საყვარელი და პატივსაცემი შვილები

საყვარელი და პატივსაცემი შვილები

ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ. ერთი შეხედვით, ახლადდამკვიდრებული ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ეს იყო კოჰაბიტაციის მცდელობა, თუმცა ნაძალადევი დამოკიდებულება მაინც აშკარად იგრძნობოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საზეიმო მიღებას სასულიერო პირები და მსოფლიო პატრიარქიც ესწრებოდნენ.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტი საზეიმო მიღებაზე მოგვიანებით გამოჩნდა და ჯერ პატრიარქთან და მაღალი რანგის სასულიერო პირებთან მივიდა მისასალმებლად, შემდეგ დივანზე ჩამომჯდარი ბიძინა ივანიშვილისკენ გადაინაცვლა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ დროს პრემიერის სიახლოვეს იდგა, თუმცა ივანიშვილმა მას რაღაც გადაუჩურჩულა და ტახტზე ხელის დადებით პრეზიდენტს მის გვერდით ადგილისკენ მიუთითა და გვერდით დაჯდომა ისე შესთავაზა, რომ პრეზიდენტის მისალმებისას პრემიერი ფეხზე არც ამდგარა. მართლაც პრეზიდენტი ივანიშვილსა და უსუფაშვილს შორის მოკალათდა.

სადღესასწაულო ვახშმის დროს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა წარმოთქვა და 2013 წელი სიყვარულის წლად გამოაცხადა. ამის შემდეგ მან მიკროფონი მიხეილ სააკაშვილს გაუწოდა სიტყვებით -  „მოკიდე, მიშა!“ სააკაშვილმა მიკროფონი გამოართვა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა სიტყვას ეთანხმებოდა, თუმცა საკუთარი მონოლოგის უთქმელად მიკროფონი მაგიდაზე დადო, რაც მისი ენაწყლიანობისთვის ცოტა უჩვეულო იყო.

ყველაზე საინტერესო არაოფიციალური საუბრები კი უკვე ღონისძიების დასასრულს გაიმართა, როდესაც პრეზიდენტი საპატრიარქოს ტოვებდა და პატრიარქს ემშვიდობებოდა. ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი შინაურულად სთავაზობს პატრიარქს, თუ გინდათ, პრეზიდენტი გააცილეთ - ვიცი, რომ ის უფრო მეტად გიყვართო. ამის შემდეგ ცოტა დაბნეულმა სააკაშვილმა უპასუხა: „არა, უფრო მეტად მე რატომ ვუყვარვარ?! - კარგი რა, ბიძინა!“

ბიძინა ივანიშვილისა და სააკაშვილის „გაბაასებამ“ სოციალურ ქსელებში სხვადასხვაგვარი შეფასებები გამოიწვია. ზოგმა ბავშვურ ცილობად შეაფასა ეს ყველაფერი, თუმცა, სავარაუდოდ, პრემიერი ხუმრობდა და მისი ტონიც შინაურულ შეთავაზებას უფრო ჰგავდა, რაც პრეზიდენტმა პირდაპირ გაიგო. 

ამ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი ისიც იყო, რომ უშუალოდ „შერატონ მეტეხ-პალასში“ გამართულ საზეიმო ვახშამზე ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის გვერდით იჯდა, სააკაშვილს კი მსოფლიო პატრიარქის გვერდით მიუჩინეს ადგილი. თუმცა, პრეზიდენტმა აქაც მოახერხა და მცირეხნიანი სიტყვით წარმოთქმისას ცოტა ისევ „წაუპოლიტიკურა“ და საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საშიშროება ახსენა, თანაც იმედი გამოთქვა, რომ ამ განზრახვას პატრიარქი ხელს შეუშლიდა. ბიძინა ივანიშვილმა კი დიპლომატიურად აღნიშნა, რომ პატრიარქი ბოლო 20 წლის განმავლობაში აღმშენებლობას ეწეოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მისი დამსახურება ის იყო, რომ მოჯადოებულ წრეზე მოსიარულე ჩვენი ერისთვის სწორედ პატრიარქი ახერხებდა სწორი გზის მინიშნებას და ქართველი ხალხი ჩვენი უწმინდესის მაგალითზე ახერხებდა სწორებას.

For.ge-მ აღნიშნული საზემო მიღების შეფასება სთხოვა ექსპერტებსა და ჟურნალისტებს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრისას ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ორივე პოლიტიკოსმა გამოიჩინა ელემენტარული გონიერება და ერთმანეთში არ არია საკუთარი მოწიწება უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ და თავისივე პოლიტიკური „იზმები“ თუ შეხედულებები, რაც პატრიარქის უდიდეს ავტორიტეტზე მიგვითითებს. სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო რაიმე მოულოდნელი გამოვლინებები, რადგან ნებისმიერი მათგანისგან პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, თუ შეცდებოდა და აყვებოდა თავის პოლიტიკურ ვნებებს.

თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამგვარი დადებითი განწყობის გაგრძელებისადმი სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, რადგან ჩვენი ოპტიმიზმი იმ დღესვე დასრულდება, როგორც კი ჩვენი პრეზიდენტი მოინახულებს რომელიმე გლეხის ოჯახს და იქ გადმოაფრქვევს თავის ნაფიქრს თუ პროგნოზებს. ამდენად, ეს იყო მხოლოდ პატივისცემის ჟესტი სწორედ თარიღების მიმართ, რასაც ზეიმობს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო.

„სხვაგვარად წარმოუდგენელია, ვინმეს ცივილიზებულ ქვეყანათა რიგში არსებობის პრეტენზია ჰქონდეს, თუ იქნებოდა რაიმე ტიპის ექსცესი ამ შეხვედრისას. პატრიარქს საკუთარი სულიერება და გონიერება არ აძლევს რაიმე სხვა მოტივაციას, გარდა იმისა, რომ იქადაგოს სიყვარულის აუცილებლობა, რადგან ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. სკეპტიკოსებმა იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ორიოდე დღის წინ, როდესაც საკონცერტო დარბაზში შედგა საზეიმო კონცერტი უწმინდესის საპატივსაცემოდ, გადაჭედილ დარბაზში არ ბრძანდებოდა ბატონი პრეზიდენტი“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ პატრიარქთან საზეიმო სტუმრობისას გარკვეული უკმარისობის გრძნობა დარჩებოდა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს არ შეძლებოდათ, მიმლოცველების როლში ყოფნა ჩვენი სულიერებისა და გონიერების მამის საიუბილეოდ.

For.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ შერიგებასა და სიყვარულში ცუდი არაფერია. პირიქით, მისასალმებელია და ყველას მიზანი უნდა იყოს შერიგება და ერთობა, მაგრამ, სანამ ბოდიშს არ მოუხდიან მას, ვისაც ბოდიში უნდა მოუხადონ, სანამ არ მოიხდის ბოდიშს ის, ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, მანამდე ერთობა არ მოხერხდება.

ამასთან, გია იაკობაშვილს აინტერესებს, რა უნდა ვუთხრათ იმავე ვახტანგ მაისაიას, ყინწვისის ე.წ. შეთქმულებისთვის გასამართლებულ ადამიანებს, გია კრიალაშვილის ოჯახს, ნუთუ ეს ადამიანები იმით უნდა ვანუგეშოთ, რომ თურმე კოჰაბიტაცია აუცილებელია?!

„თანაარსებობა უფრო მესმის და კოჰაბიტაცია რა არის, ვერ გავიგე. რაც შეეხება იმ შეხვედრას, რასაც ვიზუალურად ვუყურე, ვაკვირდებოდი ამ ადამიანების მოძრაობას, მიმიკას, ხელის ჩამორთმევას, ეს შეხვედრა პატრიარქის საოცარი ადამიანურობისა და დიპლომატიის მორიგი გამოვლინება იყო. ამავე დროს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდსულოვანი მოქმედება ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ფრანგებს კი აქვთ გამოთქმა - წაქცეულს წიხლი უნდა მიაყოლოო, მაგრამ ქართველებს მაინც გვაქვს, რომ წაქცეულს არ ურტყამენ. რაც დრო გადის, სააკაშვილი უფრო და უფრო აღიარებს, რომ იგი წაქცეულია“, - აცხადებს For.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

რაც შეეხება შეხვედრის დამაგვირგვინებელ ნაწილს, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს, რამაც სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი გამოიწვია  - „ვიცი, რომ ის (სააკაშვილი) უფრო მეტად გიყვართ - გია იაკობაშვილმა ამასაც თავისი ახსნა მოუძებნა:

„ეჭვიც არ მეპარება, რომ, რა თქმა უნდა, პატრიარქს სააკაშვილი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ივანიშვილი, რადგან მშობელს თავისი მახინჯი, ავადმყოფი შვილი უფრო უყვარს, ვიდრე ჯანმრთელი. მთელი ცხოვრება ვამბობდი და ვამბობ, რომ წაქცეულს არ ურტყამენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ცალკე შემთხვევაა და ამ შემთხვევაში, მე ფრანგებს ვეთანხმები, რომ წაქცეულს წიხლი უნდა მიაყოლო“, - აღნიშნა გია იაკობაშვილმა.     

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საერთოდ პოლიტიკა გარიგების არენაა და პოლიტიკოსებს შორის გარიგება რომ მოხდეს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან გლადიატორების ბრძოლა და პოლიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გადაიდგა, რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რეჟიმის მიმართ შემრიგებლური გამხდარიყო.

„უპრეცენდენტო ნაბიჯები გადაიდგა პოლიტპატიმრებისა თუ სხვა საკითხებთან მიმართებით. ამიტომ არა მგონია, რეჟიმის მიმართ შერიგებაზე უპრიანი იყოს საუბარი. რაც შეეხება იმას, რომ ორივე მხარე ერთმანეთს რბილად და ტკბილად შეხვდა, დაკვირვებული თვალისთვის არც ეს იყო ძალიან ხავერდოვანი შეხვედრა. თუ დააკვიდებით, დამარცხებული პრეზიდენტი აშკარად დაძაბული იყო, ვიდრე გამარჯვებული პრემიერი“, - აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, მისი აზრით, საზოგადოების მოლოდინი, რომ სააკაშვილის მიმართ მთელი სიმკაცრით გატარდება კანონი, მთლად სწორი არ უნდა იყოს, რასაც სხვა ქვეყნების მაგალითებიც ადასტურებს. კერძოდ, უამრავი შეცდომა ჰქონდა უმცროს ბუშს, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მისმა შეცდომებმა, რომელზედაც მისი პრეზიდენტად ყოფნის დროს ძალიან მკვეთრად იყო საუბარი. დანაშაულის გამო იმპიჩმენტს უწყობდნენ ნიქსონსაც, მაგრამ, რადგან იგი გადადგა, ამიტომ დაანებეს თავი.

„თუ დააკვირდებით, თუკი ადამიანი ტოვებს თანამდებობას, უკვე აღარ ცდილობენ, წაქცეულ კაცს შედგნენ ფეხით, ასეთია დასავლეთის ტრადიცია. ეს ყველგან ასე არ არის, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა პრეზიდენტები საბრალდებო სკამზე სხდებიან, რაც უფრო აღმოსავლური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენ როგორი ქვეყანა გვინდა ვიყოთ?! შურისძიების ჭია მოვიკლათ და ამოვბუგოთ ყველა, ვისი შურიც გვაქვს თუ ქვეყანა ავაშენოთ და წარსული შეცდომები მოვიშოროთ?!“ - კითხულობს რამაზ საყვარელიძე.