რა კავშირი აქვს ,,დაბი ჯგუფის’‘ ერთ-ერთი ხელმძღვანელის აფერასთან ვანო მერაბიშვილს და რა ინფორმაციას ელოდება არაბი შეიხი საქართველოს პროკურატურისგან?
მთავარი პროკურატურა არაბული ,,დაბი ჯგუფის’‘ ერთ-ერთი მენეჯერის, სამი ედუარდსისა და ქართველი მაღალჩინოსნების თაღლითური სქემის დეტალებს სწავლობს. გამოძიების დასრულებას და მტკიცებულებებს ელოდება ,,დაბი ჯგუფის’‘ მმართველი შეიხი, რომელმაც 2010 წელს საქართველოში დაწყებული პროექტები შეაჩერა. ,,დაბი ჯგუფი’‘ საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა შემოიყვანა. ამ ცენტრის დირექტორი გიორგი სეთურიძე, ,,ვერსიას’‘ იმ კორუფციულ სქემას უშიფრავს, რომლითაც სამი ედუარდსმა, ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ პრეზიდენტის განკარგულება თვითნებურად შეცვალეს და თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს უკვე დამტკიცებული კონცეფციის ნაცვლად, 135-მეტრიანი და 40-სართულიანი სასტუმროს პროექტი დაამტკიცეს.
გიორგი სეთურიძე გვიამბობს, რომ ,,დაბი ჯგუფი’‘ საქართველოში, 2007 წელს შემოიყვანეს. თავდაპირველად, დაბი ჯგუფს ,,კორ სტანდარტ ბანკის’‘, ,,ტელეკომ საქართველოსა’‘ და რუსთაველის გამზირზე, ყოფილი იმელის შენობაში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი უნდა განეხორციელებინა. 2008 წლის გაზაფხულზე, ამ სასტუმროს პროექტი არაბულმა ,,დაბი ჯუგფმა’‘, რუსული ,,კაპიტალ ვოსტოკისგან’‘ 22 000 000 აშშ დოლარად შეიძინა, მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ აგვისტოს ომის გამო ეს პროექტი შეჩერდა: ,,აგვისტოს ომის შემდეგ, ,,დაბი ჯგუფი’‘ სერიოზულად ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა ინვესტიციები საქართველოში, მაგრამ ჯგუფის პატრონებს პროექტების შეჩერება გადავაფიქრებინეთ. ჩვენი თხოვნის შემდეგ, ,,დაბი ჯგუფმა’‘ საქართველოს ეკონომიკაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარი ჩადო. ძირითადი აქცენტი ,,კორ სტანდარტ ბანკსა’‘ და სატელეკომუნიკაციო პროექტზე გადავიტანეთ.
,,ტელეკომ საქართველოს’‘ ლიცენზიისთვის, ჯგუფმა ჯერ 12 000 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ამის შემდეგ წინა მოსამზადებელ სამუშაოებში, დამატებით 10 000 000 აშშ დოლარიც დახარჯა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პროექტი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც დახურეს. საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე, ხელისუფლება ისე ძლიერად ლობირებდა კონკურენტ კომპანიებს, რომ არაბმა შეიხებმა ასეთ პირობებში მუშაობა გადაიფიქრეს. ფაქტობრივად, ,,დაბი ჯგუფმა’‘ ამ პროექტში 22 000 000 შშ დოლარი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს არსებობს ლიცენზია, რომელიც არაფერს აღარ წარმოადგენს. რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობას, პროექტზე მუშაობა 2009 წლის ზაფხულში განვაახლეთ. შევიმუშავეთ დაფინანსების გეგმა, მოლაპარაკებები გავმართეთ რამდენიმე ევროპულ ბანკთან, რომლებიც მზად იყვნენ, დაეფინანსებინათ ეს პროექტი. საბოლოოდ, დამფუძნებლებისთვის ფინანსური გეგმაც შევიმუშავეთ და როდესაც ეს ყველაფერი დამტკიცდა, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორედ იმ დროს გააძლიერეს ბიზნესში ჩარევა. ამას ისიც დაერთო, რომ ,,დაბი ჯგუფის’‘ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სამი ედუარდსი იმ პერიოდში გამოჩნდა. მას საკმაოდ უარყოფითი იმიჯი აქვს აბუ-დაბიში, რადგან ცნობილია, რომ სამი ედუარდსი ,,ატკატჩიკია’‘, მაგრამ რატომღაც მას დაავალეს, რომ ამ პროექტისთვის ფული ჩაედო. სამი ედუარდსს პროექტების დასაფინანსებელი თანხები არ ჰქონდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებაში შესულიყო. მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელსაც საკმაოდ ხშირად სტუმრობდა კიდეც. მეტიც, სამი ედუარდსს ვანო მერაბიშვილის მანქანა ემსახურებოდა. მოგვიანებით, სამი ედუარდსს თბილისის მერი გიგი უგულავაც დაუკავშირდა’‘, _ გვიამბობს გიორგი სეთურიძე. თუკი სამი ედუარდსს მთელ აბუ-დაბიში არავინ ენდობა, საინტერესოა, როგორ მოხვდა მსოფლიოში ცნობილი კომპანია ,,დაბი ჯგუფის’‘ ხელმძღვანელის პოსტზე? შეგახსენებთ, ,,დაბი ჯგუფს’‘ არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხების ალ ნაჰაიანების გვარი ფლობს. მათ შორისაა შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი.
გიორგი სეთურიძემ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ სამი ედუარდსის კუთვნილი კომპანია ,,დაბი კონტრაქტინგი’‘, აბუ-დაბიში, ალ ნაჰაიანის ფრთის ქვეშ მუშაობს: ,,იქაური სისტემა ასეთია _ წელიწადში ერთხელ, ერთი ფრთის ქვეშ გაერთიანებული კომპანიები შეიხს ანგარიშს აბარებენ და დეტალურად უხსნიან, რამდენია მათი წლიური მოგება. როგორც წესი, შეიხს ამ კომპანიების მოგება არ აინტერესებს და ის მათგან წილს არ იღებს, მაგრამ ამ მოგებას სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად იყენებს. სამი ედუარდსმა ისეთი ანგარიში წარადგინა, რომლითაც 160 000 000 აშშ დოლარის წლიური მოგება აჩვენა, ამიტომ შეიხმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში განსახორციელებელი პროექტები სწორედ მას დაეფინანსებინა. სამი ედუარდსს კი ანგარიშში წარდგენილი თანხა არ აღმოაჩნდა, რადგან ფულის ნაცვლად, მიწის ნაკვეთი ჰქონდა ჩადებული, რომელიც დუბაიში შეიძინა. როგორც ჩანს, ვარაუდობდა, რომ ამ მიწის ნაკვეთს გაყიდდა და ფულს ასე იშოვიდა. სამი ედუარდსმა მიწის ნაკვეთი ვერ გაყიდა და თავისი თაღლითობის დაფარვას შეეცადა. თავდაპირველად, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა გააფუჭა, შემდეგ აბუ-დაბიში ჩავიდა და შეიხს უთხრა, რომ ,,დაბი ჯგუფის’‘ საქართველოში წარმომადგენლებს ქვეყნის ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. შეიხი ახლა ინფორმაციულ ვაკუუმშია, მაგრამ როდესაც გამოძიების შედეგად, ქართველი სამართალდამცველები კონკრეტული ფაქტებით დაამტკიცებენ, რომ სამი ედუარდსი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა თაღლითები არიან, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ახლა შეიხი სწორედ ამ მასალებს ელოდება, საზოგადოებას კი სჭირდება, რომ ახალი ხელისუფლების მარიფათი დაინახოს’‘. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა სასტუმროების საერთაშორისო ქსელის ,,კემპინსკის’‘ წარმომადგენლებს უნდა განეხორციელებინათ. თუმცა 2010 წელს, ,,კემპინსკის’‘ წარმომადგენლებმა საქართველო მოულოდნელად დატოვეს, მაგრამ ამის შესახებ არც მაშინ და არც მერე არავის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, რეალური მიზეზიც კი არ დასახელებულა, რატომ დატოვეს საქართველო ,,კემპინსკის’‘ წარმომადგენლებმა, ან რატომ არ იძებნება არცერთ საძიებო სისტემაში ,,დაბი ჯგუფის’‘ საქართველოს წარმომადგენლობის, ან რომელიმე წარმომადგენელის კოორდინატები. გიორგი სეთურიძე ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სამი ედუარდსის თაღლითობის შედეგია: ,,არსებობს ,,ფაინდერს კონტრაქტი’‘, ანუ ეს არის საშუამავლო პროცენტი სასტუმროს მფლობელსა და ოპერატორს შორის. რეალურად, ,,ფაინდერს კონტრაქტი’‘ არის შუამავალი, რომელიც სასტუმროსათვის ოპერატორს ეძებს. ,,კემპინსკისთან’‘ ,,ფაინდერს კონტრაქტი’‘ არ გვქონია და ეს კომპანია არც არავის გადაუხდიდა საშუამავლოს, ამიტომ სამი ედუარდსი მაქსიმალურად შეეცადა, ,,კემპინსკისთან’‘ ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. ჩამოიყვანა რომელიღაცა საშუამავლო ჯგუფი, რომლებმაც ახალი კომპანია ,,მილენიუმი’‘ მოძებნეს და ,,ფაინდერს კონტრაქტი’‘ სწორედ მასთან გააფორმეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასტუმროს შემოსავლებიდან 2%-3% მუდმივად გერგება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. შესაბამისად, სამი ედუარდს სერიოზული მოტივაცია ჰქონდა, რომ ,,კემპინსკისთან’‘ საქმე გაეფუჭებინა. არადა, ასეთ დიდ კომპანიასთან საქმის გაფუჭება ქვეყნის იმიჯის შელახვას ნიშნავს, რადგან დიდი ქსელური კომპანიების ხელმძღვანელებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. დამიჯერეთ, ,,რიც კარტონის’‘, ,,კონტინენტალისა’‘ და ,,კემპინსკის’‘ პრეზიდენტები ერთმანეთს გადასარევად იცნობენ და შეხვედრების დროს, ამა თუ იმ ქვეყანის შესახებ, საკუთარ აზრსაც გამოთქვამენ. ცხადია, მათ შორის კონკურენციაა, მაგრამ პირველ რიგში, ისინი კოლეგიალურ ურთიერთობას იცავენ. წინა ხელისუფლება ბევრს ეცადა, ,,კემპინსკისთან’‘ ურთიერთობა შეენარჩუნებინა, მაგრამ სამი ედუარდსის თაღლითობის მსხვერპლად იქცნენ და ქვეყნის იმიჯიც დააზიანეს. აი, ეს იყო რეალური მიზეზი, რის გამოც 2010 წლის დასაწყისში, არაბმა შეიხმა საქართველოში ყველა პროექტი გააჩერა’‘. მართალია, შეიხმა პროექტები შეაჩერა, მაგრამ გიორგი სეთურიძე აცხადებს, რომ სამი ედუარდსი და ის ჯგუფი, რომელსაც ეს ობიექტები ხელში აქვს ჩაგდებული, ეცდებიან რაღაც მაინც გააკეთონ. 1 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ კვირაში, 7 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულ ძალას ხელისუფლება ჯერ კიდევ გადაბარებული არ ჰქონდა, დამტკიცდა სულ სხვა პროექტი. სეთურიძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე 135-მეტრიანი და 40-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს, რომელიც თავის დროზე, შეიხის მიერ მოწონებულ პროექტს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება: ,,აშკარაა, რომ სასტუმროს ნაცვლად, 40-სართულიან შენობაში კომერციული ფართები განთავსდება და აქ სულ სხვა ინტერესებია ჩადებული. მეტიც, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რუსთაველის გამზირზე, 40-სართულიანი სასტუმროს ოპერირება წარმოუდგენელია.
შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სასტუმროს მენეჯერებს მიუთითა, რომ პროექტი ძველი ქალაქის იერსახესა და არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. რაც მთავარია, სამი ედუარდსი ამ სამი წლის მანძილზე, გამუდმებით ცდილობს, შეიხს თვალები აუხვიოს და საკუთარ პარტნიორებსაც ატყუებს. როგორც გითხარით, შეიხთან შეთანხმებული გვქონდა, რომ ამ სასტუმროს ,,კემპინსკი’‘ ააშენებდა, მან კი ეს კომპანია არც ისე ცნობილი ,,მილენიუმით’‘ ჩაანაცვლა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებაში გარკვევით წერია, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა აშენდეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,კემპინსკი’‘, ანუ სამი ედუარდსმა თავისი თაღლითობით, პრეზიდენტის დადგენილებაც დაარღვია. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აფერისტი სამი ედუარდსი და კორუმპირებული ჩინოვნიკი ვანო მერაბიშვილი, რეალური ინვესტორის ხარჯზე გარიგდნენ და სინამდვილეში, ,,დაბი ჯგუფმა’‘, შეიხმა და საქართველოს სახელმწიფომ იზარალეს. სამი ედუარდსი ქურდი, მატყუარა და ავანტიურისტია, მის შესახებ მთავარ პროკურატურაშიც ძალიან კარგად იციან. ამ თაღლითურ სქემაში კი ქართველი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სამი ედუარდსს დოკუმენტების გაყალბებაში ეხმარებოდნენ’‘. გიორგი სეთურიძემ ,,ვერსიას’‘ ისიც განუცხადა, რომ ,,ტრამპთაუერის’‘ პროექტი, რომლის მაკეტიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრმა ვერა ქობალიამ, საქართველოს პარლამენტში წარადგინა, სამი ედუარდსის შედგენილი იყო. სინამდვილეში, დონალდ ტრამპი სულაც არ აპირებდა საქართველოში ,,ტრამპთაუერის’‘ აშენებას და ესეც სამი ედუარდსის მორიგი აფერაა.