ქართველები ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ. დღეს საღამოს გასულ პერიოდს საზეიმოდ გავაცილებთ და ხვალ დილიდან 2013 წლის პირველ „სამუშაო“ დღეს შევუდგებით.
ქართულ სპორტში პრობლემები კვლავ გაგვაჩნია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი სულ რაღაც ერთ კვირით გადავდოთ. დღევანდელ წერილში კი მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ. ჩვენი „საახალწლო“ მოგონებების პირველი „ამბავი“ სპორტულ ჟურნალისტ თამილა კახიძეს ეკუთნის.
„ეს ამბავი არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. საახალწლო გადაცემაზე რადიოში მოვიწვიეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი არველაძე. საქართველოში ალბათ სულიერი არ არსებობს ტყუპ ძმებს - აჩის და შოთას რომ არ იცნობდნენ. გადაცემა მხიარულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ვთხოვეთ რაიმე სასაცილო გაეხსენებინა:
„მე მაშინ თურქეთში ვთამაშობდი, ჩემი ტყუპისცალი ძმა-ჰოლანდიაში. ერთ დღეს პარალელურად მე თურქეთში მქონდა მატჩი, ჩემს ძმას ჰოლანდიაში. მატჩი აქაც და იქაც ერთსა და იმავე დროს დამთავრდა.
მე ერთი ბურთი გავიტანე და კისერი გამიშეშდა. ვურეკავ ჩემს ძმას ჰოლანდიაში - ერთი გოლი შევაგდე–მეთქი. მეც ერთი გოლი შევაგდეო. თურმე ერთსა და იმავე დროს გაგვიტანია ორივეს.
- მერე?
- კისერი გამიშეშდა-მეთქი ისე ვუთხარი... ვაიმე, მეც გამიშეშდა კისერიო.
აღტაცება და სიცილი ერთმანეთში აირია სტუდიაში.
- დიდი მადლობა მოსვლისთვის, ბატონო შოთი - ვემშვიდობებით ვითომ და:
- რა შოთი–შოთი აგიტყდათ-გაბრაზდა ტყუპისცალი, მე აჩი ვარ“.
მეორე, მართლაც არაორდინარულ „ისტორიას“ ბატონი გია კორკოტაშვილი დღემდე არაერთხელ იხსენებს. მკითხველებს მსურს შევახსენო, რომ „კორკოტა“ წარსულში ჩინებული სპორტსმენი გახლდათ და ფეხბურთსა და რაგბის ერთნაირი წარმატებით თამაშობდა.
„ჭიათურას ჰყავდა ფეხბურთის გუნდი „მაღაროელი“. მსახიობების და მხატვრების რა მოგახსენოთ, მაგრამ ფეხბურთელებსაც უყვართ: „დავლევ დაგილევ!“
ერთი დღეა და მაღაროელები ნაახალწლევს პახმელიაზე გამოცხადნენ. არაფრის თავი არ აქვთ, ეყუდებიან ერთმანეთს. არც მწვრთნელია უკეთეს მდგომარეობაში, კაცმა რომ თქვას. თვითონაც ძლივს ბჟუტავს თვალებს, მაგრამ მწვრთნელი როა? თან ჭიათურის? თან „მაღაროელის“? თან თვითონაც რომ „გაგუდულ პახმელიაზეა“, რა ქნას ახლა? შეკრიბა ბიჭები და ეუბნება:
- არ ვიცი მე... 15-15 „კრუგი“ დაარტყით მოედანს და კისერი გიტეხიათ მერე, წადით სახლებშიო.
ცას ეწივნენ ბიჭები სიხარულით - რაზეა ბაზარი - იმანოვიჩო?! 20 იყოს, მაგის დედა არ ვატირეთ ახალი კონსტიტუციითო?!
დაიმედებული და არაქათგამოცლილი „ტრენერი“ ჩაესვენა „ჯიპში“ და დაიბარა, ერთ საათში მოგაკითხავთ, შეგამოწმებთო. ერთ საათში, გვარიანად „ჩახინკლებული“ მწვრთნელი თავისი შავი „ჯიპით“ სტადიონს უახლოვდება.
სტადიონის გარშემო მანქანების წიოკია, ბუღი ასდის იქაურობას. რა მოხდა, ომი ხომ არ დაიწყო, ე შობელძაღლიო, იტკიცა შუბლში ხელი, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.
არა, ნაღდია... მანქანები სულ პიპინ-პიპინით უვლიან წრეს სტადიონს. არა, ბიჭო და ნაპახმელიარი ფეხბურთელები ფეხით ირბენდნენ...
სიტყვა სიტყვაა, ძმაო!!! ბენზინის გათავებამდე უვლიდნენ სტადიონს გულმოდგინებით. აბა, ზოგიერთივით კი არ უზარმაციათ!“
დღევანდელი მოგონებების ბოლო ნაწილი მსახიობ სოსო ლაღიძეს ეკუთვნის.
„რა შეედრებოდა ფეხბურთის მატჩის დროს ორი უშესანიშნავესი მსახიობის და პიროვნების ხილვას, როგორებიც იყვნენ იპოლიტე ხვიჩია და ეროსი მანჯგალაძე. როდესაც სტადიონზე ეროსი და იპოლიტე გამოჩნდებოდნენ, გულშემატკივარი სულ ივიწყებდა, რისთვის იყო მოსული. ფეხბურთის მატჩი მხიარულ კომედიად გადაიქცეოდა ხოლმე და მაყურებელი მხიარული თეატრალური წარმოდგენის მოწმე ხდებოდა.
იმ ბედნიერ დღეს ქუთაისში ვეთამაშებოდით იქაური თეატრის სახელგანთქმულ გუნდს. მაშინ ჩვენი შეხვედრები მოედანზე ისეთივე ინტერესს იწვევდა, როგორსაც „არარატი“-„დინამოს“ შერკინება.
მოკლედ, მაგარი მატჩი გამოდგა. თამაში მთავრდება და ფრეა-4:4. დარჩენილ ორ წუთში მთელი ძალებით გადავედით გადამწყვეტ შეტევაზე. ქუთაისელთა კართან ქარიშხალი დავატრიალეთ, საქმე პენალტამდეც მივიდა ჩვენს სასარგებლოდ. ასეთ გადამწყვეტ მომენტში დარტყმას ყველა მოერიდა. ისევ ეროსიმ ივაჟკაცა - მე დავარტყამო და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით.
დადო ეროსიმ ბურთი პენალტის ნიშნულზე, მსაჯმაც მისცა ნება და... ეროსი „რაზგონის“ ასაღებად განეწყო. მობრუნდა და მოდის ჩვენი კარის მიმართულებით. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, რვა... ათი.
- კაცო, - გადამიჩურჩულა ჩემმა თანაგუნდელმა. - რას შვრება ეს კაცი... სად მიდის? ხომ არ დაავიწყდა პენალტი რომ აქვს დასარტყმელი?!
არა... ეროსი ისევ მიდის... აჰა... ოცდაოთხი ნაბიჯი გადადგა და მოულოდნელად შემობრუნდა ბურთისკენ. შემობრუნებასაც გააჩნია, ისეთი ჟინით გამოენთო ბურთისკენ, რომ ქუთაისელთა მეკარეს კინაღამ გაუსკდა გული. ეროსიმ ამ ხვანცალ-ხვანცალში მიაღწია ბურთამდე, დაარტყა და რა დაარტყააა! ფეხიდან გატყორცნილი ბურთი პირდაპირ კუთხურის ალმისკენ გაფრინდა. კუთხურის ალამთან მდგარ ფოტოკორესპონდენტს ოდნავ ასცდა. სასტვენი... მატჩი 4:4 დასრულდა.
ეროსის თავი არ აუწევია ისე დავტოვეთ მოედანი. არც ხმა ამოუღია, მაგრამ რომ ჩავიცვით და გამოვედით ქუჩაში მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა:
- არა, სოსო, არა... მე ამის შემდეგ ფეხბურთელს როგორ გავამტყუნებ! რა ვქენი, ეს, ა?!
მას შემდეგ სტადიონზე სათამაშოდ აღარც გამოსულა. მხოლოდ კომენტატორობით იოკებდა ფეხბურთისადმი მიდრეკილ ჟინს და ხვაშიადს“.