეტაზე. რამდენად შენარჩუნდება ეს შეთანხმება, საკითხავია. რუსეთის გავლენა გადამწყვეტია ამ კონფლიქტში. ეს კავკასიის რეგიონისთვის სახარბიელო არ არის, რადგან რუსეთის გავლენის ქვეშ ჩვენს თავზე განვიცადეთ ორმაგი სტანდარტი და იმის მიუხედავად, მთელი 30 წლის განმავლობაში გვქონდა თუ არა დაშვებული შეცდომები, ეს რუსეთს არ ათავისუფლებს იმ აგრესიული, არასაიმედო და ცრუ პოლიტიკისგან, რასაც ის აწარმოებდა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვიხილეთ 1993 წელს მოტყუებით როგორ დაგვადებინეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, მთლიანად გამოგვაყვანინეს მძიმე ტექნიკა, კონტინგენტიც გამოვიდა იქიდან და შემდეგ რუსეთის მხარდაჭერით, რუსულ ქვედანაყოფებთან ერთად შემოგვიტიეს აფხაზებმა და ამდენი ნაომარი ორ კვირაში წავაგეთ. ეს არის რუსეთის პოლიტიკა. ანალოგიურად მოხდა 2008 წელსაც, როგორც არ უნდა დაწყებულიყო ომი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რუსეთი აქ იყო მშვიდობისმყოფელის სახით და მას უნდა განეხორციელებინა მშვიდობის იძულების ოპერაცია, თუკი ორ მხარეს შორის მოხდებოდა დაპირისპირება და არა საერთაშორისო მოსამართლის ფუნქცია. მან კი გაგვასამართლა ცალმხრივად და მეორე მხარე აღიარა“.
ამირან სალუქვაძის თქმით, ანალოგიურად მოხდა აზერბაიჯანთან მიმართებითაც. იყო პერიოდი, როცა ხან აზერბაიჯანს ემხრობოდა რუსეთი, ხან სომხეთს აწვდიდა იარაღს. ეს არის რუსეთის პოლიტიკა. ახლა რუსეთს სურს იქ სამშვიდობო ძალების ჩაყენება მას შემდეგ, როცა სომხეთი დააბრუნებს შვიდ, ან ხუთ რაიონს. თავის მხრივ, სომხეთს სურს ყარაბაღთან შეინარჩუნოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, რათა ჰქონდეს სახმელეთო კავშირი მასთან, რასაც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანი. როგორ შეთანხმდებიან ამ 7 რაიონზე, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რუსეთს სურს, როგორც გარანტად იქ ჩააყენოს სამშვიდობო ძალები. სამშვიდობო ძალების ფუნქცია კი ჩვენ ვიხილეთ 1993 წლიდან აფხაზეთში და უფრო ადრე ცხინვალში. ორივეგან დამთავრდა ჩვენს საზიანოდ, რადგან სამშვიდობო ძალები ეს არის კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთისთვის.
„ჯერჯერობით მხარეები შეთანხმდნენ ადრე მიღწეული შეთანხმების საბაზისო პრინციპების შესაბამისად გააგრძელონ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირება და ეს პრინციპებია, მადრიდის პრინციპებს რასაც უწოდებენ, ყაზანის ფორმულა და ა.შ. ეს ითვალისწინებს ზუსტად 7 რაიონის გადაცემას აზერბაიჯანისთვის, შიდა დევნილების დაბრუნებას, რომელთა საკმაოდ დიდი რიცხოვნობაა. სხვადასხვა მონაცემებით, მილიონზე მეტი აზერბაიჯანელია თითქოს იქიდან წამოსული. ისინი რომ დაბრუნდნენ, იქ შეიცვლება დემოგრაფიული სურათი და ამის შემდეგ რომ ჩატარდეს თვითგამორკვევის საკითხი, გადაწყდება აზერბაიჯანის სასარგებლოდ, რასაც სომხეთი შეეწინააღმდეგება. ყველაზე დიდი, რაზეც შეიძლება შეთანხმდნენ, ეს არის რაიონების გადაცემა და სამშვიდობო ძალების ჩაყენება. ეს მისცემს გარკვეულ დივიდენდებს აზერბაიჯანს და სომხეთს მისცემს იმის საშუალებას, შეინარჩუნოს სტატუს-ქვო რაიონების გარეშე. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, თუკი მივლენ აქამდე. ვერც კი წარმომიდგენია, საბოლოო დარეგულირება როგორ შეიძლება მოხდეს, რადგან აზერბაიჯანის ან სომხეთის ხელისუფლება, რომელიც დათანხმდება თავისი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო მდგომარეობას, იმ დღესვე დაკარგავს ძალაუფლებას“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.
მისი თქმით, ფაშინიანი რომ დათანხმდეს, იქ დაბრუნდნენ აზერბაიჯანელი ლტოლვილები, ის პრემიერი აღარ იქნება. ალიევი რომ დათანხმდეს აზერბაიჯანის სტატუსის განსაზღვრას, აღიარებას ლტოლვილების დაბრუნების გარეშე, მიუხედავად მისი მაღალი ავტორიტეტისა, ისიც დაკარგავს ძალაუფლებას. ასე რომ, ძალიან ჩიხური სიტუაციაა. ყველაფერი გამოიწვია ეთნიკურმა ომებმა და ნაღმებმა, რაც იყო ჩადებული საბჭოთა პერიოდში ჩვენთანაც და ამ ტერიტორიაზეც. ხელოვნურად შექმნილი საზღვრები და ავტონომიები წახალისებული იყო კრემლიდან, ამ გზით ისინი ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და არ გამოუვიდათ. დღეს ამაზე საუბარი კრემლს არ სურს, თავის თოქ-შოუებში რუსი ექსპერტები როცა საუბრობენ ისტორიაზე, მათ აჩერებენ, არ გვინდა, წარსულზე ლაპარაკი, დღეს რა გავაკეთოთო. არადა, წარსულის გარეშე აწმყო ვერ მოგვარდება.
„კარგია, რომ ცეცხლი შეწყდა, რადგან ვითარება იყო ფეთქებადი, იყო საშიშროება, რეგიონალურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. მით უმეტეს, რუსეთმა გამოთქვა დახმარების სურვილი, რომ სამოკავშირეო ვალდებულებას შეასრულებდა, თუკი კონფლიქტი გადავიდოდა სომხეთის ტერიტორიაზე. ამასთან, მოვისმინეთ თურქეთის განცხადება მზადყოფნაზე და, ასევე, ირანის მხრიდან ჩარევის სურვილი გარკვეულ სიტუაციაში. ამიტომ მინიმუმ ამ სამი მოთამაშის დაპირისპირება შეიძლება გვენახა. ამიტომაც იაქტიურა რუსეთმა, რომ შეენარჩუნებინა გავლენა და არ დაეშვა სხვა აქტორების გააქტიურება რეგიონში. რთული გასარკვევია, რით დაიყოლია ორივე მხარე, მაგრამ ბევრი რამ გამოჩნდება, როცა შევადარებთ ურთიერთშეთანხმების ზოლს, რაც იყო 27 სექტემბრამდე და დღევანდელ საზღვრებს“.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა იმ სახით, რომ შეიარაღებით სრულფასოვნად ეხმარებოდა აზერბაიჯანს და, უფრო მეტიც, მოსკოვთან ჰქონდა მოლაპარაკებები რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას, კონფლიქტოლოგი თვლის, რომ ის ძალზე დროებითია და ამ შეთანხმების ამოქმედების შემდეგაც უკვე იყო სროლები.
„ეს შეთანხმება არ არის გამოსავალი, სანამ აზერბაიჯანი არ მიაღწევს წარმატებას. აზერბაიჯანმა შეარჩია ძალიან კარგი დრო, როცა თურქეთი შემკავებელ ფაქტორს თამაშობდა რუსეთთან, რუსეთსაც სჭირდებოდა ფაშინიანის რეჟიმის დასჯა და აზერბაიჯანში პოზიციების განმტკიცება. სომხეთი ყველაზე უძლურ სიტუაციაშია, რადგან არსად წასასვლელი არ აქვს და როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი ამ ეტაპზე, რუსეთის გარდა მას გზა არ აქვს, ეს კარგად იცის რუსეთმაც. რუსეთის მხარდაჭერის დაკარგვა სომხეთისთვის ავტომატურად ნიშნავს ყარაბაღის დაკარგვას. მეორე ვერსიაა, რომ ყარაბაღი, ალბათ, დარჩება მოლაპარაკების და კონფლიქტის თემად, ლაჩინის დერეფანს, ალბათ დაიტოვებს რუსეთი საკონტროლოდ და სომხებს ექნებათ წვდომა ყარაბაღის რეგიონთან. აზერბაიჯანის მიზანია, როგორც მინიმუმ, ყარაბაღის გარეთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. გარკვეულ სამხედრო წარმატებას აღწევს აზერბაიჯანი, თუმცა ამ ომის ფასად მეტს ელოდება, სწორედ ამიტომ გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას აზერბაიჯანი. ახლა რუსეთი სიტუაციას აჰყვა და ცდილობს, აზერბაიჯანთან დაიჭიროს კონსტრუქციული პოზიცია, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი“, - აცხადებს ზურაბ ბენდიანაშვილი for.ge- სთან საუბრისას და განმარტავს, რომ რეალურად, აზერბაიჯანს ბოლომდე არ მიუშვებენ და ჩვენს რეგიონში ყოველთვის მოგებული დარჩება რუსეთი.
კონფლიქტოლოგის აზრით, გაცილებით გაღრმავდა ამ ომის შემდეგ კონფრონტაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ნიშნავს, რომ მოგვარებაზე საუბარიც ზედმეტია, ასეთი ვითარება რუსეთს აძლევს ხელს, მას კავკასია გათიშული სჭირდება, რეგიონში არასტაბილური ვითარება კი საქართველოზეც აისახება, ჩვენს ინვესტიციებზე, ეკონომიკაზე. ამიტომ ჩვენს ინტერესშია კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს.