„ინტერ რაოსთვის“ შემცირებული ტარიფიც ძალიან ხელსაყრელია

„ინტერ რაოსთვის“ შემცირებული ტარიფიც ძალიან ხელსაყრელია

ელექტრონერეგიის ტარიფი სულ რამდენიმე დღეა შემცირდა და უკვე დაიწყო საუბარი „ინტერ რაოსთან“ გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ამის ინიციატორი კი თავად რუსული კომპანიაა. როგორც ჩანს, „ინტერ რაოსთვის“ შემცირებული ტარიფიც ძალიან ხელსაყრელია, ამიტომ აქტიურობას თავად იჩენს.

რუსული ენერგოჰოლდინგი „ინტერ რაო“ მზად არის თბილისს ელექტროენერგიაზე მოქმედი დროებითი ფასდაკლების ნაცვლად, გრძელვადიანი პერსპექტიული თანამშრომლობა შესთავაზოს.

„შეთავაზება რუსული ჰოლდინგის მიერ კონტროლირებადი „თელასის“ შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, რადგანაც კომპანიის ამონაგების სტრუქტურაში აბონენტების გადასახადი ნახევარს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, „ინტერ რაო“ საინვესტიციო პროგრამის შემცირებას არ გეგმავს და შემცირებული შემოსავლების კომპენსირების მექანიზმის ამუშავება მოუწევს“, - აღნიშნულია რუსული „კომერსანტის“ სტატიაში.

„თელასმა“, რომელიც „ინტერ რაო ეესის“ კონტროლირებადი კომპანიაა, ოფიციალურ თბილისს ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევის კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა. რა იქნება 3 თვის შემდეგ, როდესაც ხანმოკლე შეთანხმების პერიოდი დასრულდება, ჯერ არავინ იცის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი „კომერსანტის“ სტატიას სწრაფად გამოეხმაურა. მისი აზრით, ეს „ინტერ რაოსგან“ არის არა შემოთავაზება, არამედ იმ მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს სამთვიანი ვადა არის გარდამავალი მემორანდუმები, ყოველგვარი პირობების გარეშე, რომელსაც მოჰყვება უკვე გრძელვადიანი მემორანდუმები 25 წლამდე, სადაც დაფიქსირებული იქნება ტარიფების დაწევა. ასე რომ, სტატიაში შემოთავაზებაა ნახსენები, თუმცა, რეალურად, ეს არის ჩვენი მიღწეული შეთანხმების გაგრძელება „ინტერ რაოს“ მხრიდან“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რის საფუძველზეც ხდება ტარიფების შემცირება. ეს არ არის ის, რასაც მთავრობის ოპონენტები ამბობენ, ანუ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება.

„საინვესტიციო ვალდებულებები იგულისხმება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ახალი გენერაციის ობიექტების შემოყვანას ჩვენს სისტემაში. რაც შეეხება კომპანიის ოპერირებას, აქ, ბუნებრივია, რომ შემცირდება მათი შემოსავალი. თუკი შემოსავალი მცირდება, შესაბამისად, მცირდება მათი მოგებაც, ესეც თავისთავად პროპორციული და ბუნებრივი მოვლენაა.

ჩვენი ძირითადი მოლაპარაკებები და სავაჭრო თემა იყო ის რეინვესტიციები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გათვალისწინებული ამ დიდი ტარიფის და დიდი მოგების შემთხვევაში რომ უნდა ჩაებრუნებინა ქსელში. სწორედ ახლა ვსწავლობთ ამ რეინვესტიციებს. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ეს რეინვესტიციები არ არის დასაბუთებული, არის ძალიან ბევრი, არ სჭირდება ქსელს ამდენი რეინვესტიცია და, შესაბამისად, მას სავარაუდოდ შევამცირებთ“, - განაცხადა ელოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ძირითადი შეთანხმება მიღწეულია, თუმცა წინასწარ მაინც აიღებულია 3 თვე, რადგან გაირკვეს არის თუ არა შესაძლებლობა ტარიფი კიდევ შემცირდეს ისე, რომ კომპანია არ დაზარალდეს.

„ჩვენ არ ვეძებთ რეზერვს თანამშრომლების შემცირებაში ან მათ ხელფასებში, თუმცა კონკრეტული პირების ხელფასების საკითხს, ძალიან მაღალ მენეჯერულ დონეზე, შეიძლება გადავხედოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამე შევუმციროთ, უბრალოდ, გადავხედავთ, რამდენად გონივრულია ეს ხელფასები“, - დასძინა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.