არაქართული წარწერებით „დამშვენებული“ მცხეთა და თბილისი

არაქართული წარწერებით „დამშვენებული“ მცხეთა და თბილისი

თბილისის ქუჩებსა და მცხეთაში მაღაზიებისა და კაფეების მეპატრონეებს დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ენა არის ქართული და არა ინგლისური. ან შესაძლებელია ეს ამბავი არ დავიწყებიათ, ახსოვთ, მაგრამ ქართული ენის სტატუსს არაფრად აგდებენ - მთავარია უცხოელ ტურისტებს ინგლისურენოვანმა წარწერებმა თვალი მოჭრას, დანარჩენი კი მეასეხარისხოვანია, რადგან მაღაზიებისა და კაფეების მეპატრონეებმა იციან, რომ ნაკლებად სავარაუდოა ამაზე ვინმემ პასუხი მოსთხოვოთ.

for.ge დაინტერესდა თბილისის ქუჩებში მაღაზიებსა და კაფეებზე მომრავლებული ინგლისურენოვანი წარწერების კანონთან შესაბამისობის საკითხით და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს ქეთი კრაწაშვილს გარკვეული კითხვებით წერილობით მიმართა, რომელზეც ამომწურავ პასუხს ამ მასალაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ამასთან, სტატიის ბოლოს, მიბმული ფაილის სახით for.ge გთავაზობთ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და მცხეთაში ელისო მიქიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოების ნაკრებს.

იურისტ ქეთი კრაწაშვილისათვის for.ge-ს მიერ გაგზავნილი კითხვები ასეთი შინაარსისაა:

- არეგულირებს თუ არა კანონი იმას, რომ სხვადასხვა მაღაზიებზე, სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებზე წარწერა უნდა იყოს ქართულ და არა უცხოურ ენაზე? თუ ამას კანონი არეგულირებს, გთხოვთ ნორმა მიუთითოთ. 

- თუ ამ საკითხს კანონი არ არეგულირებს, მაშინ ეგებ განმარტოთ რამდენად მართებულია ეს? 

- კანონში არსებობს თუ არა ნორმა, რომელიც განსაზღვრავს რა ტიპის სასჯელი ელით იმ მაღაზიებისა და სასტუმროების მეპატრონეებს, ვისაც წარწერები მხოლოდ უცხო ენაზე აქვთ გაკრული?

იურისტ ქეთი კრაწაშვილის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის მიდგომა, ზოგადად ქართულ ენასთან მიმართებაში, ამგვარია: 

კონსტიტუციის მე-8-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა, ნებისმიერ სფეროში უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქნეს მიიჩნეული. სახელმწიფო ენის დაცვის მიზნით, სპეციალური ღონისძიებების საჭიროების შესახებ აღნიშნულია საქართველოს კონსტიტუციაზე იერარქიით დაბლა მდგომ აქტებშიც, რომლებიც, სავალდებულო წესით უნდა შეესაბამებოდნენ საქართველოს კონსტიტუციას. დასახელებულთაგან ერთ-ერთია საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“.

იურისტის თქმით, მაღაზიებზე, სავაჭრო ცენტრებზე, სასტუმროებსა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებზე წარწერების გაკეთება კომერციული მიზნით, პოტენციური მომხმარებლისათვის საკუთარი დანიშნულების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, პროდუქციისა და  მომსახურების შესათავაზებლად ხდება - მეწარმე სუბიექტის ოფისზე, ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.)  ნებისმიერი ზომის წარწერის გაკეთება, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და სხვა, „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, სარეკლამო საქმიანობად მიიჩნევა. 

კანონის  მე-3-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“.

„რეკლამის შესახებ“ კანონის მე-6-ე მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, რეკლამის გავრცელება საქართველოს ქალაქებში, სოფლებში და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე შეიძლება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების (გარე რეკლამა) გამოყენების იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კანონში. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, სხვადასხვა დაწესებულებებზე წარწერების განთავსების რეგულაციასთან დაკავშირებით, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ. 

იურისტ ქეთი კრაწაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონი რეკლამისადმი აწესებს ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს. რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა. რეკლამის გაგებასა და ადეკვატურად აღქმას უპირველესად მისი იმ ენაზე წარმოჩენა წარმოადგენს, რომელიც ცნობილია პოტენციურ მომხმარებელთა უმრავლესობისათვის. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4-ე მუხლის მე-2-ე პუნქტი პირდაპირ დათქმას აკეთებს და განსაზღვრავს, რომ რეკლამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე უნდა გავრცელდეს. ამასთან მიუთითებს რომ , „ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე“.

კანონის მე-4-ე მუხლში, ასევე, დაკონკრეტებულია უცხო ენაზე შესრულებული წარწერების რეგულირების საკითხი და აღნიშნულია, რომ უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციისა) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

ქეთი კრაწაშვილი: „შესაბამისად, სარეკლამო წარწერების განმთავსებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ენობრივი ნორმები და უცხოური წარწერების გვერდით არ დააკნინონ ქართული წარწერების მნიშვნელობა და ხილვადობა. რაც შეეხება სარეკლამო წარწერის მხოლოდ უცხო ენაზე გაკეთებას, ამასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთაა აღნიშნული, კანონის იმპერატიული მოთხოვნა არსებობს და დაუშვებელად არის  მიჩნეული (მე-4-ე მუხლის მე-2-ე პუნქტი).

იმისათვის, რომ, წარწერას წავუყენოთ ქართულ ენაზე სავალდებულოდ შესრულების მოთხოვნა, ის უპირობოდ უნდა კვალიფიცირდებოდეს რეკლამად. თქვენს მიერ დასახელებულ დაწესებულებებზე, უშუალოდ, წარწერების განთავსების საკითხთან დაკავშირებით ენობრივი შეზღუდვის იმპერატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6-ე მუხლის მერვე პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ „ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) განთავსებული ნებისმიერი ზომის წარწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და ა.შ. არ შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან 1,5 მეტრით მაინც“. 

როდესაც შესაფასებელია სამართლებრივი ხარვეზის არსებობა-არარსებობის საკითხი, მნიშვნელოვანია შეფასდეს უკვე არსებული სამართლებრივი რეგულაციები და ის, თუ არსებული კანონმდებლობა, რამდენად აღწევს, თავის მიერვე დასახულ მიზანს. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ „კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესის, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა“. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის წარწერების გაკეთებისას ენობრივი ნორმების დაცვის გარანტიებს, მაგრამ მე-6-ე მუხლის მე- 8-ე პუნქტით, ფაქტობრივად ანახევრებს თავისი დაცვის სფეროს და ტოვებს იმპერატიული რეგულაციის გარეშე, სწორედ, იმ საკითხს რასაც თქვენი კითხვა ეხება. მაგრამ აქვე დასაზუსტებელია ისიც, რომ, კანონი რეკლამად არ მიიჩნევს მხოლოდ იმ წარწერას, რომელიც შინაარსობრივად ასახელებს ოფისში განთავსებულ ობიექტს.  

რაც შეეხება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობის საკითხს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად:

1. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.  

რეკლამების გავრცელებაზე კონტროლი და ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება, წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების კომპეტენციას“.

ბოლოთქმა: for.ge უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, იურისტების დახმარებით რა ქმედით ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ მაღაზიებისა და კაფეების მეპატრონეებმა დაიცვან კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ყველა დანარჩენ კანონთან მიმართებაში აქვს უპირატესი უფლება. როგორც მასალის დასაწყისშია აღნიშნულია,  კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა, ნებისმიერ სფეროში უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქნეს მიიჩნეული.