პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის დაიხარჯება. სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ უკვე შეირჩა პრეზიდენტის მილიონის ორი „ღირსეული“ მხარჯველი. სუბსიდიას გია ნოდიას „კავკასიური ინსტიტუტი“ და ნინო დარასელის „ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი“ აითვისებენ.
ჯერ უცნობია, რა ტიპის მედიაპროდუქტს შექმნიან, ან სად და რა ფორმით გამოაქვეყნებენ ამ პროდუქტს კონკურსში გამარჯვებულები, მხოლოდ „გონივრული ეჭვით“ შეიძლება განჭვრეტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უსარგებლო საქმეს არ მოხმარდება.
სარეზერვო ფონდი, როგორც წესი, უბედური შემთხვევებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულებებს ხმარდება. ჟურნალისტიკის სფეროში სტიქიური უბედურებები კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძნელი წარმოსადგენია.
მაინც რა საფრთხე იგრძნო პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედიაში? ან, რა ზიანის შემცირებას ცდილობს ის საჯაროდ და „გამჭვირვალედ“ გაღებული მილიონი ლარით?
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტრომ“ საინფორმაციო მაუწყებლობა განავითარა და მედიაბაზარზე „მეცხრე არხი“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ გაჩნდა, ქართველ საზოგადოებას ალტერნატიული ინფორმაციის წყარო ბეჭდური მედიის გარდა ელექტრონული მედიის სახითაც გაუჩნდა.
ალტერნატიული ინფორმაცია მნიშვნელოვნად დაეხმარა საზოგადოებას გასულ შემოდგომაზე გადაწყვეტილების მიღებაში. ალტერნატიულ ინფორმაციას, ანუ ხალხზე დღედაღამ მზრუნველი და „მშენებელი“ ხელისუფლების კრიტიკას მაშინ საზოგადოების შინაგანი პროტესტიც ამყარებდა - სახელისუფლებო ტელევიზიებით ნაჩვენები კეთილდღეობა საზოგადოების უმეტესობის სოციალურად შეჭირვებული რეალობისგან დიდად განსხვავდებოდა. ამიტომაც იყო პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგი ისეთი, როგორიც იყო.
პირველი ოქტომბრის შემდეგ ტელერეკლამების დამკვეთებმაც „უცნაური“ გადაწყვეტილებები მიიღეს. ბევრი ახალი რეკლამა გაჩნდა „მაესტროსა“ და „მეცხრე არხზე“. ხელისუფლებასთან გაიგივებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტ მედისაშუალებებს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტები გამოუჩნდა. ასეთ სიტუაციაში კი პრეზიდენტის პარტიას გავლენიანი მედიასუბიექტების შენარჩუნება და მომგებიანი პოლიტიკური თამაში კიდევ უფრო გაუჭირდება. ამიტომ, ერთგვარი გამოსავალი დემოკრატიისა და მედიის განვითარების სახელით გამოყოფილი ფინანსური ინექცია გახდა.
რადგან ჯერ არ ვიცით, რა ტიპის პროდუქტის შექმნას მოხმარდება ჟურნალისტიკის განვითარების საბაბით გამოყოფილი მილიონი ლარი, ძნელია იმის მტკიცება, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას. თუმცა, ერთი რამ ცხადია - ნოდიასა და დარასელის ინსტიტუტებს რამდენიმე თვეში, ანუ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა გაუჭირდებათ.
მით უმეტეს, გაუჭირდებათ ეს უფრო მოკლე პერიოდში - პრეზიდენტის მიერ ნახსენებ აპრილამდე, ანუ იმ დრომდე, როცა სააკაშვილი და მისი გუნდი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების ვადამდე გასტუმრებაზე ფიქრობს.
ისე კი, მედიას რომ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე, ფაქტია, და ეს 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, დღეს უკვე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა სხვებზე უკეთ იცის.
დრო აჩვენებს, რამდენად განავითარებს ქვეყანაში დემოკრატიას მილიონიანი მედიაპროექტი. ერთ წელზე ნაკლებ დროში გაირკვევა ისიც, შეძლებს თუ არა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ძლიერ იარაღად მედიის გამოყენებას.