"საქართველოს რკინიგზაში" მხოლოდ სახელი და გვარები შეიცვალა, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა"

"გადმხდელთა და აუდიტორთა ასოციაციის" თავმჯდომარე და შპს "აუდიტ ესკორტის" დირექტორი მინდია ტაბაღუა მონოპოლიის გაუქმების მიზნით, შპს "საქართველოს რკინიგზის" შიდა ნორმატიული აქტში, კერძოდ "სატვითო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების” შესახებ, ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ტაბაღუამ "პირWელთან" საუბარში განაცხადა.

"2003 წელს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით დაიწყო ე.წ. "ბუნებრივი მონოპოლიების" ჩამოყალიბება. ერთი შეხედვით ყველაფერი კანონიერია და ვერავინ ვერაფერს დაგწამებს. აღნიშნულის ერთ-ერთი კარგი მაგალითია მონოპოლისტური გარემო, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტის სფეროში. საქმე იმაშია, რომ ყოველწლიურად სს "საქართველოს რკინიგზა" ამტკიცებს "სატვითო გადაზიდვების ტარიფებს და დამატებით საფასურებს". ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე დაწესებული იყო მინიმალური კვოტა – 500 000 ტონის მოცულობით, რაც იმას ნიშნავდა, რომ რკინიგზა ხელშეკრულებებს უფორმებდა იმ კომპანიებს, რომლებიც მოიტანდნენ გარანტიას წლის განმავლობაში 500 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების გადაზიდავაზე. 2003 წლის დასაწყისში ეს კვოტა 1 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო 2004 წლიდან კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 4 მლნ ტონამდე გაზარდეს. ანუ ფირმას უნდა მოეტანა გარანტია, რომ ის გადაზიდავდა 4 მლნ ტონა ნავთობპროდუქტს და ასევე წარმოედგინა 17-18 მლნ დოლარის ფულადი გარანტია პირველი დონის ბანკიდან. ხოლო თუ წლის განმავლობაში 4 მლნ ტონას ვერ გადაზიდავდნენ და თუნდაც 1 ტონა დაკლდებოდა აღნიშნულ მაჩვენებელს, ეს თანხა ეჭრებოდა მთლიანად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 8 მლნ ტონას შეადგენს. ანუ რა გამოვიდა? – გამოვიდა ის, რომ თუნდაც ორი კომპანია ერთდროულად ვერანაირად ვერ შეძლებდა საქმიანობას აღნიშნულ სფეროში მინიმალური გადაზიდვის ვალდებულების 4 მლნ ტონით განსაზღვრისა და რკინიგზის 8 მლნ ტონამდე გამტარუნარიანობის გამო. რკინიგზის შიდა ნორმატული აქტიდან გამომდინარე, მონოპოლისტი გახდა ერთ-ერთი კომპანია, კერძოდ "ჯორჯიან ტრანზიტი" (გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელთან ასოცირდება) და მისი შვილობილი კომპანიები, რომლებსაც წლების განმავლობაში უფორმდებოდა ხელშეკრულებები, ხოლო მათი კონკურენტი არ და ვერც გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე", - განაცხადა ტაბაღუამ. 

საინტერესოა ის გარემოება, რომ როგორც ტაბაღუამ აღნიშნა, რკნიგზის შიდა ნორმატიულ აქტში "სატვითო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების" შესახებ, ზემოაღნიშნული ცვლილებები განხორციელდა იმ პერიოდში, როცა შპს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილი იყო.

მინდია ტაბაღუას განცხადებით, რკინიგზაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას იმედი ჰქონდა, რომ კანონში ცვლილებებს შეიტანდნენ და აღნიშნულ ბაზარზე მანკიერი მონოპოლისტური გარემოს აღმოფხვრის მიზნით არსებულ კვოტას - 4 მლნ ტონიდან მინიმუმ 2 მლნ ტონამდე მაინც შეამცირებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

"ეტყობა ლობისტები თუ ლობისტი, მონოპოლისტებს ახალ ხელისუფლებაშიც არ აკლიათ. ანუ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ სახელი და გვარები შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა. რკინიგზის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა კანონის შეცვლა და ყველაფერი ძველებურად დარჩა – მონოპოლიური კანონი, რომელიც სხვა ფირმებს მუშაობის გზას უკეტავს, უცვლელი დარჩა. ჩვენი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ბინზესის განვითარება გვინდა, აუცილებელია, ცვლილებები. თუ ისევ ისე გაგრძელდა ყველაფერი, როგორც იყო, მაშინ სახელის და გვარების შეცვლას აზრი არ აქვს", - აღნიშნა ტაბაღუამ.

თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი კითხვებით "პირWელმა" სს "საქართველოს რკინიგზას" მიმართა და პასუხებს უახლოეს მომავალში ელოდება.