საკრებულოს წევრი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერიამ ყოფილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დიდი ნაწილი თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებში დაასაქმა. კერძოდ, შიხიაშვილის განცხადებით, თბილისის მერიამ 23 ოქტომბერს გამოსცა დადგენილებები, რომლებითაც აღნიშნულ შპს-ებს სამეთვალყურეო საბჭოები შეუქმნა და სწორედ ამ საბჭოს წევრებად დაინიშნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახეები და თითოეულ მათგანს 2500 ლარის ოდენობით ხელფასი აქვს დანიშნული.
ირაკლი შიხიაშვილის ინფორმაციით, შპს „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ლაშა მაქაცარია, დავით ჯანიაშვილი, კობა ხაბაზი, მამუკა სანებლიძე და ვლადიმერ ვარძელაშვილი. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებულები არიან გიორგი ასანიძე, კოკა სეფერთელაძე, ხათუნა ოჩიაური, გია როინიშვილი, ლაშა დამენია, ზაალ გამცემლიძე და რუსუდან კერვალიშვილი. შპს „თბილსერვისის ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოში არიან დავით იოსელიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახნელიძე, მამუკა ხერხეულიძე. დაბოლოს, შპს „ჰერმესის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან გოჩა კუპრავა, დავით დევდორაძე, გიორგი იმნაძე, ნუგზარ აბულაშვილი, ელდარ კვერნაძე, გიორგი აბესალაშვილი.
ყველა ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ირაკლი შიხიაშვილი კითხულობს, ხომ შეიძლებოდა მათ ადგილას ვინმე სპეციალისტი დაენიშნათ. აქვე საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ სამეთვალყურეო საბჭოში კიდევ ორი ადგილია დარჩენილი, მაგრამ იქაც სავარაუდოდ „ხალხისგან დაჩაგრულ“ პიროვნებას დანიშნავენ და ერთადერთი გამოცდილება, რაც ამ სამეთვალყურეო საბჭოების წევრებს გააჩნიათ, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, არის ხალხის და ქვეყნის საზიანოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგულება. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ აქამდე ეს საწარმოები სამეთვალყურეო საბჭოების გარეშე მუშაობდნენ, ხოლო მათი შექმნის გადაწყვეტილება სავარაუდოდ საწარმოების უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის უნდა ყოფილიყო მიღებული.
„იმ ადამიანებისგან, ვინც ამ სამეთვალყურეო საბჭოებში არიან დასაქმებულები, აბსოლუტურად ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ამიტომ ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ ეს საბჭოები სწორედ პარლამენტის თბილი სავარძლების გარეშე დარჩენილთათვის თავშესაფარს ჰგავს იმისათვის, რომ შემდეგ შსს-სთან, პროკურატურასთან, იუსტიციის და ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროებთან ვითომ პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანებისთვის ტრანსპარანტებით ანტურაჟი შექმნან“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
აქვე იგი ექსკლუზიურად for.ge-ს აწვდის ინფორმაციას, რომ სამეთვალყურეო საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გამოტანილ დადგენილებაში არის ერთი პარაგრაფი, რომელშიც წერია, რომ საბჭოს აქვს ერთი ვალდებულება - წელიწადში ერთხელ შეიკრიბოს. ეს კი, საკრებულოს დეპუტატის თქმით, ნიშნავს იმას, რომ ამ საბჭოების ეფექტურობა ნულის ტოლია, რადგან წელიწადში ერთხელ შეკრებით ისინი ამ საწარმოების მუშაობას ნამდვილად ვერ გააუმჯობესებენ. ამასთანავე, შიხიაშვილი ამბობს, რომ თუკი ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება ვინმეს ამ ადამიანებიდან არ ესიამოვნა, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც ამ თანამდებობეს დათანხმდნენ და უნდა სცოდნოდათ, რომ ეს მათ ავტორიტეტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა.
„აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტის ფულით ხდება. ისინი კი იძახიან, რომ სამეთვალყურეო საბჭოების წევრების ხელფასები საწარმოების თანხებით ნაზღაურდება, მაგრამ იმას არ ამბობენ, რომ ყველა მუნიციპალური საწარმო, რომელიც მერიის მიერ არის დაფუძნებული, წამგებიანია და თბილისის მერიის დატაციაზეა. მოსახლეობის ფულის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესანარჩუნებლად ასე მიზანმიმართულად ხარჯვა უზნეობად მიმაჩნია. ამასთანავე, საუბარია იმ პარტიის წევრებზე, რომლებსაც ხალხი ისედაც ზიზღით უყურებს და თავიანთი ამ ქმედებებით ხალხს კიდევ უფრო მეტად აჯავრებენ თავს“, - ამბობს შიხიაშვილი.
აქვე იგი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრებს აქამდე არ ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერს ევალება, რომ ამგვარ საკითხებზე (როდესაც თბილისის ბიუჯეტს რამდენიმე მილიონიანი ხარჯი ემატება) საკრებულოს წევრებთან შეთანხმებით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.
იგივე პრეტენზია აქვს გიგი უგულავასთან საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელები“ წევრს, მაკა გვარამიას. მისი თქმით, თბილისის მერი ვალდებული იყო ასეთი გადაწყვეტილების შესახებ საკრებულოს წევრები საქმის კურსში ჩაეყენებინა, მაგრამ უგულავა აგრძელებს მისთვის ჩვეულ პოზაში ყოფნას.
„გიგი უგულავა აგრძელებს მისთვის ჩვეულ პოზაში ყოფნას, როდესაც საკრებულოს არაფრად აგდებდა და ახლა საკრებულოს მიმართ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა. რაც შეეხება ამ ადამიანებს, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოებში დაასაქმეს, მათთან დაკავშირებით შემიძლია ის ვთქვა, რომ „ნაციონალები“ ცდილობენ, ასეთ ადამიანებს რაღაც ვითომ დასაქმება გამოუძებნონ, რათა კოლოსალური თანხები პენსიასავით ჰქონდეთ არაფრისთვის დანიშნული“, - აღნიშნავს მაკა გვარამია.
მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტის მუხლში „სხვა ხარჯები“ გაწერილი 110 მილიონი ლარი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ პარტიულ ინტერესებს ხმარდება და ამ ფონზე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ მერიამ ყვითელი მირკოავტობუსებით მგზავრობაზე დაწესებული შეღავათები გაუუქმა.
„ამ თანხებით ეს ვიგინდარა ადამიანები თბილად და ბედნიერად ცხოვრებას აგრძელებენ“, - აცხადებს გვარამია.
აღსანიშნავია, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სამეთვალყურეო საბჭოებში მათ დასაქმებას ადასტურებენ. კერძოდ, რუსუდან კერვალიშვილის თქმით, იგი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გენდერულ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხათუნა ოჩიაური კი აცხადებს, რომ ამავე კომპანიაში ურბანულ საკითხებზე მუშაობს, რადგან არქიტექტორია და მისი თქმით, ტრანპორტის საკითს არქიტექტორები და ურბანისტები წყვეტენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ისეთი ადამიანები დაასაქმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ სამეთვალყურეო საბჭოებში, რომლებმაც არაფრის კეთება იციან.
„მაგალითად ქალბატონი კერვალიშვილი იყო ვიცე-სპიკერი, პარლამენტის წევრი აღარ არის და სადმე ხომ უნდა დაესაქმებინათ? მანამდე რა საქმიანობასაც ეწეოდა, მოგეხსენებათ, სასამართლოშია ეს საქმეები და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მის ქველმოქმედებას და მშენებლობას ესეც ყველამ ვიცით. ამიტომ მე არაფერი მიკვირს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
მისი თქმით, დადგება დრო და ამ ფაქტს სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა, რადგან სავარაუდოდ ყველაფერი ასე მარტივად არ არის და კანონის ფარგლებშიც არ ჯდება.
„მე ვიცი, რომ გენდერული საკითხი ზოგადად აღელვებს ტრანსპორტს, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ დაცინვაა, მაგრამ აქ გასაკვირიც არაფერია. მე უბრალოდ მიჩნდება კითხვა, რა გენდერული საკითხები იცის ამ ქალბატონმა, ამაზე მაინც თუ დაისვა კითხვა? იქ რომ გენდერი საჭირო არ არის, ეს გასაგებია, მაგრამ თვითონ რა იცის ამ საკითხზე, უსწავლია ამაზე რამე თუ რა? არის ერთი „წარმატებული“ ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოში სამშენებლო ბიზნესი დააქცია. ეს მილიონერი ქალი ასე სამარცხვინოდ რომ არ მოიქცეს და კიდევ ხალხის ფულს რომ არ დააჯდეს, არ შეიძლება?“, - სვამს კითხვას დეპუტატი.
რაც შეეხება ხათუნა ოჩიაურს, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ოჩიაური ახლა ზუსტად იმ ადგილას არის, სადაც აქამდე უნდა ყოფილიყო.
„ეს თუ იყო მათ ოცნება, რას იკლავდნენ თავს იმაზე, რაც არ იცოდნენ? წასულიყვნენ თავიდანვე ტრანსპორტში. კი ბატონო, ქალბატონი ოჩიაური ახლა ზუსტად თავის ადგილზეა. ეს ადამიანები თავის ადგილზე არ იყვნენ მაშინ, როდესაც პარლამენტში ისხდნენ და რაღაცეებს წყვეტდნენ. უბრალოდ, ახლა სადაც არიან, გაირკვევა, შემთხვევით კანონს ხომ არ არღვევენ და შემთხვევით ზედმეტს ხომ არ ჭამენ სხვის ფულს. ისე ზოგადად სამარხცვინოა, მერიის სამადლო და შესანახები რომ გახდნენ“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.