რაში არ ეთანხმება ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილს

რაში არ ეთანხმება ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილს

არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 1500-მდე პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ კანონიერი ქურდები ელგუჯა გურჩიანი, რომელსაც 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხე 2 წლის შემდეგ დატოვა და იოსებ სორდია, რომელსაც პატიმრობის ვადა 2015 წელს ეწურებოდა. გურჩიანის გვარი 2010 წელს გახსნილ ნარკოკარტელის საქმეშიც ფიგურირებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ არ იცის, საიდან მოხვდნენ სორდია და გურჩიანი შესაწყალებლთა სიაში. თევდორაძის თქმით, კომისიას არც ერთ მათგანზე რეკომენდაცია არ გაუცია. ამასთანავე, თევდორაძე ამ თემაზე საუბრისას გაღიზიანებული იყო.

ელენე თევდორაძე: ვერ გავიგე, რატომ გაღელვებთ ასე ეს საკითხი ჟურნალისტებს. პრეზიდენტს აქვს უფლება, ვინც უნდა, ის შეიწყალოს.

ქალბატონო ელენე, რატომ ღიზიანდებით, უბრალოდ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაგისვათ

– იმიტომ ვღიზიანდები, რომ ყველა მირეკავს და ისეთ რაღაცეებს მეკითხებიან, რაც კონსტიტუციაში არის გაწერილი. უბრალოდ, უხერხულია, ასეთ კითხვებს რომ მისვამთ, რადგან პრეზიდენტს ამის უფლებას აძლევს კონსტიტუცია.

რა უფლებაზეა საუბარი?

– მოგახსენებთ. პრეზიდენტის სურვილი იყო ის, რომ მან შექმნა შეწყალების კომისია, გაწერა დებულება და მისცა უფლება, რომ ამ საქმეებზე იმუშაოს, მაგრამ მას ნებისმიერ დროს შეუძლია ეს კომისია გააუქმოს და მხოლოდ თვითონ გააკეთოს შეწყალებები. აბსოლუტურად არსად არ წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, კომისია ყავდეს.

ამ კომისიის შექმნა პრეზიდენტის კეთილი ნება იყო?

– ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ მხოლოდ პრეზიდენტს აქვს პატიმრის შეწყალების უფლება.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იცით, რაზეც არის საუბარი...

– ვიცი, რაზეც არის საუბარი, რომ ქურდული სამყაროს წევრები შეიწყალა და ა.შ. მაგრამ პრეზიდენტმა გადაწყვიტა და შეიწყალა ასეთი ადამიანები. რა გავაკეთოთ ახლა? ჩვენს კომისიას უფლება აქვს, პატიმრის საკითხი იმ შემთხვევაში განიხილოს, თუ მას სასჯელის ნახევარი აქვს მოხდილი. მეორეც – როდესაც მას ეს ვადა მოხდილი აქვს, ჩვენ მის საკითხზე ვმსჯელობთ და ზოგს ვაძლევთ რეკომენდაციას და ზოგს - არა. მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს ჩვენ არ ვაძლევთ რეკომენდაციას. ეს განსაზღვრული გვაქვს იმ დებულებით, რომელიც პრეზიდენტმა მოგვცა. რაც შეეხება დანარჩენს, ჩემთვის ცნობილია, რომ ბოლო შეწყალებაზე პრეზიდენტს 100–კაციანი სია გაუგზავნა საპატრიარქომ და მათი შეწყალების რეკომენდაცია დააყენა. აღმოჩნდა, რომ იმ 100 კაცში ყოფილან ქურდული სამყაროს წარმომადგენლები.

თქვენს კომისიას არ აქვს უფლება, რომ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების საკითხი განიხილოს?

– ჩვენ გვაქვს ამის უფლება, მაგრამ ამისათვის პატიმარი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ჯერ ერთი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პატიმარს სასჯელის ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი და მეორეც – აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადებითი დახასიათება ციხიდან. ამის შემდეგ ჩვენ ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის შემთხვევაში უფლება გვაქვს ეს საქმე კომისიაზე გავიტანოთ, მაგრამ არასდროს ვაძლევთ რეკომენდაციას, მკვლელებს, ნარკორეალიზატორებს, ტეფიკინგის ჩამდენებს, გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულებს, ასევე ავტოავარიის მომხდენ პირებს, თუკი ამ საგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ამიტომ კომისიაში გარკვეული ერთსულოვნება არის ამ საკითხზე და ამგვარი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს რეკომენდაციას არ ვაძლევთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, ვინც უნდა, ის შეიწყალოს.  

ხართ თუ არა საქმის კურსში, თინა ხიდაშელმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთისა და გაუპატიურების გამო იყო გასამართლებული... ასევე, შეიწყალა პიროვნება, რომელსაც კოლუმბიიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი

– დიახ, ეს განცხადება მეც მოვისმინე, მაგრამ პრეზიდენტს აქვს ამის უფლება და რა ვქნათ?

ქალბატონო ელენე, თქვენ იყავით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, უკვე რამდენიმე წელია, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხართ და კონკრეტული პატიმრების ბედს წყვეტთ. უბრალოდ, ადამიანურად მინდა გკითხოთ, თქვენთვის მისაღებია ასეთი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალება?

– ამის მომხრე რომ ვყოფილიყავი, ალბათ ასეთი ადამიანების საკითხს კომისიაზე გავიტანდი. მსგავსი კატეგორიის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულების ჩვენ არ ვაძლევთ რეკომენდაციას. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი რეკომენდაციით ჩვენს პოზიციას და დამოკიდებულებას გამოვხატავთ, მაგრამ არ შემიძლია პრეზიდენტს რაიმე ავუკრძალო.

როგორ ფიქრობთ, ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლება კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს?

– თუ გინდათ გულახდილად გითხრათ, როდესაც საქმეს ვკითხულობ, მაგალითად იყო მკვლელობის საქმე, კაცმა იცხოვრა 70 წელი, არასდროს არაფერი ჩაუდენია, მაგრამ მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას მეზობელთან მოუვიდა კამათი და ეს მეზობელი მოკლა. ჩვენ ასეთ პატიმარს უარს ვეუბნებით, რადგან შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ მოდით მეორე მხრიდან შევხედოთ ამ ყველაფერს - ასეთი ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში იქნებოდა? კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. არის ქურდი, რომელმაც ბინაში შეაღწია და გაქურდა ეს ბინა, მაგრამ მოიხადა სასჯელის გარკვეული ნაწილი, მოსახდელი დარჩა 5-6 თვე და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ვაპატიოთ ეს რამდენიმე თვე და შეწყალებაზე რეკომენდაცია მივეცით. ახლა მე გეკითხებით, რომელი უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ამიტომაც, ძალიან ინდივიდუალურად უნდა შევხედოთ თითოეულ საქმეს.

18 წელია ამ კომისიაში ვარ და აქედან 9 წელია ვარ თავმჯდომარე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პატიმარს, რომელიც მკვლელობის მუხლით იყო გასამართლებული, საპატრიარქოდან წერილის საფუძველზე გავუწიეთ რეკომენდაცია შეწყალებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში მე მოვითხოვე დაზარალებული მხარისგან მისი პოზიციის დაფიქსირება. დაზარალებულმა ნოტარიულად დამოწმებული დეკუმენტი მოიტანა, სადაც დაწერა, რომ მსჯავრდებულის უდანაშაულობაში თავიდანვე დარწმუნებული იყო. ამ წერილმა და საპატრიარქოს რეკომენდაციამ მომცა საშუალება, რომ მკვლელობის მუხლით მსჯავრდებული შეგვეწყალებინა.

თქვენი პოზიცია გასაგებია იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელმაც 70 წლის ასაკში ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ნარკორეალიზატორზე, რომელსაც 25 წელი ჰქონდა მისჯილი, ასევე ადამიანზე, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. ასეთი პირების შეწყალებასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?

– კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენი კომისია ასეთ ადამიანებს რეკომენდაციას არ აძლევს და ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, შემიძლია თავი დავდო, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩვენი კომისიის მუშაობაში, რომ ამ კატეგორიის ადამიანისთვის რეკომენდაცია გაგვეწიოს, მაგრამ იმას ვერ გეტყვით, შემდეგ არიან თუ არა ეს ადამიანები ციხიდან გამოსულები, რადგან პასუხს ვაგებ მხოლოდ ჩვენი კომისიის გადაწყვეტილებებზე.

როგორ ფიქრობთ, რა იყო პრეზიდენტის მოტივაცია, როდესაც ამ კატეგორიის ადამიანები შეიწყალა?

– ვერ გეტყვით, მე პრეზიდენტი არ მინახავს მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრი აღარ ვარ.