ქედზე მდებარე მონასტრები – ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტრები, ეს ის ადგილია, სადაც დავით გარეჯში მოღვაწე ბერებს და მართმადიდებელ მრევლს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოლოცვლის უფლებას არ აძლევენ, იმ მოტივით, რომ ექს–პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დავით გარეჯის ლავრის ეს მონაკვეთი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა. სააკაშვილთან ერთად ამ საკითხზე იმუშავა მაშინდელმა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილმა წევრებმა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურაში და მათ შორის კომისიაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაუშვეს ფინანსური მოგების მიზნით, ისეთი დოკუმენტების გადინება საქართველოდან, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის. მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, სწორედ ამ კომისიამ საბოლოო ჯამში ხელი შეუშალა დავით გარეჯის საკითხის მოგვარებს. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ზოგიერთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი იყო არა საქართველოს სასარგებლოდ.
გენერალურ პროკურატურაში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308–ე მუხლის პირველი ნაწილით. გენერალურ პროკურატურაში უკვე დაიკითხენენ კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებსაც for.ge–ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პროკურატურა ბრალს წაუყენებს. გარდა ამისა, პროკურატურას კითხვები აქვს კომისიის სხვა წევრებთან და როგორც სასულიერო პირები for.ge–სთან საუბრისას აღნიშნავენ, ბრალდებულთა წრე იქნება საკამოდ დიდი და ხმაურიანი.
გენერალურ პროკურატურაში, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს. for.ge–ს ინფორმაციით სწორედ ილიჩოვაა კომისიის ის წევრი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციას მალავდა სახლში. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც 1938 წლის რუკას ამყარებს.
პროკურატურამ ასევე დაკითხა კომისიის კიდევ ერთი წევრი, ივერი მელაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ კომისიის წევრები არ არიან დამნაშავეები და არც იმის ღირსი, ვიღაცამ ტალახი ესროლოს. მისი თქმით, ეს რუკები, კომისიის წევრებისთვის აღმოჩენა ნამდვილად არ იყო, ეს ყველაფერი გადამუშავებულია თავის დროზე და ქართული მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამოყენებულია მხოლოდ სამართლებრივად სწორი და ტექნიკურად გამართული მასალა. როგორც მან აღნიშნა, საუბარია 200 000–იანი მასშტაბის რუკებზე, რომელიც გამოცემულია 1936–1937 წლებში, თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი მასალა და მის საფუძველზე მეორე მხარესთან საუბარი არ შეიძლება.
„დამატებითი კითხვები ჰქონდათ. ძირითადად ეს შეეხებოდა ვიღაცების მიერ აღმოჩენილ ე.წ. 200 000–იანი მასშტაბის 1936–37 წლებში გამოცემულ რუკებს და იმას, თუ რატომ არ იქნა ის გამოყენებული. რაც შეეხება რუკას, რაზეც ლაპარაკია, რომ თითქოს ამით საქართველო მოიგებს, საუბარი არ არის 1938 წლის რუკაზე, ეს არის 36–37 წლების გამოცემა. ჩემი განმარტება იყო, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საუბარი არასრულყოფილი მასალით. ის მასალა არის არასრულყოფილი, შეუთავსებელი სხვა რუკებთან და შესაბამისად, მიუღებელია.
ეს რუკა არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს, მაგრამ ეს რუკა კომისიის ექსპერტთა ჯგუფს შესწავლილი აქვს, ანალიზი გაკეთებული აქვს, არის რაღაც მასალა, რომელიც გამოუყენებადია, არ არის მთლად არგუმენტირებული. რუკები ადრე მოძიებული იყო, დაახლოებით 1995-96 წლებში, არა მარტო ეს რუკა, სხვა უამრავი რუკა–მასალაა, დადგენილებები და სხვა დოკუმენტალური მასალა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის კომისიის წევრებისთვის, ვინც ვმუშაობდით, აღმოჩენა ნამდვილად არ იყო“, – აცხადებს ივერი მელაშვილი.
კომისიის წევრი დარწმუნებით აცხადებს, რომ ამ საქმის საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ არჩევნები გადაივლის და ყველაფერი დაწყნარდება, თუმცა არც მის დაკავებას არ გამორიცხავს.
„ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს თეორიულად და პრაქტიკულადაც. ჩხრეკა ჩატარდა ჩემთან, ნატალიასთან, აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ საღ აზრს ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება“, – ამბობს ივერი მელაშვილი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას „მოღალატეობრივად“ აფასებს, რომლის განცხადებით, მხოლოდ ასე შეიძლება შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. მისი თქმით, ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში, მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე.
„მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება დაკარგულიყო. თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება. ახალ კომისიას აქვს პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა, პრინციპულად სხვა ღრმა კვლევას და ავთენტურ დოკუმენტაციას ეყრდნობა მათი მიდგომები, ამიტომ გაცილებით მეტია იმედი“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, განახლებული კომისიის მუშაობის დაწყების შესახებ საქმის კურსში არიან და იციან, რომ უკავშირდებოდა იმ რუკის მოპოვებას, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, როგორც ჯაღმაიძე აცხადებს, შარშან არსებობდა ამ რუკის ასლი, ავთენტურობის დამტკიცება და კომისიაში ამის გამოყენება ვერ ხერხდებოდა.
„სიახლემდგომარეობს იმაში, რომ მოპოვებულია ის კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ავთენტურია და შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომისიის მუშაობაში, როგორც საფუძველი საზღვრის გავლებისა. თავიდანვე ასე უნდა წარმართულიყო მუშაობა, მაგრამ რატომღაც გაუგებარ ვითარებაში მოხდა 1938 წლის რუკის ამოღება სამუშაო პროცესიდან და კომისია ხელმძღვანელობდა გაუგებარი რუკებით.
ვერ გეტყვით ეს რუკა რატომ ამოიღეს, რა მოტივით, ვინ იდგა მათ უკან და როგორ გაბედეს ასეთი რაღაც, ამას ძიება გვიჩვენებს და ჩვენც ველოდებით. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ფაქტიურად ბოლო ათწლეულების მატიანე. მათ შეუძლიათ პირდაპირ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია. თავდაცვის უწყებებს არანაირი მითითება ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. გარეჯის ლავრაში პრობლემა არ არის, პრობლემაა ქედზე მდებარე მონასტრებში ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კომისიის წევრების მუშაობის მიმართ მკაცრია დავით ზალკანიანი. ქვეყნის პირველი დიპლომატი განმარტავს, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის შემადგენლობასთან კითხვები თუ არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. მისი თქმით, ახალ მასალებში, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კარტოგრაფიული მასალების გარდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებია.
„ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა, უბრალოდ არ არსებობდა, გამქრალი იყო. ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ამ მასალების ძებნა და ცოტა ხნის წინ მოვიძიეთ კიდეც. ძალიან კონკრეტული კარტოგრაფიული მასალებია და ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ძალიან საინტერესო დასკვნები. როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში იყო, მე მას ეს ამბავი გავუზიარე. ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც მოლაპარაკებებში ხარ შესული, ახლადაღმოჩენილი გარემოებების შესახებ უნდა უთხრა პარტნიორს, რომ შემდეგ ნორმალურად წარიმართოს პროცესი“, – აღნიშნა დავით ზალკანიანმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს ოპოზიციის ბრალდებას, რომ დავით გარეჯის გაყიდვა–გასხვისებას საკითხი პოლიტიკურად არის მოტივირებული, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ. პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ საუკუნის საქმემ საპარლამენტო არჩევნებს დაასწროს. მისი თქმით, ანალოგიური გამოძიების ინიცირება უნდა მოხდეს აზერბაიჯანულ მხარესაც.
„აშკარად მნიშვნელოვანი საკითხი დაიძრა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას – „გასარკვევია დემარკაციის საკითხი“. მან დააყენა ეს საკითხი. ახლა ფრჩხილებიც გაიხსნა. მიშას მომხრეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივებს. გაყიდა დავით გარეჯი, თუ არ გაყიდა, მაინც მიშისტები არიან. ამ ყველაფერს კი, სამომავლოდ, შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. ეს რიგითი არჩევნებია და მართლაც შეიძლება მიუახლოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასება იმას, არის თუ არა ეს პოლიტიკური ძალა დასატოვებელი საქართველოში და ხომ არ არის გამოსაცხადებელი ის, რაც ნაცისტებზე გამოაცხადეს გერმანელებმა, როდესაც კანონგარეშე გამოაცხადეს ნაცისტური პოლიტიკური პარტია.
ასეთი შესაბამისობა ქართულ კანონმდებლობაში გასარკვევია იმ პარტიების მიმართ, რომელსაც საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ აქვთ ნაბიჯები გადადგმული. თუ გამოძიებამ დაადასტურა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგებო მოქმედება, მერე უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშე გამოცხადების საფუძველი დადგება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ეს იქნება ყველაზე ხმაურიანი საუკუნის საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ეჭვმიტანილია უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემისთვის.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია პროცესის ბოლომდე მიყვანა. ვერ ვიტყვი, ეს მხოლოდ პროკურატურაზე არის თუ არა დამოკიდებული. იმიტომ, რომ თუ ქართულმა მხარემ გაყიდა, ვიღაცამ ამაში გადაიხადა ფული და ამის ამოტივტივება, ვინ გადაიხადა ფული და რატომ, შეიძლება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გართულებების მომტანი იყოს. იმიტომ, რომ ამ ტიპის ნაბიჯი, ფულის გადახდა ტერიტორიებში, კომერციული ნაბიჯი არ უნდა იყოს. უფრო სახელმწიფო დონეზე მომხდარ პროცესს ჰგავს. ჩვენ უკვე ვდგებით სახელმწიფოთა მიმართების თემის წინაშე. გააჩნია როგორ მოიქცევა აზერბაიჯანული მხარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.
იმავე სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არც იქ არ არის ცხადი ქვეყნის ღალატი იყო, თუ შეცდომა. ასე რომ, სააკაშვილის მოღვაწოების პერიოდზე, ბევრი ანალოგიური კითხვის ნიშნებია და ერთ–ერთია დავით გარეჯი და არა ერთადერთი. ამიტომ ვამბობ, თუკი დაიძრა საკითხის ამ ჭრილში განხილივის პროცესი, ხელისუფლება რომელიც ქვეყანას ღალატობს, სავარაუდოდ, დადგება ის საკითხიც, ჰქონდა თუ არა ღალატს ადგილი, როცა კოდორის ხეობიდან გამოიყვანეს საჯარისო ფორმირებები, კოდორი ზემო აფხაზეთად გამოაცხადეს, როცა ახალგორის ტერიტორია მიუერთეს და მერე ჩაერთვნენ ომში.
უამრავი კითხვის ნიშანი დგება. ასე რომ, ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ დავით გარეჯით, უფრო სერიოზული ბრალდებებიც შეიძლება აღმოჩნდეს მაგიდაზე. ყველაზე უფრო საფრთხილო არის აზერბაიჯანთან ურთიერთობის საკითხი. რუსეთთან ურთიერთობა გარკვეულია, გასაგებია, რომ ოკუპანტია. აზერბაიჯანი მეგობარი და პარტნიორია. ასეთი მოვლენების ფონზე მასთან დელიკატური ურთიერთობა უნდა აეწყოს, ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.