დავით სერგეენკო: „რაღაცით უნდა დავიწყოთ და ეს უკვე დაწყებულია“

დავით სერგეენკო: „რაღაცით უნდა დავიწყოთ და ეს უკვე დაწყებულია“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება და მთავრობა წინასაარჩევნოდ გაცემული დანაპირების ეტაპობრივ შესრულებას იწყებს. რაც შეეხება საპენსიო სფეროს, 2013 წლის 1 აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა საპენსიო თანხა 110-დან 125 ლარამდე გაიზრდება. პენსია მოემატებათ I ჯგუფის ინვალიდებსაც, რომლებიც 100-ის ნაცვლად, 125 ლარამდე თანხას მიიღებენ. ამასთან, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 000 ქულამდე) ოჯახის პირველ წევრებზე 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი გაიცემა, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე - არსებული 24-ის ნაცვლად, 48 ლარი. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერის და I ჯგუფის ინვალიდის პენსია 125-დან 150 ლარამდე მოიმატებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა და II ჯგუფის ინვალიდთა პენსია 70-დან 100 ლარამდე, ხოლო მარჩენალდაკარგულთა და პოლიტრეპრესირებულთა პენსია 55-დან 100 ლარამდე გაიზრდება. 2013 წლის 1 აპრილიდან ძალოვანი უწყების პენსიონრებისა და საავიაციო მომსახურეთა კომპენსაციის ოდენობაც დადგინდება, რისთვისაც ბიუჯეტში 19 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია რესურსები რეგრესის (ჯანმრთელობისთვის სახიფათო სფეროში, მაგ მეშახტეების - გაიცემოდა 2007 წლის 1 მარტამდე) პენსიის გასაცემად, თუმცა მისი დანიშვნისა და გაცემის წესზე მთავრობა მუშაობს.

გაზრდილია ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხაც. 2011 წელს თუ ეს თანხა 301 492,1 ლარს შეადგებდა და დაზღვევაზე აქედან 121 204,1 ლარი იხარჯებოდა, 2012 წლისთვის 359 883,9 ლარიდან დაზღვევას 166,174 ლარი მოხმარდა. მიმდინარე წელს ეს თანხა 633,746 ლარს შეადგენს, საიდანაც ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 505,760 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს 4-მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 400 ათასს კორპორატიული დაზღვევა აქვს 1,6 მილიონამდე კი მიზნობრივი ჯგუფების ფარგლებშია დაზღვეული, დანარჩენ 2 მილიონს კი დაზღვევა არ აქვს. 2013 წლის  თებერვლიდან სწორედ მათი მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა მოხდება.

მინიმალური სადაზღვევო პაკეტი მოიცავს 2 ბლოკს: ეს არის ოჯახის ექიმთან შეუზღუდავი ვიზიტი თანაგადახდის გარეშე, გადაუდებელი შემთხვევების მართვა როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონალურ დონეზე, რასაც ემატება ის დიაგნოსტიკური კვლევები, რომელიც საჭიროა პირველადი ამბულატორიული შეფასებისათვის. რაც შეეხება სტაციონალურ ურგენტულ მომსახურებას, კვლევა აქაც იგულისხმება იმ შემთხვევების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია კონკრეტული დაავადების მიმდინარეობისას.

1-ლი ივლისიდან კი საქართველოს ყველა მოქალაქე საბაზისო სადაზღვევო პაკეტს მიიღებს, რაც არსებული პაკეტისთვის გეგმიური სერვისის დამატებას გულისხმობს. შესაბამისად, გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალიც, რომელიც ასევე ორსულობასა და მშობიარობასაც მოიცავს. ეს ყველაფერი კი ერთიანი სადაზღვევო ფონდის მეშვეობით განხორციელდება. ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში დაწყებულ პროცესებზე შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო გვესაუბრება:

დავით სერგეენკო: ერთიანი სადაზღვევო ფონდი არის, პრინციპში, სადაზღვევო კომპანიის მსგავსი პროფილის მქონე დაწესებულება ოღონდ ბევრად უფრო მძლავრი, რადგან მან უნდა მოახდინოს იმ რისკების და სიმძლავრეების მართვა, რომელიც შეეხება დიდი რაოდენობით ადამიანებს - საუბარია 2 მილიონ დაზღვეულ ადამიანზე.

სტრუქტურულად დიდი მსგავსება იქნება ჩვეულებრივ სადაზღვევო კომპანიასთან, განსხვავება კი ის იქნება, რომ იქმნება არამომგებიანი, მაქსიმალურად გამჭვირვალე დაწესებულება. მის სტრუქტურაში განსაზღვრულია, რომ მასზე პატრონაჟს ახორციელებს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ფინანსთა სამინისტრო. მასში მონაწილეობენ  არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები. ანუ სტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ხოლო ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი.

თავისი ფუნქციით ეს ფონდი შეასრულებს იგივე საქმეს, რასაც სადაზღვევო კომპანია - სადაზღვევო რისკების მართვას და სადაზღვევო შემთხვევების მართვას.

უფასო მშობიარობა განსაკუთრებით აიტაცა საზოგადოებამ და ყველაზე დიდი ინტერესი მის მიმართ წამოვიდა. შეგიძლიათ საზოგადოებას განუმარტოთ რა და როგორ იქნება?

- გასაგებია, რატომაც აიტაცა საზოგადოებამ, ჯანდაცვითი და სოციალური საკითხები ალბათ ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ყველა სიახლეს განსაკუთრებული ინტერესით ხვდებიან.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - შევთანხმდეთ იმაზე, რომ უფასო ამქვეყნად არაფერი არ არსებულა, არც არსებობს და არც იარსებებს. უფასო იქნება იმ მხრივ, რომ გარკვეული სერვისები და მიმართულებები ამა თუ იმ სამედიცინო საჭიროებებს დააფინანსებს.

ბიუჯეტში უკვე გაწერილია, რა თანხა მოხმარდება სამედიცინო დაზღვევას. ეს არის 505 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე ეს მოიცავს გადაუდებელი მდგომარეობის მართვას. პირველი ეტაპი გულისხმობს თებერვლის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდს, ხოლო ივლისიდან, როგორც გადაუდებელი ასევე გეგმიური მდგომარეობის მართვას, რომელშიც შედის მშობიარობაც.

ანუ, ეს არ არის ცალკე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აანაზღაურებს მშობიარობის ხარჯებს, არამედ ეს იქნება სადაზღვევო პოლისის შემადგენელი ნაწილი.

ჯანდაცვის მთელი ბიუჯეტიდან, რომელიც შეადგენს დაახლოებით 650-მდე მილიონ ლარს, 505 მილიონი არის განკუთვნილი სამედიცინო დაზღვევისთვის. დანარჩენი თანხა განკუთვნილია სახელმწიფო პროგრამებისთვის.

ანუ, საქარველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება არა მხოლოდ სადაზღვევო პოლისები, არამედ სახელმწიფო პროგრამებიც. რომელიც ე.წ. ვერტიკალურ პროგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ტუბერკულოზის, შიდსის, დიაბეტის და ა.შ.

რაც შეეხება მშობიარობას, როგორც გითხარით, არ მოიაზრება, რომ ეს იყოს სახელმწიფო პროგრამების შემადგენელი ნაწილი, ეს სადაზღვევო პოლისის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამაში რაიმე სიახლე არ არის, დიდი ხანია გაცხადებულია და წინასაარჩევნო კონცეფციაშიც იყო ჩადებული. ასე რომ, იმ გეგმის რეალიზაცია ხდება, რაც პროგრამაში იყო გაცხადებული.

ამ ფონდის ირგვლივ ბევრი კითხვა ისმის, შეგიძლიათ საზოგადოებას განუმარტოთ, რატომ დადგა ამ სადაზღვევო ფონდის შექმნის საჭიროება?

- ამაზე ისმის ყველაზე დიდი კითხვა, თუმცა რეალურად ასე არ უნდა იყოს. რომ აქ არის ინტერესთა გადაკვეთები და ინტერესთა კონფლიქტი. ლოგიკა ერთი შეხედვით მარტივია, რომ ის, ვინც ფულს იხდის, მანვე უნდა გააკონტროლოს ამ ფულის დახარჯვის მიზნობრიობა. რაც არ ხდებოდა აქამდე, ან ხდებოდა არასრულყოფილად. ამოცანა არის, რომ სამედიცინო დაზღვევის ბაზარი იყოს კონკურენტული. ახლა კონკურენტული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად, რამდენიმე კერძო სადაზღვევო მოთამაშეა ბაზარზე. რეალურად არანაირი კონკურენცია არ არის მათ შორის. ექიმებსაც რომ გაესაუბროთ, ყველა გეტყვით, რომ მიუღებელია,  როდესაც სრულ განაკვეთზე მუშაობისას მისი ხელფასი 60 ლარს არ აღემატება. გარკვეული პერიოდი კი იმუშავებენ, რადგან ექიმები არიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ უნდა ველოდოთ მათგან ხარისხიან მომსახურებას.

ერთ-ერთი არგუმენტი ეს არის – რომ ამ სახელმწიფო ფონდის სახით ამ ყველაფრის საპირწონე შეიქმნას. არის მეორე მომენტიც - კერძო კომპანია არის მომგებიანი, სახელმწიფო - არამომგებიანი. ანუ პაციენტამდე მივა სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხის მაქსიმუმი და არ დაილექება მოგების სახით.

ამით  კერძო სადაზრვევო კომპანიებს რამდენად შეექმნება პრობლემები?

- არ უნდა შეექმნას. დაგეგმილი გვაქვს, უკვე დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა. ამ ჯგუფში შევლენ კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც და გაიწერება უახლოესი თვეების და წლების სტრატეგია - მათ ეცოდინებათ, როგორი იქნება სამედიცინო ბაზრის განაწილება მიმდინარე წელს და მომავალ რამდენიმე წელიწადში და შესაბამისად, გადააწყობენ საკუთარ გეგმებს - რა თქმა უნდა, მათი ინტერესების იგნორირებას არ ვაპირებთ.

ის ადამიანები, რომლებიც უკვე სარგებლობდნენ დაზღვევით მიზნობრივი ჯგუფების ფარგლებში, სოციალურად დაუცველები, პენსიონრები, ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ უწევდათ რიგში დგომა ან არ აკმაყოფილებდათ მომსახურების ხარისხი. როგორ დარეგულირდება ეს ყველაფერი მომავალში?

- ზოგადად, სადაზღვევო პაკეტის გამოყენებას ყოველთვის ახლავს სირთულეები და ამიტომ, თავისი მიდგომები სჭირდება. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკმაყოფილება ყველა სფეროს ახლავს, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს. არსებობს სპეციალური სისტემები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება, პირველ რიგში რომელ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და ა.შ. სხვანაირად, სამედიცინო ჯანდაცვის სისტემა არ იარსებებს. თუ ადამიანი, რომელსაც სურს გეგმიური ექოსკოპია, ითხოვს დაუყოვნებლივ გაუწიონ მას ეს კვლევა, ეს რა თქმა უნდა, სუბიექტურია.

მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობაც ხომ არ იწვევს ამ გაუგებრობებს?

-არა მხოლოდ ეს. ზოგადად, გამოწვეულია სამედიცინო დაზღვევის ახალგაზრდა ასაკით საქართველოში. ამას თავისი მიდგომები უნარ-ჩვევები, საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა სჭირდება.

არის ობიექტური უკმაყოფილების მიზეზები და ამისათვის სპეციალური მედიაციის სამმართველოა შექმნილი, ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც ასეთ შემთხვევებს სწავლობს.

არსებობს სუბიექტური მიზეზებიც, რომელიც ყველა ქვეყანაში  იყო, არის და იქნება. თუნდაც რიგები - მაგალითად, ევროპაში ექიმთან ვიზიტისთვის ზოგჯერ ორ-სამკვირიანი ლოდინიც უწევთ ხოლმე და ეს ხდება მაღალგანვითარებად ქვეყნებში.

ახალი სადაზღვევო პაკეტი ამ მხრივ არაფრით განსხვავებული არ იქნება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტროს სახით, შეასრულებს თავის ვალდებულებას, რომ მკაცრად გააკონტროლოს იმ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდმობა, ხარისხი და ფასი, რომელსაც მიაწვდის თავის მოქალაქეებს.

რამდენად საკმარისი იქნება ის რესურსები, რაც არსებობს ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის ასამოქმედებლად, საავადმყოფოები, ექიმები და ა.შ.

- მოდით ასე ვთქვათ – ჯანდაცვისა და სოციალურ საკთხებს, ბევრი სხვა სფეროსგან განსხვავებით, არასოდეს არ აქვს ზედა ზღვარი. არ არსებობს ისეთი თანხა, სერვისების ისეთი მოცულობა, რომ სადმე ვინმემ, რომელიმე ქვეყანში თქვას, რომ აი, ეს საკმარისია. ეს ამოუწურავი თემაა და რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. რომ გავაათმაგოთ, მაშინაც არ იქნება საკმარისი. უბრალოდ, რაღაცით უნდა დავიწყოთ და ეს უკვე დაწყებულია. უნდა განვავითაროთ, მაგრამ ეს არ ხდება ერთ დღეში. მოსახლეობას ეს უნდა ესმოდეს. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ იყო ღამე, გათენდა და მორჩა. ეს არის ძალიან მძიმე, ყოველდღიური სამუშაო. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს და ვადასტურებ, რომ ჯანდაცვა და სამედიცინო სფერო არის ისეთი სფეროები, სადაც არ არსებობს თანხა, რომელსაც შეუძლია დაამყაროს სტატუს-ქვო და ითქვას, რომ დამთავრდა და მეტი აღარ არის საჭირო.

რაც შეეხება სოციალური დახმარებების გაზრდას, ვიცით, რომ დაგეგმილია მისი გაორმაგება, თუმცა საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ეს ხომ არ მოხდება სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირების ხარჯზე...

- სოციალური დახმარებების გაზრდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის მიმართულებაზე გამოყოფილი თანხის გაზრდის ხარჯზე და არა სამიზნე პოპულაციის შემცირების ხარჯზე. ანუ მილიონი სოციალურად დაუცველიდან ხომ არ მოვუხსნით სტატუსს ნახევარ მილიონს და ამის ხარჯზე გავუორმაგებთ დახმარებას დანარჩენებს? რა თქმა უნდა არა.

წინა ხელისუფლების დროს სერიოზული პრეტენციები არსებობდა ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით აქცენტები კეთდებოდა წამლის ხარისხსა და ფასებზე. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, თუ მუშავდება კონცეფცია, რომელიც ამ ფარმაცევტულ ბაზარს ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანს?

- დავიწყოთ წამლის ხარისხით. მედიკამენტი არის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი, ანუ სახელმწიფოს ვალდებულება (ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით), არის სამედიცინო მომსახურების ხარისხი გააკონტროლოს, მათ შორის მედიკამენტის ხარისხიც. აქამდე ეს კეთდებოდა ე.წ. სამდონიანი შემოწმებით. პირველი ორი დონის შემოწმება ხორციელდებოდა უშუალოდ საწარმოში, ხოლო მესამე დონეს ახორციელებდა ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივი ლაბორატორიების დახმარებით.

წესით და რიგით, ასეთი ტიპის ხარისხის კონტროლს აქვს მეოთხე დონეც, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთის დამოუკიდებელი ლაბორატორიების ჩართულობას ამ პროცესში, რომელიც სპეციალიზირებულია და სერთიფიცირებულია მედიკამენტების ხარისხის კონტროლში. ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ მუშაობა და პირველი შედეგები თებერვლის შუა რიცხვებში გვექნება.

რაც შეეხება ღირებულებას, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და თუ ვისაუბრებთ მეთოდებზე, როგორ ვაპირებთ ამის დარეგულირებას, ეს ძალიან კარგად უნდა განვმარტოთ.

ზოგადად, მედიკამენტების წარმოება არის ისეთივე ბიზნესი, როგორიც სხვა, ნებისმიერი პროდუქციის წარმოება. ოღონდ რიგ ქვეყნებში, და ასეთი ქვეყნები ძალიან ბევრია, მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნესია და მასზე განსაკუთრებული წესები უნდა გავრცელდეს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობასთან უშუალოდ არის დაკავშირებული.

საქართველოში ამ მხრივ არ არის სახარბიელო სიტუაცია, რადგან ზოგადად ჯანდაცვის დანახარჯების თითქმის 60%-ს შეადგენს მედიკამენტების წილად დახარჯული ფული, რითაც ევროპაში პირველ ადგილზე ვართ და მსოფლიოში – ერთ-ერთ პირველ ადგილზე.

ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის უნიკალური. მსგავსი პრობლემა ბევრ ქვეყანას ჰქონდა,ზოგში დარჩა, ზოგში მოგვარდა.

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც ასევე თვითონ კომპანიების მენეჯერებთან ერთად განვიხილავთ. ახლა რომ ვთქვათ, კონკრეტულად რას ვაპირებთ, ამასაც მღელვარება მოჰყვება, რადგან ეს თემა ბევრს აინტერესებს, ბევრსაც თავი ექსპერტი ჰგონია და შეუძლია, გაზეთში წაკითხული სტატიით ააგოს ისეთი მსჯელობა, რომლითაც ააშენებს ან დააქცევს თითოეულ ინიციატივას.

ამიტომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ ჩაერთოს, მაგრამ გარწმუნებთ – გვაქვს შესაბამისი გეგმა და შედეგებს ძალიან მალე მივიღებთ, რომ ის არასახარბიელო პარიტეტი, რაც არის დღეის მდგომარეობით, შემსუბუქდეს და არ იყოს ისეთი დიდი ტვირთი მოსახლეობისთვის, როგორიც დღეს არის.

ბევრს საუბრობდნენ ასევე ამ ბაზრის მონოპოლიზების შესახებაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ისევ არის პრობლემა?

- მონოპოლიაა თუ ოლიგოპოლია, ის სტატუსი, რაც არის საქართველოში, არ წარმოადგენს კანონსაწინაარმდეგოს და კრიმინალურს. მნიშვნელოვანია ის შედეგი, რასაც იღებს საზოგადოება. ერთის მხრივ, სახელმწიფო არავითარ შემთხვევში არ უნდა ჩაერიოს კერძო ბიზნესში - არსებობს სამომხმარებლო ბაზარი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი.

მონოპოლია ან ოლიგოპოლია ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის აშშ-შიც, დასავლეთ ევროპაშიც და ა.შ. ძირითადად – საკომუნუკაციო სფეროში და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი კარგად არის დარეგულირებული, კარგად მოლაპარაკებული, საკანონმდებლო და საკონსულტაციო ბაზებზე დაყრდნობით, ექსპერტების ჩართულობით. ზუსტად იგივეს ვაპირებთ ჩვენც საქართველოში. ეს არ იქნება უხეში ცვლილებები, მექანიკური აკრძალვა. ეს იქნება კონსულტაციები, შეთანხმება ძირითად მიმართულებებზე, ისე, რომ შედეგი იყოს ორივე მხარისთვის მისაღები და ცივილური. ისე, როგორც  მოხდა უამრავ ქვეყანაში და ამას არ სჭირდება წლები - ეს რეალურად და სწრაფად დარეგულირებადი თემაა.