ანტიმონოპოლიური სამსახურის ამოქმედებამდე მაქსიმუმ 3 თვე დარჩა. ახალი სააგენტო პირველ ეტაპზე მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს, შემდეგ კი, იგი სხვა ფუნქციებსაც შეიძენს.
ახალი ანტიმონოპოლიური სამსახური 2013 წლის გაზაფხულზე ამუშავებდება, სავარადოდ, მარტ-აპრილში. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ გრძელდება კარტელური შეთანხმებები, რისი აღმოფხვრისთვისაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„შექმნილია კომპლექსური ჯგუფი, სადაც მთავრობისა და პარლამენტის წევრების გარდა, ბიზნესის წარმომადგენლებიც შედიან. ჯგუფის მიერ დამუშავდება ის პრინციპები, რომელსაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაეფუძნება“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
მისი განმარტებით, კონკურენციის სააგენტო პირველ ეტაპზე მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების დაშლაზე და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს.
„ეს არ იქნება არსებული ბიზნესების წინააღმდეგ მიმართული ინსტიტუტი, ეს იქნება ბაზრის გახსნაზე ორიენტირებული ორგანო. შემდეგ ეტაპზე, სააგენტოს მუშაობას პრევენციის ხასიათი ექნება“, - განმარტავს კვირიკაშვილი.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაზაფხულზე ამოქმედდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საკანონმდებლო ორგანოში. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მასში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, ასევე შესაბამისი კომიტეტები არიან ჩართულნი.
დეპუტატის თქმით, კანონპროექტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილება და დამტკიცების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიური სამსახური გაზაფხულიდანვე შეუდგება მუშაობას. არსებული ინფორმაციით, სააგენტო პირველ ეტაპზე მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს.
ჯერჯერობით კი, სხვა რომ არაფერი მოესწრო, ეკონომიკის სამინისტროში ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი ამოქმედდა, სწორედ მათთვის, ვინც სხვადასხვა კარტელური შეთანხმების გამო ვერ ახერხებს ბაზარზე შემოსვლასა და საქმიანობას.
ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი 25 დეკემბრიდან მუშაობს და ამ მოკლე პერიოდშიც კი ყოველდღიურად ცხელ ხაზზე ათეულობით ზარი შედის. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტოს შექმნამდე ბიზნესმენების მხარდასაჭერად სამინისტროში, მინისტრის ხელმძღვანელობით, ჯგუფი იმუშავებს.
როგორც ჩანს, ბაზარზე კარტელური ურთიერთობებისა და მონოპოლიების მოშლა სწრაფად ვერ მოხერხდება.
„სამწუხაროდ, მონოპოლიურ ეკონომიკას დიდი ინერცია აქვს, ჩვენი მიზანია, უმოკლეს დროში დავძლიოთ ეს ინერცია და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება მოვახერხოთ. ვიდრე დღეს არსებული კარტელური ურთიერთობები არ მოშლილა და არ შექმნილა კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქმე ეხება არა კომპანიებისთვის ფინანსურ დახმარებას, არამედ საუბარია იმ ბიზნესმენების მხარდაჭერაზე, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ფინანსური წყარო, ან საბანკო რესურსი და სურვილი აქვთ, საქმიანობა კანონიერი გზით დაიწყონ ან განაახლონ“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.