„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შიში, რომ შესაძლოა, დაკავებულები ალაპარაკდნენ“

„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შიში, რომ შესაძლოა, დაკავებულები ალაპარაკდნენ“

რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ზედმეტად დამაჯერებელი იქნება. პოლიტოლოგის განცხადებით, დავით გარეჯი რომ საქართველოს ტერიტორია არის, ეჭვი არავის ეპარება და არც იმაში, რომ რაღაცა მექანიზმებით აზერბაიჯანს გაუჩნდა პრეტენზია დავით გარეჯზე.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სია ცნობილია. ყველაზე საინტერსო არის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ყველა ელოდებოდა, რომ სიის პირველობას ბრალდებული სააკაშვილი არავის დაუთმობდა, მაგრამ შეიცვალა გადაწყვეტილება და პოლიტიკაში პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე შემოიყვანეს. მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის, სხდომის წამყვანის ფუნქციას პარლამენტის ყველაზე უხუცესი წევრი იღებს. კიკაბიძის პირველობა სინამდვილეში რა ჩანაფიქრია?

რამაზ საყვარელიძე: შეიძლება თამაშ–თამაშ მიღებული გადაწყვეტილებაა და ასეთი ბევრი გვინახავას, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია და სია გადაცემულია. არც ისაა გამორიცხული, რომ გამოიყენონ სიის ასეთი კონსტრუქცია, როგორიც ახლა არის. გამოიყენონ იმისთვის, რომ უხუცესის ფუნცია არის სესიის წაყვანა. პირველი დღის სხდომას რა მიმართულებით წაიყვანს, ეს შეიძლება გამოიყენონ ნაციონალებმაც. მოგეხსენებათ, მათ დესატაბილიზაციის ხაზი სულ უფრო უმრავლდებათ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი სიტუაცია გამოიყენონ იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები გაპროტესტდეს და რაღაცა უკმაყოფილება მომწიფდეს პარლამემტის ტრიბუნიდან, შეიძლება ეს ფაქტორი იქნეს გამოყენებული. ის, რომ ბუბა კიკაბიძე ნაციონალების ფიგურა გახდა, ძალაუნებურად გაიძულებს, რომ ფრთხილად შეხედო ამ პროცესს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ 1 ნომებრისთვის – ასეთ ვარაუდს აკეთებთ პოლიტოლოგები და ამას აქვს თავისი საფუძველიც. კიკაბიძის ფიგურის, როგორც მომავალი პარლამენტის უხუცესი წევრის შემოყვანაც პოლიტიკური დესტაბილიზაციის წყაროდ შეიძლება იქნას გამოყენებული, ეს გათვლა აქვს პარტიას?

– მიჭირს თქმა იმისა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი გათვლაა. იმიტომ, რომ ასეთი დიდი წარმოდგენის არ ვარ ნაციონალების მიერ პოლიტიკური ჭადრაკის თამაშზე. მათ ბევრი რამ უნდა გაეთვალათ, მაგრამ ფაქტია არ გაუთვლიათ. მეორე მხრივ, ნაციონალებმა იციან ხოლმე სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტუაციის გამოყენება სცადონ და შეიძლება ბუბა კიკაბიძე აზრზეც არ იყოს ისე აღმოჩნდეს მისთვის უხერხულ ადგილას და მდგომარეობაში. ყოველ შემთხვაში, უხეშობა საპარლამენტო სივრცეში, მომწამვლელი სითხის დასხმით დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყობით დამთავრებული, უცხო ნამდვილად არ არის ნაციონალებისთვის.

როცა ვსაუბრობთ დესტაბილიზაციაზე, ტრადიციულად მარნეულის ინციდენტი გვახსენდება. „ნაციონალური მოძრაობა“ უარს არ ამბობს ძალადობაზე. დესტაბილიზაციის საფრთხე რამდენად რეალურია, მით უფრო, როცა ვიცით როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც ენერგიულად იყენებს უმნიშვნელო შესაძლებლობასაც?

– ბოლშევიკების იდეა იყო თავის დროზე და ხშირად ახსენდებათ ეს ფორმულა – რაც უარესად იქნება მდგომარეობა, მით უკეთესი მათთვის. ნუ გაგვიკვირდება, რომ სახელმწიფოში მძიმე მდგომარეობა იყოს მათთვის მთავარი. ეს ბევრგან ხდება. აგერ ამერიკაში დემოკრატებმა დაამხეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპი არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამ ანალოგიას ვაკეთებთ როგორც დემოკრატიის ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან. შეიძლება ხელისუფლების შეცვლაზე ვერ იფიქრონ, იმიტომ, რომ ხალხის მხარდაჭერა მცირე აქვთ. ვერ შექმნიან ხალხის ისეთ სიმრავლეს, როგორც მინსკში, ასევე ბიშკეკში, მაგრამ პროტესტის ტალღა თუ იქნა, ამით მიიქცევენ დასავლეთის ყურადღებას და ისევ დაიწყება აღშფოთებული წერილების წერა მათი მხრიდან, რაც მორიგ სირთულეებს შექმნის. ნაციონალები ხელისუფლებაში მოსასვლელად არ იბრძვიან, მთავარია სირთულეები შეუქმნან „ქართულ ოცნებას“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურიანი აღმოჩნდა დავით გარეჯის გასხვისების საქმე. დაკავებულია კომისიის ორი წევრი. ფაქტია, რომ კომისია დამოუკიდებლად არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის სააკაშვილის წინაამდეგ მიმართული საქმე. ბატონო რამაზ, დავით გარეჯის თემის პოლიტიზირება, როცა პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს საქმეს, რამდენად სწორია ოპოზიციის მხრიდან?

– თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, არ აქვს მნიშვნელობა, ის პოლიტიკოსია თუ არა, ამითი დანაშულის ხარისხი არ იცვლება და პოლიტიკურ მოტივად ვერ მოიტან იმას, რომ ის პოლიტიკოსია. პოლიტპატიმრების კვალიფიკაცია ჩნდება მაშინ, როცა არადამაჯერებელია ბრალდება. ვანახოთ როგორი იქნება ბრალდებები. ეჭვი მაქვს, რომ ზედმეტად დამაჯერებელი იქნება ეს საქმე. დავით გარეჯის ბედი ყველამ ვიცით, არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორია არის და არც იმაში, რომ რაღაცა მექანიზმებით აზერბაიჯანს გაუჩნდა პრეტენზია დავით გარეჯზე.

ვნახოთ, მივიდეს საქმე ბოლომდე, დამაჯერებელი არგუმენტების ფონზე, ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტი, მით უმეტეს იმიტომ ვამბობ, რომ მის სახელთან ბევრი ანალოგიური დანაშაული არის დაკავშირებული. დანაშაული კულტურის, დანაშაული ეკლესიის, დანაშაული მთელი კულტურული ფენების, ადამიანების მიმართ, რომელთა ჭრილშიდაც იურიდიული საქმე არ აღძრულა. ვიცით, რომ ასეთი დანაშაული არის ჩადენილი. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელს ელიტაზე გავიდეს ეს საქმე, მაგრამ ვიმეორებ, მას მაინც პოლიტიკური ჟღერადობა ექნება, თუ არ იქნება საფუძვლიანად გამოძიებული. თუ საქმე კარგად დასაბუთდა, მაშინ ბევრი რამე მოხსნილი იქნება.

კომისიის წევრები არიან დაკავებული. საქმის მხოლოდ 10%–ზე ისაუბრა პროკურატურამ. საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არის საქმის პროფესიონალი და წესიერი ადამიანი. წესირება ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება დანაშაული არ ჩაიდინოს? მით უმეტეს, რომ საუბარია წლებზე, როდესაც სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იღებდნენ გადაწყვეტილებას და ამის მტკიცებულება არის კალანდაძის განცხადება, რომ გარეჯი საქართველოს ნაწილი არ არის. ამას სააკაშვილთან შეუთანხმებლად ვერ იტყოდა, როგორც გაბაშვილი იმას, რომ გარეჯი ორივე ქვეყნისთვის უნდა იყოს ტურისტული ცენტრი...

– მეც მახსოვს გაბაშვილის ეს განცხადება –გამოსავალი ვიპოვეთ, რომ დავით გარეჯი გახდეს ტურისული ადგილიო. ეს საჯაროდ იყო გაცხადებული. წესირება როდის იყო დანაშაულს გამორიცხავდა? წესირება დანაშაულისგან დამცავი გარანტია არ არის. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა, დაკავებულები ალაპარაკდნენ. საქმიდან გამომდინარე უნდა იყოს მსჯელობა და არა პიროვნული თვისებიდან. რაც შეეხება სააკაშვილს, 2008 წელი მკაფიო მაგალითია იმისა, რომ იმ ხელისუფლებას შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული ნაბიჯები ჰქონდეს გადადგმული.

როგორც 2008 წლის ომის პერიპეტიები არის გამოუძიებელი და მათში ყოფილი ხელისუფლების მკაფიო ბრალეულობა, მხოლოდ საზოგადოების მსჯელობის დონეზე არის დარჩენილი, თუ ასევე დარჩა დავით გარეჯის საქმე და მხოლოდ მეისრის კისერზე დარჩა, შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლების ელიტა გადარჩეს პასუხისმგებლობას. ვიმეორებ, ამიტომ გააჩნია როგორ ჩამოყალიბდება და რამდენად დამაჯერებელი იქნება საქმის სურათი.

Temo ..."როგორც 2008 წლის ომის პერიპეტიები არის გამოუძიებელი და მათში ყოფილი ხელისუფლების მკაფიო ბრალეულობა, მხოლოდ საზოგადოების მსჯელობის დონეზე არის დარჩენილი, თუ ასევე დარჩა დავით გარეჯის საქმე და მხოლოდ მეისრის კისერზე დარჩა, შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლების ელიტა გადარჩეს პასუხისმგებლობას. ვიმეორებ, ამიტომ გააჩნია როგორ ჩამოყალიბდება და რამდენად დამაჯერებელი იქნება საქმის სურათი."
ეს საქმე უნდა იქნას გამოძიებული ბოლომდე და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!
4 წლის უკან