თბილისში სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გრძელდება და ამ პროცესს თბილისის მერია კურირებს. ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გასხვისდა, თბილისის მე-13 პოლიკლინიკაა, რომლის მედპერსონალმა კლინიკის გახსვისების შესახებ მხოლოდ აუქციონის დასრულების შემდეგ შეიტყო.
აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გახსხვისებას თან სდევს მათი რეორგანიზაცია და თანამშრომლების დიდი ნაწილის დათხოვნა, ხოლო ვისაც სამუშაოდ ტოვებენ, იმ ექიმებს ძალიან დაბალ ანაზღაურებას უნიშნავენ. ამიტომ, მედპერსონალი აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პრემიერ ივანიშვილის მიერ ინიცირებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამა შეიძლება ჩავარდეს, რადგან პროგრამა კი დამტკიცდება, მაგრამ აღარ იქნება პოლიკლინიკები, ექიმები და შესაბამისად, პაციენტებს ვეღარავინ მოემსახურება.
სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესში კი, როგორც ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის რეპორტაჟი“ იუწყება, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის ინტერესები იკვეთება. კერძოდ, „კვირის რეპორტაჟის“ ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში გასხვისებული პირველადი ჯანდაცვის ობიექტების დიდი ნაწილი ოთხი კომპანიის - „მედიკომის“, „მედისონის“, „კლერიონის“ და „კალა 2012“-ს საკუთრებაში აღმოჩნდა.
კომპანია „მედისონის“ 35%-იანი წილის მფლობელი ანდრია ურუშაძის ძმის სიდედრი, მარინა გოგეშვილია. ამასთანავე, ამ კომპანიების მეწილე არის, ანდრია ურუშაძის ძმის, ნიკოლოზ ურუშაძის მეგობარი, კახაბერ ლომსაძე.
მე-13 პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით for.ge-ს მისი თანამშრომელი, ექიმი ხათუნა კერესელიძე ესაუბრება.
ხათუნა კერესელიძე: „თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის მიერ ხდება პოლიკლინიკების გასხვისება. ჩვენ ძალიან აბსურდულ სიტუაციაში ვართ და გეტყვით რატომ. ჩვენს პოლიკლინიკას, რომელიც ზუსტად ოპერის წინ, რუსთაველის N28-ში მდებარეობს, 860 კვ მეტრი უკავია და იგი 1937 წლიდან ამ ფართში ფუნქციონირებს. ახლა კი, უცებ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ გაიყიდა მხოლოდ ჩვენი შპს, ანუ ჩვენი საქმიანობა, ფართი კი არ გაყიდულა. ისე არ მინდა გაიგოთ, თითქოს პოლიკლინიკების ფართთან ერთად გაყიდვას ვეთანხმებით. ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ, რადგან ვთვლით, რომ ეს არაკონსტიტუციურია. პირველადი ჯანდაცვა ისეთი სფეროა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მომგებიანი და დაუშვებელია, კერძო მესაკუთრის ხელში იყოს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა სახელმწიფოს ხელშია და სახელმწიფო არსად აკეთებს აქცენტს, რომ ამ სფეროში მოგება მიიღოს. ბუნებრივია, კერძო მფლობელის ხელში ეს ასე არ იქნება. პოლიკლინიკების შესყიდვაში კერძო მფლობელების ინტერესი ფართის ხელში ჩაგდებაა.
თქვენს შემთხვევაში რატომ არ მოხდა პოლიკლინიკის შენობასთან ერთად გასხვისება?
- ჩვენ გავიყიდეთ ოპერის უკან მდებარე ბავშვთა მე13-ე პოლიკლინიკასთან ერთად, რომელსაც ახლა „შუა ქალაქი“ ჰქვია. ის თავის ფართთან ერთად გაიყიდა. ჩვენ კი გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ძალიან დაინტერესებული იყო, რაც შეიძლება მალე მოვეცილებინეთ ჩვენს შენობას (რუსთაველის N28-ს) და მიგვაყიდეს „შუა ქალაქთან“ ერთად, ანუ გავიყიდეთ მხოლოდ ექიმები და ექთნები. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახლა 860 კვ მეტრს ვიკავებთ, იქ კი ჩვენი გადაყვანა გამიზნულია 160 კვ მეტრ ფართზე და ეს ფართი გარემონტებული და მოწესრიგებული არ არის. ამასთანავე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, კომპანია „მედიკომს“ ამ ფართის გასარემონტებლად სახსრები არ გააჩნია.
„მედიკომი“ არის ის კომპანია, რომელმაც თქვენი შპს შეიძინა?
- დიახ, მან ერთ ლოტად შეიძინა ჩვენი შპს და კლინიკა „შუა ქალაქი“ თავის ფართთან ერთად. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „მედიკომის“ ხელმძღვანელობა აპირებს ჩვენი სახელფასო ანგარიშები „პროკრედიტბანკიდან“ (სადაც ხელფასები გვერიცხება) სასწრაფოდ გადაიტანონ „ტაოპრივატბანკში“ და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ხდება იმიტომ, რომ „მედიკომის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, კახა ლომსაძეს „ტაოპრივატბანკიდან“ დიდი მოცულობის სესხის გამოტანა სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ, რომ ბანკი შეგვიცვალონ.
ჩვენ მივმართეთ ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ქალბატონ მათიაშვილს და ვკითხეთ, რატომ არ გაიყიდა ჩვენი კლინიკა თავის ფართთან ერთად. მან გვიპასუხა, რომ ჩვენი შენობა ისტორიულია და გაყიდვას არ ექვემდებარება. ჩვენთვის ეს არადამაჯერებელი პასუხია, რადგან ჩვენს გვერდით, რუსთაველის N30-ში (სადაც ადრე იუსტიციის სამინისტრო იყო) იყო ჭავჭავაძეების საგვარეულო სასახლე, ეს შენობა გაყიდულია. ამიტომ ქონების მართვის სამსახურის არგუმენტი ჩვენთვის არასარწმუნოა.
კიდევ მეორე კითხვა დაგვებადა და ქალბატონ მათიაშვილს ამაზეც მივმართეთ, თუკი ჩვენი შენობა ისტორიულია და არ იყიდება, მაშინ რატომ გვაიძულებს ქონების მართვა, რომ ეს ფართი სასწრაფოდ დავტოვოთ და „შუა ქალაქის“ შენობაში გადავიდეთ? ამასთანავე, გვაინტერესებს, ძველი თბილისის მოსახლეობისათვის პოლიკლინიკაზე უფრო მნიშვნელოვანი რა ობიექტის ამოქმედება იგეგემება ჩვენს შენობაში? საქმე ისაა, რომ „შუა ქალაქის“ შენობაში ამ ორი კლინიკის მუშაობა ძალიან რთული იქნება. ამასთანავე, ამ ორი კლინიკის მედ-პერსონალის დამანგრეველი ოპტიმიზაცია იგეგმება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენგან ძალიან ცოტა ადამიანი გადავა იმ შენობაში. გარდა ამისა, „შუა ქალაქის“ კოლექტივიც ჩვენი მიღების წინააღმდეგია და ეს ბუნებრივიც არის, რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ ბავშვების და მოზრდილების ქირურგები ერთ კაბინეტში უნდა განთავსდნენ. ეს წარმოუდგენელია, პედიატრები შოკში ჩავარდნენ, რადგან ბავშვის ქირურგთან ჩვილი ბავშვები ჰიგიენური დამუშავებისთვის მიჰყავთ და სრულიად წარმოუდგენელია, იმავე ოთახში შევიდეს მოზრდილი პაციენტი, რომელსაც მაგალითად ,აქვს „წითელი ქარი“, ან რაიმე სერიოზული ინფექციური დაავადება.
ჩვენმა მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრს მიმართა და მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა კარგი ნაბიჯი, როდესაც სამთავრობო კომისია შექმნა. კომისიამ სამედიცინო დაწესებულებების სტატუსი უნდა შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ არავინ გვაცდის ამას. როგორც ჩანს, ჩვენი ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება, რადგან იგი ცდილობს სასწრაფოდ შეასრულოს მყიდველის სურვილი, რომ ჩვენი სახელფასო ანგარიშები სხვა ბანკში გადაიტანონ და „შუა ქალაქის“ შენობაში გადაგვიყვანონ.
როდის მოხდა თქვენი შპს-ს გასხვისება?
- აუქციონი 2012 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა, რაზეც ხმაური ავტეხეთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაგვიკეთა.
გამოდის, რომ მერიამ იჩქარა?
- დიახ, სწორედ ასეა, რადგან ჩვენი კლინიკა შარშანაც გავიდა აუქციონზე, მაგრამ ვერ გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „მედიკომი“ 30 ოქტომბერს დაფუძნდა და 20 ნოემბერს უკვე ჩვენი კლინიკა შეისყიდა.
თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვისია კომპანია „მედიკომი“, ან ვინ დგას მის უკან?
- დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ცნობილია, რომ „მედიკომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არის კახა ლომსაძე, რომელიც ასევე კომპანიების „მედისონისა“ და „კლეარონის“ დამფუძნებელიც არის და 2012 წლის ზაფხულიდან ეს კომპანიები პოლიკლინიკებს მასიურად ეპატრონებიან. ჩვენს მსგავსად გაყიდულია „პირველი პროფილაქტიკური ცენტრი“, „მეორე პროფილაქტიკური ცენტრი“ (რომლებიც „მედისონმა“ შეიძინა) და სამედიცინო ცენტრი „ჯანმრთელობა“. „მედისონს“, რომელმაც ეს სამი პოლიკლინიკა შეისყიდა, 31 დეკემბრამდე მილიონ ასი ათასი უნდა გადაეხადა, რასაც ვერ იხდიდა. შემდეგ კახა ლომსაძემ „მედიკომში“ თავისი 35%-იანი წილი ვინმე სებუაზე გაასხვისა და ეს მილიონ ასი ათასი ამის მეშვეობით დაიფარა.
ამასთანავე, ამ სამი კლინიკიდან „მედისონმა“ 150 ადამიანი შეამცირა და უმუშევარი დატოვა, ხოლო ვინც დატოვა, ის ექიმები 150 ლარზე მუშაობენ. ჩვენც იგივე გვემუქრება.
რაც შეეხება თქვენი კლინიკის შენობას, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ამ შენობის დაპატრონება?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ვიღაცის ინტერესია. ჩვენს საქმესთან დაკავშირებით „კვირის რეპორტაჟმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაასკვნა, რომ ამ საქმის უკან დგას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ანდრია ურუშაძე და მისი ძმა, ნიკა ურუშაძე, რადგან „მედისონში“ ერთ-ერთი მეწილე ნიკა ურუშაძის სიდედრი, მარინე გოგეშვილია. არც ის არის გამორიცხული, რომ მართალია პოლიკლინიკებს ეს კომპანიები ყიდულობენ, მაგრამ ვიღაც, ვისაც ჩვენი შენობის ხელში ჩაგდება სურს, ამ კომპანიებს ეუბნება, რომ ჩვენი მედპერსონალი შენობას რაც შეიძლება მალე მოაშოროს და შესაძლოა, სულ სხვა ვიღაცას სურდეს ჩვენი შენობა, რადგან კომპანიები, რომლებიც პოლიკლინიკებს ყიდულობენ, მათ ფართიანად იძენენ და ამ შენობებსაც ეპატრონებიან, ჩვენი შპს-ს შემთხვევაში კი, როგორც მოგახსენეთ, ასე არ მომხდარა. ამდენად, ქონების მართვას და მერიას ეს შენობა თავისთვის უნდა, მაგრამ ვისთვის უნდა, ამაზე პასუხს ვერავინ ვერ გვცემს.
ჩვენს ადვოკატს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აქვს განცხადება შეტანილი, მაგრამ ეს საქმე კუს ნაბიჯებით მიდის, რადგან საგამოძიები სამსახურში თურმე რეფორმა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თებერვლიდან საყოველთაო დაზღვევის პროგრამა უნდა ამოქმედდეს, მაგრამ თუ აღარ იქნება პირველადი ჯანდაცვის ობიექტები, მაშინ ამ რეფორმის გატარება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
სხვათაშორის, ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი სერგეენკო აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლიკლინიკები ამ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განხორციელებას ვერც კი აუვიდეს. მინისტრმა აღნიშნა - საველე პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებას არ ვაპირებო და განაცხადა, რომ სამთავრობო კომისია ამ ობიექტების გასხვისების საკითხს აუცილებლად შეისწავლის და სათანადო დასკვნებსაც დადებს. ამიტომ, ველოდებით ამ დასკვნას, მაგრამ ამასობაში ჩვენს კოლეგებს მასიურად ითხოვენ სამსახურებიდან და პოლიკლინიკებს ამცირებენ. ჩვენ, პრაქტიკულად, დროში ვიწვებით.