"რატომ არ გადის ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე"

"2004 წელს, როცა ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შედეგად სააკაშვილის ხელისუფლება ახალი მოსული იყო, ევროკავშირი ემუდარებოდა, სამ კანონში ცვლილება შეეტანათ. ეს იყო შრომის კოდექსი, სადაც ადამიანური ევრონორმები უნდა შესულიყო დამქირავებლისა და დაქირავებულის უფლებების თაობაზე, რომ ფეხმძიმე ქალები არ გამოეყარათ სამსახურებიდან. მეორე, რასაც ევროკავშირი მოითხოვდა, იყო სანიტარიული და ხარისხის უსაფრთხოების მკაცრი სისტემის შექმნა. მესამე მოთხოვნა იყო მძლავრი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა. თუ ამას გააკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირის ხუთასმილიონიანი ბაზარი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის გაიღებოდა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "რატომ არ გადის ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე".

"2005 წელს პირიქით გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ: შრომის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რითაც ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სანიტარიული კონტროლის სისტემა, საერთოდ, მოშალა. ანტიმონოპოლიური სამსახური კი, საერთოდ, დაშალა და გააუქმა. ეს მაგალითები მიუთითებს იმას, რომ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებამ გეზი აიღო საქართველოს აგრარული სექტორის დანგრევისაკენ. საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი გაიღო საქართველოს აგრარული სექტორის დანგრევისთვის. რატომ? იმიტომ, რომ გლეხები გაღატაკებულიყო და კაპიკებად ჩაეგდოთ ხელში", - აღნიშნავს გიორგი გაჩეჩილაძე.

"გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ თუ ჩვენ აგრარულ სექტორს არ აღვადგენთ, არა მარტო კვებითი უსაფრთხოების თვალსაზრისით კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემები გვექნება. პრობლემები თავიდან რომ ავიცილოთ, ის პროგრამა, რომელიც შემუშავდა წინასაარჩევნოდ, უნდა განხორციელდეს. უნდა იქნეს დაცული მოსახლეობის მინიმალური უსაფრთხოება სურსათის უნებლობის თვალსაზრისით. გაეროს პროგრამის მიხედვით ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა", - წერს სტატიის ავტორი.

"ძირითადი გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ პროდუქცია. 2-3-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება. იქმნება ასევე მილიარდიანი ფონდი. ეს მილიარდიანი ფონდი მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს და გლეხებს, საგაზაფხულო პერიოდში შეძლონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ამ ეტაპზე მომსახურება უფასო იქნება. მიწებს დაუხნავენ. მეორე მილიარდიანი ფონდიც იქნება. ეს უკვე ინვესტიციების მოძიებისთვის არის საინტერესო. თუ ვინმე საინტერესო პროექტს წარადგენს, მთელი ღირებულების 75%-ს ეს ფონდი გადაიხდის. 25%-ს ინვესტორი. ეს არის პირველი ინერციის აღებისთვის სოფლის მეურნეობისთვის. ეს პროგრამა აუცილებლად განსახორციელებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. გაეროს სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო ორგანიზაციამ გააფრთხილა ყველა ქვეყანა, თუ ისინი არ მიხედავენ აგრარულ სექტორს, ფაქტობრივად, შეიძლება კატასტროფული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ გლობალური დათბობის პროცესი მიდის, პროდუქტიულობა კლებულობს, მოსახლეობა იზრდება, ხოლო სურსათის რაოდენობა 1 სულ მოსახლეზე მცირდება", - ასკვნის გიორგი გაჩეჩილაძე", - დასძენს გამოცემა.