აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქი განჯა კიდევ ერთხელ დაბომბა.
ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ. სომხეთი აზერბაიჯანს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრის, სტეპანაკეტრის დაბომბვაში სდებს ბრალს.
აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.