დიტო გელოვანი: ჩინგაჩგუკზე დიდი გველი

დიტო გელოვანი: ჩინგაჩგუკზე დიდი გველი

ამის გამგონე ურსულა ისე ტიროდა,თითქოს დიდი ხნის ნანატრსა და მოუსვლელ წერილებში კითხულობდა შვილის გმირობასა და ფათერაკებზე: „აქ კი ჩვენ არხეინად ვცხოვრობდით ამ დიდ სახლში, – ქვითინებდა ქალი, – საჭმელსაც ვერ ვერეოდით და ღორებს ვუყრიდით“. მაგრამ გულის სიღრმეში დედას არ სურდა დაეჯერებინა, რომ ეს ველური კაცი, ნახევარ გოჭს რომ უთავებდა ხელს ერთ ჭამაზე და ისე იცარიელებდა მუცელს გაზებისაგან, რომ ყვავილები მაშინვე ჭკნებოდნენ, მისი შვილი იყო, ის ბიჭი იყო, დიდი ხნის წინათ ბოშებს რომ გაეკიდა.

(გაბრიელ გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელი“)

შემთხვევით, ის ბიჭი ხომ არ გაგახსენდათ, დიდი ხნის წინ კაგებეშნიკებს რომ აეკიდა?..

გასული ერთი კვირა იმ ორ კვირას იტევს, იმ წუთიდან რომ დაიწყო, რა წუთსაც ტელევიზორიდან დორბლი შემოგვეფრქვა და რა წამსაც კაი 25 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა. საქმე კი ასე იყო: 80–იანი წლების ბოლოს, როდესაც ყველას ყველაფრის წერისა და თქმის საშუალება მიეცა, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც პოეტი ხუტა ბერულავა მსუბუქი კრიტიკის საშუალო ქარ–ცეცხლში იყო გატარებული. ისეთი და განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მაშინ ეს წარმოუდგენელი რამ გახლდათ. არ გასულა ორი კვირა და იმავე გაზეთში საპასუხო წერილი გამოქვეყნდა, რომელიც რედაქციას ზუგდიდიდან მიეღო. წერილი სავსე იყო ლანძღვა–გინებით. ნაძირალებო, უზრდელებო, თავხედებო, გაუნათლებლებო, უგემოვნოებო... – აღარ მახსოვს და არც ჩამოვთვლი ყველა იმ ეპითეტს, რომელსაც წერილის ავტორი უძღვნიდა ყველას, ვინც ბერულავას მაკრიტიკებელი წერილი მიიღო (რედაქცია), გაუკეთა რედაქტირება (რედაქტორი), დაბეჭდა (სტამბა), წაიკითხა (მკითხველი) და პროტესტის გრძნობა არ გასჩენია.

ამ ამბავში მთავარი სრულიადაც არ არის შინაარსი, არამედ მთავარი და სრულიად სახალისოა, თუ როგორ აწერდა კოლექტიური ავტორი წერილს ხელს. აი ასე – „პატივისცემით, ზუგდიდელები“.

პირველ იანვარს, დილით გამახსენდა ეს ამბავი, როდესაც სააკაშვილის 5–პუნქტიანი გეგმა–შეთავაზების შესახებ მითხრეს, რომელიც მას (ჩოყლაყს) ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუხმოვანებია. არადა, თავიდან ვუსმენდი (თან ვიგინებოდი: „შენი...“) და სანამ დაასრულებდა, სხვა არხზე გადავრთე (პულტზე ღილაკს რომ ვეძებდი, მაშინაც ვიგინებოდი: „წადი, შენი...“). მხოლოდ დილით გავიგე, რომ „მოღალატეებისთვის“, „კრიმინალებისთვის“, „შევარდნაძის ნარჩენებისთვის“ და „ჩასარეცხებისთვის“, როგორც სააკაშვილი თავისი მისალოცი სიტყვის პირველ ნაწილში პოლიტიკურ ოპონენტებს მოიხსენიებდა, მეგობრობის, სიყვარულის, გაგების და ადამიანობის 5–პუნქტიანი გეგმა შეუთავაზებია.

ისევ ხუთიანი, ისევ ხუთი... კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს, მაგრამ რამ უნდა მოიყვანოს გონს გამოუსწორებელი იდიოტი? მაგრამ, როგორც დიდი დავით დეფი (გოგიბედაშვილი) ამბობს, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“.

„შიგან რაცა დგას...“ – ამ სიტყვებს კიდევ დავუბრუნდები.

ჰოდა, მერე, როდესაც ხმა დაირხა, მიშა ზუგდიდში გადადის საცხოვრებლადო, კიდევ გამახსენდა ის „კოლექტიური ზუგდიდი“, ადამიანს და ადამიანებს ერთდროულად დედასაც რომ აგინებს და თან პატივისცემასაც რომ უდასტურებს. „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“ – თავის დროზე სწორად შენიშნა დიდმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, მამუკა ხერხეულიძემ, სანამ შპს „თბილსერვისის ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოში დაიწყებდა მუშაობას. თუმცა, ის „კოლექტიური ზუგდიდი“ მაშინაც და ახლაც მხოლოდ ერთი ადამიანი მგონია და პრინციპში ეგრეც არის – სადაც არ უნდა წავიდეს, სააკაშვილს მხოლოდ ერთის იმედი უნდა ჰქონდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთიც ბევრია, ორი – წარმოუდგენლად ბევრი და თუ მაინც ორია, მიშასთან ერთად უკვე სამი გამოდის და სამნი ერთად, ოღონდ მიშა შუაში, ისეთი რამ გამოდის, სამში თამამიო და მაღალი კი არა, გრძელიო. გამოცანაა ეგეთი და ასეთი გამოცანაც არის – „გარედან ატლასი, შიგნიდან ათასი“, ოღონდ ატლასი ადრე იყო და ახლა არის ჩათლახი, შიგნიდან ათასი კი ისევ შიგნით დარჩა, მაგრამ გარეთაც წარმოდინდა და ასეთი ნიუსი მივიღეთ:

„...ირკვევა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებისთვის - „სინათლის ქალაქი“, „ჰერმესი“, „თბილსერვისისა“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაინიშნენ ყოფილი პარლამენტარები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი ოჯახის წევრები. შიხიაშვილის ინფორმაციით, სულ 36 ადამიანია დასაქმებული და ყოველ მათგანს ხელფასი 2500 ლარი ექნება. როგორც შიხიაშვილი ამბობს, შპს „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან კობა ხაბაზი, ვლადიმერ ვარძელაშვილი; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოში კი - გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, რუსუდან კერვალიშვილი; ხოლო „თბილსერვის ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, დავით იოსელიანი“.

არქიტექტორი ვარ, ქალაქის საქმეებს კი არქიტექტორები აგვარებენო – იგერიებდა ჟურნალისტებს ხათუნა ოჩიაური და ჯანდაბას მაგის ხმა და ტემბრი (როგორც მალხაზ თოფურია ამბობს, ხათუნა ოჩიაურს სპარტაკ ბაღაშვილი ახმოვანებს), მაგრამ დანარჩენები რაღას წარმოადგენენ? ხაბაზი და ვარძელაშვილი მანტიორები არიან? გიგა ნასარიძე ტრამვაია, აკაკი სეფერთელაძე ტროლეიბუსი და გიორგი ასანიძე მეტროპოლიტენი? ვინ ხარ შენ, რუსუდან კერვალიშვილო?! რუსუდან კერვალიშვილის შესახებ კი ეს ნიუსი მოგვითხრობს:

„რუსუდან კერვალიშვილის თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს. როგორც კერვალიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი სფერო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სამოქმედო გეგმების შესრულებაა. „ვარ მრჩეველი, ისეთი საკითხების, რომელიც ქალების და კაცების, გენდერულ საკითხებს შეეხება. ეს ითვალისწინებს ბევრ ისეთ ცვლილებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით, გნებავთ სატრანსპორტო და გნებავთ, სხვა კომპანიებში“, - აღნიშნა კერვალიშვილმა. ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, არის თუ არა ამ საქმიანობიდან მისი შემოსავალი 2500 ლარი, კერვალიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ ვერ დაადასტურებს, თუმცა „ძალიან კარგი იქნება, თუ არის“.

მოკლედ, რუსუდან კერვალიშვილი გააკონტროლებს, რომ მძღოლი მამაკაცების რაოდენობა არ აღემატებოდეს მძღოლი ქალების რაოდენობას და რომ გენდერული ბალანსი მგზავრებს შორისაც მკაცრად იყოს დაცული – აირბენს ხოლმე ავტობუსში და ზედმეტ კაცებს ჩამოყრის, ან, სულაც, ქალების დანაკლისს შეავსებს. ამ საქმეში, გენდერული ბალანსის დამყარებაში, მას ნამდვილად აქვს გამოცდილება – „ცენტრ–პოინტმა“ ბინის გარეშე ზუსტად 15 ათასი მამაკაცი და 15 ათასი ქალი დატოვა და რომ იცოდეთ, მოხუცებისა და ბავშვების თანაფარდობაც დაახლოებით თანაბარია.

გენდერული ბალანსი ასევე დაცული იქნა იმ ამბავში, ერთ მშვენიერ დღეს მიშამ რომ გაიღვიძა და ქართულ მედიას უნდა დავეხმაროო, მილიონი რომ გამოყო და ერთი კვირა რომ არჩევდა, ჩემ მიერ გამოყოფილი ვინ უნდა გაანაწილოსო. გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ სააკაშვილის გამოყოფილს გია ნოდია და ნინო დარასელი გაანაწილებენ, ერთი ყოფილი მინისტრია, მეორე – „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენდერულ საკითხებში მთავარი მრჩევლის გოგო. ერთს წვერი აქვს მოშვებული, მეორეს – არა (ბალანსისთვის ჯობდა, ან იმას გაეპარსა, ან ამას მოეშვა), ერთმა პრესკონფერენცია გამართა, მეორემ – არა.

პრესკონფერენცია ნოდიამ გამართა და განაცხადა, „ფულს პირადად არ გავანაწილებ და საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებისგან დაკომპლექტდება დამოუკიდებელი გამგეობა, რომელთა სუვერენული გადაწყვეტილებაც იქნება, ვის გამოუყონ გრანტი და ვის არა“–ო. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები ნოდიამ მოულოდნელი სხაპასხუპით წარმოთქვა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ – ენჯეოშნიკებს, როდესაც გრანტებზე საუბრობენ, ენა არასოდეს ებმებათ. რაც შეეხება „საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებს“, ჩვენს დროში ასეთი ძალიან ცოტაა – სააკაშვილი, ბიძამისი, დედამისი და ბებიამისი; გაბაშვილი და მამამისი; ოჩიაური და მამამისი; მარიამ საჯაია და დედამისი; მინაშვილი და სიდედრიმისი; წკრიალაშვილი და ხაბაზი; ხაჩიძე და დოლი; ნასარიძე და ბლანჟე; ასანიძე და შტანგა. ეს არის და ეს, თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ შტანგა (სანამ ასანიძე დაეჭიდება) და დოლი (სანამ ხაჩიძე შეეხება).

ვფიქრობ, უცნაური არაფერი მითქვამს. განა ვინმესთვის არის საკამათო, რომ დოლს უფრო სასიამოვნო ხმა აქვს ვიდრე ოჩიაურს და წკრიალაშვილს, ანაც შტანგას რომ უფრო მეტი ჭკუა და სინდისი მოეკითხება, ვიდრე წკრიალაშვილს, ნასარიძეს და მინაშვილის სიდედრს ერთად აღებულს?! მოკლედ, უცნაური არაფერი მითქვამს, გოკა კანსტანტინოვიჩი კი ამბობს: „ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაჩერდეს ზუგდიდშიც, მესტიაშიც, იყოს თავის სახლში ყვარელში, ბობოყვათში, იყოს სადაც გნებავთ, ეს არის მისი და არა მხოლოდ სურვილი და უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ არ გამოიკეტოს ერთ შენობაში და ერთ სახლში, როგორც ზოგიერთები აკეთებენ. არა მთელი საქართველო დაიბაროს თავისთან სახლში, არამედ თვითონ ჩავიდეს მაქსიმალურად ყველგან, სადაც შეუძლია“.

თფუ, შენი თვალებგადმოკარკლული... უცნაური ის არის, რომ ჯერ კიდევ შეუძლია და უფრო უცნაური ის იქნება, თუ მალე (რაც შეიძლება მალე!!!) იძულებით არ გაჩერდება რუსთავში, გლდანში, ქსანში, გეგუთში და რავი, სულ სასჯელაღსრულების რამდენი დაწესებულება არსებობს და რამდენი პარაშაა გადასაღვრელი.

ჯერჯერობით კი, შეუძლია წავიდეს იქ, სადაც უნდა და თუ ამ ოთხი წლის წინ, გაგანია კრიზისის დროს, სასათბურე მეურნეობას ბოდრუმში ათვალიერებდა, რამდენიმე დღის წინ დუბაიში იმყოფებოდა, როგორც თვითონ თქვა – სამეფო ოჯახის მიწვევით. მოდი და, ნუ დაიგინებ!!! დავიგინე კიდეც და ჩემი გინება–დაგინება რა მოსატანია იმასთან, რაც გიორგი დემეტრაძის, ვახო მაისაიას და სხვათა გულში და თავში ტრიალებს! საერთოდ კი, ვის რას გაუგებ?

მაგალითად, ასეთი ნიუსი: „12 იანვარს „ეტალონში“ პარლამენტარები ითამაშებენ. გადაცემა 18:00 საათზე „პირველი არხის“ ეთერში გავა. ზვიად ძიძიგური, გუგული მაღრაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, კობა დავითაშვილი, ზაზა პაპუაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი პიუპიტრებთან მოსწავლეების ნაცვლად დაიკავებენ ადგილს და ინტელექტუალურ ჭიდილში ჩაებმებიან. როგორც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი აცხადებს, პარლამენტარების თამაშით „ეტალონი“ სადღესასწაულო ციკლს ასრულებს და ჩაწერებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“.

ჩვეულ რეჟიმში, ანუ ეს სიაფანდი გოჩა ტყეშელაშვილი ძველებურად დამიჯდება პირველ არხზე და სანამ სხვა არხზე გადართვას მოვასწრებდე, სასწრაფოდ შემახსენებს, რომ „ეტალონი“ არის ყველაზე ეროვნული მედია–პროექტი და რომ თვითონ არის ავტორი, წამყვანი, დედა–ბოძი და მამა–მარჩენალი. გასაგებია, რომ ტყეშელაშვილისთვის ეს არის „ხიზილალა მისი არსობისა“, ასევე, კობა დავითაშვილისთვის არის „ნა ვერწელე მისი არსობისა“, გუგული მაღრაძისთვის არის ბუდე, რომლის აშენებაში წვლილი არ მიუძღვის (რავი, თუ გიულის დაქალობა წვლილს ნიშნავს და...) და ა.შ. მაგრამ ზაზა პაპუაშვილისგან გამკვირვებია, ზურა აბაშიძისგან გამკვირვებია... ყოველთვის მიკვირს როდესაც ნორმალური ადამიანები უცებ რაღაცაზე დაგოიმდებიან ხოლმე.

სწავლა სიბერემდეო – უთქვამს ცნობილ ქართველ მოაზროვნეს, ლადო ვარძელაშვილს და მეც ვსწავლობ. გასულ კვირაში ზესტაფონში გამართულმა აქციამ და იმავე ქალაქიდან ჩემამდე მოსულმა ხმებმა მასწავლეს, რომ კაცს არაფერი უნდა გაგიკვირდეს. წარმოგიდგენიათ – ბაზრის მოვაჭრეები ზესტაფონის მაჟორიტარს ლანძღავდნენ და მის გამოჩენას მოითხოვდნენ. მერე, სხვა დროს (მალე) სხვა ამბებსაც მოვყვები და სხვებსაც მოვაყოლებ. მანამდე კი ზუსტად (სამწუხაროდ) ვიცი, რომ მსახიობობიდან ხალხის რჩეულობამდე აღზევებული გოგი ქავთარაძე „ვერის უბნის მელოდიების“ პუსტა–პუსტა პოლიციელად დარჩა. აწ უკვე ზესტაფონის რუხი კარდინალი დაბერდა, მაგრამ ვერ გაიზარდა.

ქავთრაძისგან მიკვირდა და ლუკა კურტანიძისგან ჯერ კიდევ მიკვირს, თორემ სააკაშვილი ყოველთვის კამო იყო და კამოდ დარჩება. „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და არ გვინდა ჩვენი სამშობლო და თუნდაც მთავრობა, რომელსაც არ მოვწონვართ ან ჩვენ არ მოგვწონს, ჩაფლავდეს“ – თქვა გასულ კვირაში პირველმა ქართველმა ეფრეიტორმა. არა, ბიჭო, და... ერთი კარგი წყალდიდობა, ორიოდე გრიგალი და რამდენიმე საშუალო სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა – დარწმუნებული ვარ, ამაზე ოცნებობს მიხეილ „შიგნიდან ათასი“. ერთ დღესაც, მიწასთან რომ გასწორდეს სრულიად საქართველო, ნაცბოზბანდის აღიარებული პილოტი, პირველი, რასაც გააკეთებს, ის იქნება, რომ ნიშნისმოგებით იკითხავს: „სად არის განახევრებული ტარიფი? რატომ არ ასრულებთ დანაპირებს?“

ხალხო და ჯამაათო, გეკითხებით და მიპასუხეთ: ვის რა შიბლად უნდა პილოტი, რომელიც თვითმფრინავის ხმაზე შარვალს ავსებს?

„სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

პეტიციაში, რომლის ავტორია მოძრაობა „პატრიოტები“, ნათქვამია - მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი“ – ეს ნიუსი არის პასუხი კითხვაზე, თუ ვის უნდა ჩასვრილი პილოტი, მაგრამ არც ამ ნიუსიდან ჩანს, თუ რა შიბლად უნდათ და რა შიბლაკოკოჩად გამოიყენებენ.

როგორც ნიუსებიდან ირკვევა, შიბლა–პატრიოტები სულ თხუთმეტნი არიან. ერთი მათგანია ვინმე გოგი ხოჭოლავა, მეორე – რამე (რამის რამე) თეა თუთბერიძე.

„ეს არის პუტინის ოცნება და ჩვენ არ ავასრულებთ ამ ოცნებას. ახალგაზრდები ყოველთვის ვიდექით დემოკრატიის სადარაჯოზე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, პრეზიდენტის ლეგიტიმურობა გრძელდება ოქტომბრამდე“, – აცხადებს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი გოგი ხოჭოლავა და... ჰოპ!!! აი, აქ კი სასწრაფოდ დავიგინე, მაგრამ მხოლოდ რაჭველებს დავასწარი.

დასწრება–დაგინებაზე გამახსენდა...

პირველი ნიუსი: „დღეს ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმინეთ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. უნდა ითქვას, კარგია, რომ შესაბამისი უწყება დაეთანხმა ამ ინიციატივას, რომლითაც გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის დავალებით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი და აღნიშნულ ინიციტივას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გადაუგზავნის როგორც მთავრობას, ასევე, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებას და ინიციატივით მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს“.

მეორე ნიუსი: „ვაკო ავალიანის თქმით, გასული წლის 13 დეკემბერს მთავრობამ #2010 განკარგულება გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს და რომლის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზების და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისია ჩამოყალიბდა. თავის მხრივ, კომისიის მთავარი ამოცანა, ავალიანის განმარტებით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის საკითხების მოგვარებაა. „შესაბამისად, პრეზიდენტმა ავღანეთში საქართველოს მთავრობის განკარგულება გააჟღერა. ჩვენ მივესალმებით, რომ პრეზიდენტს სამხედრო ვეტერანები რვა წლის თავზე გაახსენდა“, - აღნიშნა ავალიანმა“.

ანუ, ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, მაგრამ მანანა მანჯგალაძემ დაასწრო და თქვა, პრეზიდენტს ეკუთვნისო. დაასწრო და დაასწრო! მთავარი დასწრება არ არის, მთავარი გაგებაა, და დიდი ამბავი და გაგება არ უნდა იმას, რომ რომ გაივლის რამდენიმე წელი (თვე! ამინ!!!) და პარაშასთან ჩამომჯდარი მიხეილ სააკაშვილი გაიხსენებს, როგორ დაავალა პოლიციას ომის ვეტერანთა აქციის დარბევა...

ვაკო ავალიანს რომ ვიცნობ, ისიც ვიცი, რომ დაგინება თავისი მოგონილი ჰგონია და იქნებ ასეც იყოს... გაივლის რამდენიმე წელი და მანანა მანჯგალაძე მიხვდება, რატომ აძაგძაგებდა მას და რატომ ნაბავდა თვალებს მას შემდეგ, რაც ვეტერანთა დახმარების საკითხის გადაწყვეტა სააკაშვილს მიაწერა.

ეგრეა – თუ მიიწერ, შეგეწერება.

თვალების ნაბვა კი იქ უნდა გენახათ, სააკაშვილის კაბინეტში, ახალ გუბერნატორებს რომ ნიშნავდა: ხათუნა ოჩიაური – მცხეთა–მთიანეთში, ანდრო ბარნოვი – შიდა ქართლში. უნდა გენახათ, როგორ ინაზებოდა ნაცი–ხათუნი და როგორ კრუსუნებდა ანდრო ბარნოვი, „ეს შეიძლება კიდევ ერთი მაგალითი იყოს განათლებული და პატრიოტი ადამიანებისათვის, რომ ამ ტიპის ადამიანების ახალი ტალღა დაიძრას იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც ამდენი ხანი „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, რითიც ამ პარტიამ მთელი ეპოქა შექმნა საქართველოს ისტორიაში“–ო.

მაგალითის რა მოგახსენოთ, მაგრამ ოჩიაურის ამბავი, ბარნოვის ამბავი, გოკას ამბავი, აკოს ამბავი, ამბავი კოკა–კოლა სეფერთელაძისა და შტანგა–ასანიძისა, გენდერული რუსუდანისა, არონია–ულუსა და საჯაია–ნარინისა და სხვათა და სხვათა, უცხოთა და უჟასებისა, უნდა იყოს სტიმული არმაგედონის ზანგისთვის, რომ აღსდგეს და ჩამოუაროს ყველას, ვისთვისაც ალალი და უსაყვედუროა „შიგნიდან ათასი“, ოღონდ იმ ათასიდან ერთი – აუცილებლად არმაგედონის ზანგისა.

და კიდევ ის – თენგიზ გუნავა სამეგრელოს გუბერნატორად...

გაიჩალიჩებს ვიღაცა რაღაცას. ასეა ეს.

ვინ არის თნგიზ გუნავა? აბა, მე რა გითხრათ, ჯობს ისევ „შიგნიდან ათასით“მოსიარულეს მოვუსმინოთ: „მე მას ასევე ვიცნობ როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მახსოვს მის მიერ ჩატარებული ოპერაციები. მან გადაარჩინა უძვირფასესი ტექნიკა, წაართვა რუსებს სამხედრო ოპერაციაში ორი საზღვაო კატარღა, აუფეთქა ოკუპანტებს უძვირფასესი საჰაერო დანადგარები, რომელიც გაქონდათ როგორც სამხედრო ნადავლი. ეს იყო ძალიან რთული და თავზეხელაღებული სამხედრო ოპერაცია. მან გადაარჩინა ჩვენი სხვა კატარღები ფოთში. როცა რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ ფოთში, ის თავისი მცირე შენაერთით გადაეღობა და დიდი რუსული შენაერთი ჰყავდა დაკავებული, ვიდრე არ დავამთავრე გამოსვლა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ გაივლიდნენ, თენგიზ გუნავა კი პასუხობდა - გაიარეთ, მაგრამ იქნება სროლები და შეტაკება“.

ოე, ბიჭო, არ დაიღალე ამ ზღაპრებით? „ხუთკუნჭულა“ მოყევი, „ასფურცელა“ მოყევი, „ლიონბერგელი ემილის თავგადასავალი“ მოყევი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ მოყევი, ოღონდ ფრთხილად იყავი, კარლსონის პროპელერის ხმას რომ გაიგონებ, შარვალი გუბერნატორებით არ გაავსო.

ს.უ.ი. (სათქმელი უნდა ითქვას) „...ვფიცავ ჩემი მშობლების ძვლებს, ვფიცავ ხოსე არკადიო ბუენდიას ხსოვნას, ვფიცავ ღმერთს, სადაც უნდა იყო, გამოგათრევ და ჩემი ხელით მოგკლავ“. ვიდრე ოთხიდან გავიდოდა, პასუხს არც დაელოდა, დაუმატა: „შენ იმას აკეთებ, რასაც გააკეთებდი მაშინ, ღორისკუდიანი რომ დაბადებულიყავი“.

(გაბრიელ გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელი“)